ფეხბურთი

23:53 | 17.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგას” დისკვალიფიკაციის ვადის მომატება აღარ ემუქრება

“მალაგას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ანდალუსიური გუნდი UEFA-სგან დისკვალიფიკაციის ერთი წლით გახანგრძლივებას გადაურჩა.

როგორც ცნობილია, “მალაგას” ევროტურნირებზე ერთწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ კლუბს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება ჰქონდა. გარდა ამისა, UEFA-ს მიერ არსებობდა დათქმა, რომლის თანახმადაც, თუ “მალაგა” 2013 წლის 31 მარტამდე დავალიანებას სრულად არ დაფარავდა, დისკვალიფიკაციას კიდევ ერთი წელი დაემატებოდა.

როგორც გაირკვა, “მალაგამ” ფინანსური პრობლემები მოაგვარა, შედეგები UEFA-მ შეამოწმა და დაადასტურა, რომ ანდალუსიელებს დისკვალიფიკაციის მომატება აღარ ემუქრებათ.

არც ისაა გამორიცხული, “მალაგას” დისკვალიფიკაცია სრულად რომ მოეხსნას. როგორც ცნობილია, ესპანელებს UEFA-ს გადაწყვეტილება სპორტულ არბიტრაჟში აქვთ გასაჩივრებული.

თეგებიმალაგა
0.122604