ფეხბურთი

17:51 | 10.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგა” კრეიგ ტომსონს UEFA-ში უჩივლებს

ესპანურ “მალაგას”, ჩემპიონთა ლიგაზე, ანდალუსიურ გუნდსა და გერმანულ “დორტმუნდს” შორის გამართული მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადის წინააღმდეგ UEFA-ში ოფიციალური საჩივარი შეაქვს. აღნიშნულ განცხადებას “მალაგას” გენერალური დირექტორი ვისენტე კასადო აკეთებს.

“აღშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ უსამართლობის მსხვერპლნი გავხდით. ამიტომ, ვაპირებთ, UEFA-ს ოფიციალური საჩივრით მივმართოთ. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მსაჯობა ისეთი დონის არაა, როგორც თავად ტურნირი, გუნდები და ფეხბურთელები. ჩვენი და “დორტმუნდის” გულშემატკივრები ასეთ მსაჯობას არ იმსახურებდნენ.

ჩვენი საჩივარი მიმართული იქნება პირდაპირ მსაჯების და არა UEFA-ს წინააღმდეგ.  ჩემპიონთა ლიგა ელიტური ტურნირია, რომელსაც ელიტური არბიტრები უნდა ემსახურებოდნენ.” – ციტირებს კასადოს სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდსა” და “მალაგას” შორის გამართული შეხვედრის მე-3 დამატებულ წუთზე, მასპინძლებმა გოლი აშკარად თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს და ამის შედეგად, ისინი 1/2-ფინალში გავიდნენ. თუმცა, კასადოს ავიწყდება, რომ ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან მისმა გუნდმაც გაიტანა.

ცოტა ხნის წინათ, ესპანური გუნდის მხრიდან ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის მატჩის მსაჯების მიმართ საჩივრის შეტანას ადგილი უკვე ჰქონდა. “ბარსამ” ვოლფგანკ შტარკს უჩივლა. ესპანური პრესის ცნობით, UEFA-მ გერმანელი დასაჯა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ ადასტურებს.

0.118561