ავტოსპორტი

4:16 | 21.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ ჩინეთში ორ პიტ სტოპს გეგმავდა

 

 

დღეს ყველამ იცის, რომ ჩინეთში „მაკლარენმა“ და ლუის ჰამილტონმა, „რედ ბულისა“ და სებასტიან ფეტელის ტანდემი სამ პიტსტოპიანი სტრატეგიის წყალობით დაამარცხეს. მაგრამ როგორც ირკვევა, რბოლის წინ, ბოქსში მხოლოდ ორჯერ შესვლა მათაც ჰქონიათ დაგეგმილი.

ჰამილტონმა ამ სეზონში პირველი გამარჯვება იმის წყალობით მოიპოვა, რომ ბოქსში მესამე ვიზიტის შემდეგ, მისი საბურავები ფეტელისაზე უკეთეს მდგომარეობაში იყო. სწორედ ამით ისარგებლა და გერმანელს, რომელიც ბოქსში მხოლოდ ორჯერ შევიდა, ფინიშამდე ხუთიოდ წრით ადრე გაასწრო.

„მაკლარენის“ მთავარი სარბოლი ინჟინერი ფილ პრიუ ამბობს, რომ მან ჰამილტონსაც და ჯენსონ ბატონსაც ბოქსში ორ-ორი ვიზიტი დაუგეგმა. თუმცა რბოლის დროს გაირკვა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ რეზინს მესამედაც შეცვლიდნენ.

„წინ ბევრი მანძილი იყო გასავლელი. და ვიფიქრეთ, რომ კარგს ვიზამდით, თუ ტაქტიკას შევცვლიდით. ჩვენ სწრაფად გავაკეთეთ ანალიზი და ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბიჭებს მესამედაც შემოვიყვანდით. ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი რეზინით ისინი უფრო სწრაფები იქნებოდნენ. ამაში თავად ლუისი და ჯენსონიც დაგვეთანხმნენ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საბურავების კიდევ ერთხელ შეცვლით, ბიჭები უფრო სწრაფად ივლიდნენ“ - ამბობს პრიუ და დასძენს, რომ როცა მესამე პიტ სტოპის გადაწყვეტილება მიიღეს, დარწმუნებულებიც არ იყვნენ იმაში, რომ ორი სტოპის შემთხვევაში, საბურავები ფინიშამდე გაძლებდა.

გუნდის შეფმა მარტინ უიტმარშმა განცხადა, რომ პირველი პიტ სტოპის დროს, ბატონის მიერ დაშვებული შეცდომა პილოტს გაცილებით ძვირად დაუჯდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი „რედ ბულის“ ბოქსის წინ გაჩერდა. უფრო მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ორივე პილოტი ერთი წრით ადრე უნდა გაჩერებულიყო. მაგრამ რამდენადაც თავიდან ბოქსში მხოლოდ ორჯერ შესვლა იგეგმებოდა, პირველი პიტი ერთი წრით გადაიდო, რამაც ორივეს დრო დააკარგვინა.

„პირველი პიტ სტოპის წინ, პირველი ორი პოზიცია გვეკავა, ტრასაზე დაბრუნების შემდეგ კი მეხუთე და მეექვსე ადგილებზე აღმოვჩნდით. ეს ფაქტი შემდეგში ანალიზის დროს გამოვიყენეთ, რომელმაც გვიკარნახა, რომ რეზინის მესამედ შეცვლა აუცილბელი იყო. ჯენსონს შეცდომა მინიმუმ ორი წამის ფასად დაუჯდა, დაახლოებით ამდენივე დაკარგა იმის გამო, რომ ბოქსში ერთი წრით ადრე არ შემოვიდა. იგივე ითქმის ლუისზეც. იმ განსხვავებით, რომ მას შეცდომა არ დაუშვია. თუმცა ამის გამო, მას მასამ გაასწრო“ - ამბობს უიტმარში.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

0.167603