რაგბი

13:56 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძის ლელო, კვირიკაშვილის 2 და მალაღურაძის 14 ქულა

საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევარდპროფესიულ “federal 1”-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. უკვე ცნობილია, რომ Pro D2-ში გადასასვლელ პლეი ოფში ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი ითამაშებს - სამის ვინაობა უკვე ცნობილია, მეოთხე კი, მესამე ჯგუფში, დასკვნითი ტურის შემდეგ გაირკვევა. აქ პლეი იფის საგზურისთვის ჩვენებურთა ორი გუნდი იბრძვის და მინიმუმ ერთი მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

პირველი ჯგუფიდან პლეი ოფში “მასი” და “ნევერი” ითამაშებენ. მათ ამის უფლება აქამდეც განაღდებული ჰქონდათ და ახლა საბოლოო ადგილის დასაკავებლად იბრძვიან, რათა პლეი ოფის პირველ ეტაპზე შედარებით იოლ მეტოქესთან მოუწიოთ თამაში. ჯგუფში პირველი ადგილი უკვე დაიბევა დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”, რომელმაც “კოგნასი” სტუმრად 31:21 დაამარცხა.

განვლილ მატჩში სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა - ყუფარაძე სრულად გაისარჯა, სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის შესვენებისას აშვეთიამ შეცვალა. სტუმრები თავიდანვე დაუფლნენ უპირატესობას, ტაიმი 21:8 მოიგეს, მეორე ტაიმში ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ ბოლოს ერთი თავადაც მიიღეს და პრემიალური ქულა ვერ აიღეს (4:2 ლელოებით). მიუხედავად ამისა, “მასი” 69 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევრებს 7 ქულას უგებს და ამის აღმოფხვრა ერთ მატჩში შეუძლებელია.

ნოდარ ჭეიშვილის “ნევერმა” შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენი” 38:7 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ საყვარელიძემ ითამაშა და მოედანზე 59 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ “ნევერი” 38:0 იგებდა და ერთი ლელო ბოლოსღა გაუშვა. ამ გუნდს “ლილის” მსგავსად 62 ქულა აქვს, მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა. დასკვნით ტურში “ნევერი” სტუმრად უმოტივაციო “ბობინს” ეთამაშება, “ლილს” “მასთან” უწევს სტუმრად თამაში და შესაძლოა, ჭეიშვილის გუნდმა მეტოქის გადასწრება მოახერხოს. “სენ-ჟენი” 22 ქულით ბოლოსწინა მე-9-ე ადგილზეა.

პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერმა”, რომელიც “ლილთან” 13:36 დამარცხდა. ქართველი მეორეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 35 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა, საპლეიოფო მეოთხე საფეხურს 7 ქულით ჩამორჩება და დასკვნითი ტურის წინ წინსვლის შანსი აღარ შერჩა.

თემურ გელანტიას, რევაზ გიგაურისა და ლევან მოდებაძის “მონლიუსონმა” “ბობინი” 38:14 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 28 ქულით მე-8-ე პოზიციაზეა. გიგაურმა შეცვლაზე 67-ე, ხოლო გელანტიამ 78-ე წუთიდან ითამაშა. აღსანიშნავია, რომ “მონლიუსონმა” პრემიის მომტანი მეხუთე ლელო ბოლო წუთზე გაიტანა (ლელოებით 5:2).

17 ქულით ბოლო ადგილზეა ირაკლი ნინიძის “დიჟონი”, რომელიც “ვანთან” 7:23 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს სტუმრები 7:10 აგებდნენ, მაგრამ დასკვნით 20 წუთში 13 უპასუხო ქულა მიიღეს.

მეორე ჯგუფში ავთო კოპალიანის “მაკონი” შინ 18:24 დამარცხდა “ექს-ან-პროვანსთან”. ეს ამ გუნდის ზედიზედ მეორე მარცხია, თუმცა, ორივე შემთხვევაში პრემიალური ქულა რომ აიღო, პლეი ოფში თამაშის უფლება საბოლოოდ დაიბევა. გასარკვევი მხოლოდ ისაა, საბოლოოდ რომელ ადგილს დაიკავებს, რომელიც ამჟამად 54 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ მეოთხე ადგილოსანს 4 ქულას უგებს და პლეი ოფის პირველ ეტაპზე შედარებით სუსტ გუნდთან სათამაშოდ, ბოლო ტურში გამარჯვება მართებს. განვლილ მატჩში კოპალიანმა პირველიდან მე-60-ე წუთამდე ითამაშა.

მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” “რომანთან” 7:26 დამარცხდა და 21 ქულით ბოლოსწინა მე-9-ე ადგილზეა. პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო, კვირიკაშვილმა ფულბეკად სრულად ითამაშა და 51-ე წუთზე გატანილი ლელოს შემდეგ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. “ობნასთან” 7:54 დამარცხდა გიორგი კუთარაშვილის “ანესი” და 9 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა. ქართველმა ლეგიონერმა შეცვლაზე მეორე ტაიმი ითამაშა.

“ლა სენთან” 10:19 დამარცხდა საბა ქართველიშვილის “ჩამბერი” და პლეი ოფში გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ საკუთარ გუნდს ვერაფერი უშველა. “ჩამბერმა” პრემიალური ქულა ჩაიწერა და 44 ქულით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ მეოთხეზე მყოფ “ლა სენს” 6 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც ერთ ტურში შეუძლებელია.

გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე “ლა ვულტი” 31:19 დაამარცხა და 33 ქულით მერვე საფეხურზეა.

მესამე ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანსი თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგოს” და ტარიელ დონაძის “როდეზს” აქვთ. განვლილ ტურში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ და “როდეზმა” სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 21:19. დონაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51 წუთი ითამაშა, გაბელია თამაშში 50-ე, ხოლო ზიბზიბაძე 54-ე წუთიდან ჩაერთო.

თამაში დაძაბული გამოდგა. “პერიგომ” პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა, გარდასახვები ვერ გამოიყენა, მაგრამ ერთხელ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და 13:6 დაწინაურდა. მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, დარჩენილ დროში კი, “როდეზმა” კიდევ სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ახლა 41 ქულით მეხუთე ადგილზეა. “პერიგომ” პრემიალური ქულა ჩაიწერა, ჯამში 42 გაუხდა და მესამე ადგილზეა. ის დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს “სენტ-ჟან-დე-ლუზის”. დასკვნით ტურში “როდეზე” სწორედ ამ გუნდს მასპინძლობს, “პერიგო” კი, სტუმრად ლიდერ “მონტობანს” ეთამაშება, რომელმაც განვლილი 17-ივე მატჩი მოიგო.

ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაი” “ლავურთან” სტუმრად 10:20 დამარცხდა, 17 ქულით ბოლო ადგილზეა და წინსვლის შანსი აღარ შერჩა. გიორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე სავარაუდოდ ტრავმის გამო შეცვალეს.

მეოთხე ჯგუფში ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის, ბექა ურჯუკაშვილისა და ლადო გუნიავას “ბანიერმა” ჯგუფის ლიდერი “ტიროსი” 24:13 დაამარცხა, მაგრამ ამით მისთვის არაფერი შეცვლილა. ქართველთა გუნდი 41 ქულით მეექვსე ადგილზეა, საპლეიოფო ზონას 7 ქულა აშორებს და იქ მოხვედრის შანსი აღარ შერჩა. სამაგიეროდ, თავად ლეგიონერებისთვის ეს თამაში წარმატებული აღმოჩნდა. მაისურაძემ მე-13-ე წუთზე ლელო გაიტანა, მალაღურაძემ კი, ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვის გარდა, კიდევ 4 ჯარიმა გაიტანა.

მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო” “ვალანსთან” 3:39 დამარცხდა. გაჩეჩილაძე მესამე ხაზში სასტარტო შემადგენლობაში იყო და საათის თავზე შეცვალეს. მისი გუნდი 21 ქულით ბოლოსწინა მეცხრე ადგილზეა. “federal 1”-ის რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური 6 აპრილს გაიმართება.

0.127089