ფეხბურთი

14:07 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენი: “საკუთარი საფეხბურთო კარიერით ვამაყობ”

 “ვარსკვლავბიჭუნად” მონათლულმა მაიკლ ოუენმა აქტიური საფეხბურთო კარიერა გასული სეზონის მიწურულს დაასრულა. ჩესტერში დაბადებული ფორვარდი 16 წლის ასაკში “ლივერპულში” ჩაირიცხა და მალევე მიიპყრო გულშემატკივართა ყურადღება. მან მსოფლიოს 1998 წლის მუნდიალზე გაიბრწყინა, 2001 წელს კი ენფილდელებმა ერთბაშად 5 თასი მოიხვეჭეს და ოუენი პლანეტის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მაიკლს პლანეტის ყველაზე ტიტულოვან კლუბებში, “ლივერპულში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალში” უთამაშია და სანაკრებო კარიერის გათვალისწინებითაც, პროფესიული კარიერის განმავლობაში 200 გოლზე მეტი აქვს გატანილი. სამწუხაროდ, ოუენს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება გაუთავებელმა ტრავმებმა არ მისცა და ამიერიდან მის ფეხბურთელობაზე წარსულ დროში მოგვიწევს საუბარი.

 - ორიოდე თვის წინ საფეხბურთო კარიერა დაასრულეთ. უფეხბურთოდ ცხოვრება არ გიჭირთ?

- მიჭირს, როგორ არა, მაგრამ მე მგონი ჯერჯერობით კარგად გააზრებული არ მაქვს, რამხელა ცვლილება მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ყველაზე მეტად აგვისტოს დადგომის “მეშინია”, როდესაც პრემიერლიგის მორიგი გათამაშება აიღებს სტარტს და მე კი იმის მაგივრად, რომ ბაზაზე ვიყო ან მატჩისთვის ვემზადებოდე, შინ ვიქნები. ცხადია, საიმისო თადარიგი დაჭერილი მქონდა, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, აქტიურ საფეხბურთო კარიერას დავემშვიდობებოდი, მაგრამ მაინც ძნელია იმის გაფიქრება, რომ მინდორზე სათამაშოდ გასვლა აღარ მომიწევს.

- თითქმის 20 წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი სიამოვნება რომელმა პერიოდმა მოგანიჭათ?

- ამ კითხვას ხშირად მისვამენ და ჩემ ყველაზე დიდ მიღწევას იმას ვთვლი, რომ 15 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი. თინეიჯერი ვიყავი, როდესაც “ლივერპულის” ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ვითვლებოდი, 32 წლისა კი “მანჩესტერ იუნაიტედში” ვასპარეზობდი. საკუთარი საფეხბურთო კარიერით ვამაყობ. აქ საქმე მარტო ჩემ გამოსვლაში არაა. უპირველესად კლუბებთან ერთად მოპოვებულ ტიტულებს ვგულისხმობ. 2001 წელს “ლივერპულთან” ერთად ერთდროულად 5 თასი (უეფას, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის და ლიგის თასები, ევროპის და ინგლისის სუპერთასები) მოვიგე, “მანჩესტერის” რიგებში გამოსვლისას კი პრემიერლიგის ჩემპიონი გავხდი. დაუვიწყარია სანაკრებო კარიერაც. განსაკუთრებით გამოსაყოფი საფრანგეთის 1998 წლის მუნდიალზე გამოსვლა და ოდნავ მოგვიანებით, გერმანიის ეროვნული გუნდის კარში გატანილი 3 გოლია. მითამაშია მადრიდის “რეალში”, “ნიუკასლსა” და “სტოკ სიტიშიც”, ყველაზე კარგად კი მაინც “ლივერპულსა” და ინგლისის ნაკრებში გამოსვლა დამამახსოვრდა.

- გული რაზე გწყდებათ? რაზე ოცნებობდით და სპორტული კარიერის ბოლომდე ვერ აღასრულეთ?

- ღრმად მწამს, ტრავმებს რომ არ გავეწვალებინე, გაცილებით მეტს მივაღწევდი. ძალიან მინდოდა ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გავმხდარიყავი და რომ არა გაუთავებელი დაზიანებები, ბობი ჩარლტონისა და და გარი ლინეკერის შედეგს გავაუმჯობესებდი. მანჩესტერის ლეგენდამ ეროვნულ გუნდში 49-ჯერ გამოიჩინა თავი, ლინეკერმა 48-ჯერ, მე კი საბოლოოდ 40 ბურთი დამიგროვდა. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ კარიერას თვალს გადაავლებს, აუხდენელ მიზანს აუცილებლად ახსენებს. გამონაკლისი არც მე გახლავართ, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ მთლიანობაში წარმატებული საფეხბურთო კარიერა მქონდა. იდეალური დასასრული არ მქონია, ბოლო სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩავატარე “სტოკ სიტის” შემადგენლობაში, მაგრამ არასდროს დამავიწყდება სეზონის დასკვნითი შეხვედრა, როდესაც “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ ვითამაშე და სტოკელ ფანთაგან უდიდესი სიყვარული, თანადგომა და მხარდაჭერა ვიგრძენი.

- ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას მრავალმხრივი ინტერესი გქონდათ. ახლა გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გექნებათ და რომელი სფეროსკენ გადაიხრებით?

- ძირითადად 2 ნაწილად “გავიხლიჩები”. სამენეჯერო საქმე და მედია-სამუშაო იქნება უახლოეს პერიოდში ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ორივე საქმე ძალიან მომწონს. შეძლებისდაგვარად, არ მოვწყდები ცხენოსნობასაც და მსურს მეტი დრო გავატარო საჯინიბოში. და ბოლოს, ოჯახი. მეუღლე და 4 შვილი მყავს. ვფიქრობ, აქამდე მათ სათანადო დროს ვერ ვუთმობდი და ამ ხარვეზს აუცილებლად აღმოვფხვრი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114897