პლანეტის რეიტინგსიის პირველ საფეხურზე მყოფ სერენა უილიამსს მაიამის ტურნირის მერვედფინალში სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას (23) დასამარცხებლად 3 სეტი დასჭირდა. უმცროსმა უილიამსმა ციბულკოვასთან პირველი პარტია პირწმინდად დათმო 2:6, შემდეგ კი ძალ-ღონე მოიკრიბა, მაქსიმალური კონცენტრირებით ითამაშა, 6:4, 6:2 იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. სერენამ 6 ბრეიკი, 14 ეისი განახორციელა და ციბულკოვასთან ურთიერთშეხვედრათა ბალანსი 2:0 გახადა.
“მატჩის დასაწყისში გარკვეული სახის ფსიქოლოგიური სირთულეები მქონდა. სასტარტო სეტში მოწინააღმდეგე ბრწყინვალედ თამაშობდა, მე კი ზოამზე მეტ შეცდომას ვუშვებდი. ძალიან დამეხმარა მაყურებელთა მხარდაჭერა. მათი ენერგია მეც გადმომეცა და დამაჯერებლობა შემძინა. ისე კი, არცც კორტზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში არასდროს ვნებდები სირთულეებს და ამჯერადაც ასე მოხდა. საბოლოოდ საკუთარ თამაშს მივაგენი და მოვიგე”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიამის შეჯიბრების ხუთგზის (2002, 2003, 2004, 2007, 2008) ჩემპიონმა სერენამ.
სერენა უილიამსის სამეოთხედფინალო ოპონენტი ჩინელი ნა ლი (5) იქნება, რომელმაც კვალიფიკაციაგავლილ ესპანელ გარბინ მუგურუსა-ბლანკოსთან აუტკივარი თავი თავად აიტკივა. პირველ სეტში ჩინელი 5:1-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ მიჯრით 5 გეიმი დათმო და პირენელი 6:5 დაწინაურდა. ამის შემდეგ ნა ლიმ მაქსიმალური ყურადღებით გააგრძელა ასპარეზობა და საბოლოოდ მაინც 2 სეტით მოახერხა ესპანელის წინააღმდეგობის გატეხვა 7:6 (8:6), 6:2.
“პირველი სეტი რომ წამეგო, მომდევნო ორს აუცილებლად მოვიგებდი. თამაშს აუღელვებლად განვაგრძობდი და ანგარიშს ყურადღებას არცკი ვაქცევდი”, - ამგვარი გახლდათ ჩინელის მატჩისშემდგომი რეაქცია.
სერენას მსგავსად, მაიამის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აგნეშკა რადვანსკა მეოთხედფინალში სამსაათიანი პაექრობის შემდეგ გავიდა. პოლონელმა 20 წლის ამერიკელ სტივენ სლოანთან საწყისი სეტი 4:6 წააგო, მაგრამ მომდევნო პარტიებში მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა და 6:2, 6:0 მოუგო. მატჩი საათსა და 39 წუთს გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ კი აგნეშკასა და სტივენის პირადი მატჩების ანგარიში 2:0 გახდა.
მარია შარაპოვა ოთხჯერაა გასული მაიამის შეჯიბრების ფინალში (2005, 2006, 2011, 2012), მაგრამ მან ვერცერთხელ ვერ მოახერხა ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მთავარი პრიზის მოპოვება. რეიტინგსიის მეორე ნომერი მაშა კიდევ ერთხელ გავიდა მეოთხედფინალში და საუკეთესოთა ოთხეულში გასაღწევად იტალიელ სარა ერანის შეხვდება. მერვედფინალში კი შარაპოვამ საათსა და 20 წუთში ჩეხ კლარა ზაკოპალოვას (22) 6:2, 6:2 მოუგო და მასთან ურთიერთშეხვედრათა ანგარიშში კიდევ უფრო დაწინაურდა (5:1).
მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) – კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია)
სერენა უილიამსი (აშშ) – ნა ლი (ჩინეთი)
მარია შარაპოვა (რუსეთი) – სარა ერანი (იტალია)
რობერტა ვინჩი (იტალია) – ელენა იანკოვიჩი (სერბეთი)
Please log in to post a comment Log in Or Register