"მაიამი" პლეი ოფის პირველ რაუნდში დამაჯერებელ სვლას აგრძელებს. მოქმედმა ჩემპიონებმა საკუთარ არენაზე ამჯერადაც ყველანაირი პრობლემების გარეშე მოახერხეს "მილუოკის" დამარცხება (98:86) და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, "ჰიტი" არსად ჩქარობდა და ცდილობდა, ძალების დაზოგვით მიეღწია წარმატებისთვის, რაც მშვენივრად გამოუვიდა. სამი მეოთხედის განმავლობაში "მაიამი" მონაცვლეობით ასვენებდა საკუთარ ვარსკვლავებს, რომელთა შორის საუკეთესო დუეინ უეიდი გახლდათ 20 ქულით. თუმცა თურქი ერსან ილიასოვას, მაიკ დანლივისა და ლარი სენდერსის კარგი გარჯის შედეგად, ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 3 ქულა იყო მასპინძელთა სასარგებლოდ - 68:65. უკანასკნელი პერიოდის სტარტზე ერიკ სპოელსტრას დამოძღვრილებმა მშვენივრად მოახერხეს "ბაქსის" უკანახაზელთა სუპერდუეტის შეჩერება (მონტა ელისსა და ბრენდონ ჯენინგსს ჯამში 15 ქულა მოუგროვდათ), რის შემდეგაც "მაიამიმ" ანდერსენის, კოულისა და ჯეიმსის ზუსტი ტყორცნების წყალობით მეტოქეს 12:0 გაქცევა მოუწყო და მშვიდად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა საფინალო სირენამდე.
კარმელო ენტონიმ და მისმა "ნიუ იორკმა" Madison Square Garden-ში ისევ ძალზე იოლად დაამარცხა "ბოსტონი", ამჯერად – 16-ქულიანი სხვაობით (87:71) და უდიდესი ნაბიჯი გადადგა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალისკენ.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "სელტიქსს" ძალიან სუსტი სათადარიგოთა სკამი ჰყავს, რომელიც რეალურად ვერაფრით ეხმარება ძირითად ხუთეულს. კევინ გარნეტი და პოლ პირსი უკვე სოლიდურ ასაკში არიან, რის გამოც 48 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშს ვეღარ "ქაჩავენ", უფერული იყო ახალგაზრდა ჯეფ გრინიც თავისი 10 ქულით. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, "ბოსტონმა" შეტევაში საშინლად ითამაშა - 70 განხორციელებული ტყორცნიდან მიზანს მხოლოდ 26-მა უწია (37,1%), ასეთი შედეგიანობით კი "ნიქსთან" წარმატებაზე ფიქრს აზრიც არ აქვს. "სელტიქსის" დამრიგებელ დოკ რივერსს სერიოზული საფიქრალი აქვს, რადგან ასე თუ ისე ნორმალურად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, უკვე ზედიზედ მეორე მატჩია, მისი გუნდი ვეღარაფერს ახერხებს ბოლო პერიოდებში. ამჯერად უკანასკნელ 24 წუთში "ბოსტონმა" მეტოქეს მხოლოდ 25 ქულა ჩაუგდო და სერიაში მდგომარეობა ძალზე გაირთულა - 0:2.
მატჩის MVP კარმელო ენტონი გახდა, რომელმაც 40 წუთში საკუთარ გუნდს 34 ქულა მოუტანა. ტრადიციულად სოლიდურად გამოიყურებოდნენ ჯეი არ სმიტი (19 ქულა) და რეიმონდ ფელტონი (16 ქულა).
ბევრმა საკალათბურთო სპეციალისტმა ჩამოწერა "გოლდენ სტეიტი" დევიდ ლის დაკარგვის შემდეგ, მისი შანსები პლეი ოფის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე შემცირდაო, თუმცა მათდა საპასუხოდ, მარკ ჯექსონის დამოძღვრილმა გუნდმა ნამდვილი შოუ დადგა Pepsi Center-ში, "დენვერს" 131 ქულა ჩაუგდო და არანაირი შანსი არ დაუტოვა.
"უორიორზის" სასტარტო ხუთეულში გუნდის ტრავმირებული ლიდერის ადგილი სათადარიგო გამთამაშებელმა ჯარეტ ჯეკმა დაიკავა, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი გამოაცხო, დააგროვა რა 26 ქულა. "დენვერმა" ვერაფერი მოუხერხა პერიმეტრის დაცვას, რის გამოც კლეი ტომპსონმა (21 ქულა) და სტეფ კურიმ (30) მეტოქის კალათი დაბომბეს. საბოლოოდ - 131:117, "გოლდენ სტეიტის" დამაჯერებელი გამარჯვება.
"დენვერმა" საკუთარ არენაზე მოგებათა 24-მატჩიანი სერია შეწყვიტა.
კორი ბრიუერმა მატჩში 11 სამქულიანი ისროლა, "დენვერის" საპლეიოფო ისტორიაში ამაზე მეტი სროლა პერიმეტრიდან 1989 წლის 30 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც მაიკლ ადამსმა მეტოქეს შორი დისტანციებიდან 12-ჯერ შეუტია.
2000 წლის შემდეგ სტეფ კური გახდა ლიგის ისტორიაში მესამე მოთამაშე, რომელმაც პლეი ოფის მატჩში 30 ქულა, 13 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა.
"დენვერს" მხოლოდ 26 მოხსნა ჰქონდა, რაც კლუბის საპლეიოფო ისტორიის ანტირეკორდია.
მაიამი - მილუოკი 98:86 (25:23, 22:20, 21:22, 30:21)
სერიაში ანგარიში 2:0
მაიამი: ჩელმერსი (9), უეიდი (21), ბოში (10), ჰასლემი (3), ჯეიმსი (19); ალენი (7), ბეტიე (10), ანდერსენი (10), კოული (7), ლუისი, მილერი, ჯონსი, ენტონი (2)
მილუოკი: ჯენინგსი (8), ელისი (7), სენდერსი (14), ილიასოვა (21), მბა ა მუტე (6); იუდო (2), რედიკი (2), ჰენსონი, დანიელსი (8), დანლივი (16), სმიტი, აიონი (2)
ნიუ იორკი - ბოსტონი 87:71 (26:20, 16:28, 32:11, 13:12)
სერიაში ანგარიში 2:0
ნიუ იორკი: პრიჟიონი (1), ფელტონი (16), ჩენდლერი (3), შამპერტი (6), ენტონი (34); სმიტი (19), მარტინი (3), კიდი (3), კოუპლენდი, ნოვაკი (2), რიჩარდსონი, უაითი
ბოსტონი: პირსი (18), ბრედლი (6), გარნეტი (12+11მ), გრინი (10), ბასი (6); უილკოქსი, ტერი (9), კროუფორდი (10), რენდოლფი, ლი, უილიამსი
დენვერი - გოლდენ სტეიტი 117:131 (28:26, 25:35, 27:35, 37:35)
სერიაში ანგარიში 1:1
დენვერი: ლოუსონი (19+12პ), ფურნიე (4), კუფოსი, ჩენდლერი (14), იგუდალა (18); მაკგი (7), ბრიუერი (19), ფარიდი (4), მილერი (18), რენდოლფი (14)
გოლდენ სტეიტი: კარი (30+13პ), ტომპსონი (21), ბოგატი (6), ჯეკი (26), ბარნსი (24); ეზელი (7), ლენდრი (9), გრინი (5), ბეიზმორი, ჯეფერსონი (3), ჯონსი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია