"მაიამიმ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია. "ჰიტმა" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით მესამე მატჩში ბრწყინვალე გუნდური კალათბურთის დემონსტრირება მოახდინა, სრულად გამოავლინა პოტენციალი და მასპინძელი "ინდიანა" 18-ქულიანი სხვაობით გადათელა - 114:96.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან შეინიშნებოდა მოქმედი ჩემპიონების ახალი ტაქტიკური სქემა - ლებრონ ჯეიმსი ნაკლებად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე და ცდილობდა, პასებით მოემარაგებინა კრის ბოში და იუდონოს ჰასლემი, რომლებიც საშუალო დისტანციიდან ბომბავდნენ მეტოქის კალათს, რის გამოც "პეისერსის" მძიმე წინა ხაზი როი ჰიბერტისა და დევიდ ვესტის შემადგენლობით, იძულებული იყო, 3-წამიანი ზონიდან მოშორებით ამოსულიყო თავის დასაცავად.
პირველი მეოთხედის განმავლობაში ორივე გუნდის დემონსტრირებით უაღრესად სწრაფი და შედეგიანი კალათბურთი იხილა მაყურებელმა. მასპინძელთათვის მთავარი უსიამოვნო სიურპრიზი ჰასლემი გახდა, რომელიც უშეცდომოდ ისროდა მეტოქის კალათისკენ და 12 წუთში 8 ქულის დაგროვებაც მოახერხა. კრის ბოშმა ზედიზედ ორი შორეული ტყორცნა "ჩასვა", ხოლო კონტრშეტევაზე თამაშისას ლებრონისა და უეიდის დუეტი შუედარებელი გახლდათ. სწორედ ამიტომაც იყო, რომ ლიგაში საუკეთესო დაცვის მქონე "ინდიანამ" პირველ მეოთხედში ერთბაშად 34 ქულა მიიღო საკუთარ კალათში (30:34).
მეორე პერიოდში "ჰიტმა" კიდევ უფრო გამოკვეთა თავისი უპირატესობა. ჯეიმსი ერთი ერთზე დუელში აშკარად ჩაგრავდა პოლ ჯორჯს, აღნიშვნის ღირსია სათადარიგოთა სკამიან შემოსული ანდერსენის თამაში - "ბერდი მენს" სერიის წინა ორ შეხვედრაში სროლა არ ჰქონდა აცილებული თამაშიდან - 9-9 (18 ქულა). ეს სტატისტიკა მან არც დღეს გააფუჭა და სამწამიან ზონაში კვლავ უშეცდომოდ განაგრძო გარჯა (4-4 ორქულიანი - 8 ქულა). "ინდიანას" შემადგენლობაში კი თავგანწირვით იბრძოდა როი ჰიბერტი, რომელიც ტრადიციულად ძალიან აქტიური იყო, თუმცა მხოლოდ მისი კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის.
ერიკ სპოელსტრას დამოძღვრილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა - ერთბაშად 70 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და საკლუბო რეკორდიც დაამყარა (აქამდე "მაიამის" საპლეიოფო ისტორიაში ერთ ტაიმში ამდენი ქულა არასდროს ჰქონდა დაგროვილი), ხოლო "ინდიანამ" ანტირეკორდი დაამყარა - საუკეთესო დაცვის მქონე გუნდს პლეი ოფის მატჩის პირველ ნახევარში ასეთი დიდი რაოდენობის ქულები არასდროს მიეღო საკუთარ კალათში.
მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლები 14-ქულიანი სხვაობით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს (56:70) და მათაც გადაწყვიტეს, გაცილებით უფრო რისკიანი თამაში წამოეწყოთ. როგორც იქნა, პოლ ჯორჯმა სტაბილურად დაიწყო ქულების დაგროვება, ჯორჯ ჰილმა პერიმეტრიდან სამჯერ გაისროლა ზუსტად და "მაიმის" ჰანდიკაპი 7 ქულამდე შემცირდა. თითქოს, ინტრიგაც დაბრუნდა შეხვედრაში, მაგრამ არა... მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში "ჩრდილში მყოფი" დუეინ უეიდი გამოვიდა წინა პლანზე და უკანასკნელი პერიოდის წინ "ჰიტი" მეტოქეს 15-ქულიანი სხვაობით გაექცა - 91:76.
მეოთხე მეოთხედი სრულ ფორმალობად იქცა. ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები სტაბილურად ინარჩუნებდნენ მოპოვებულ სოლიდურ უპირატესობას და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე სპოელსტრამ პარკეტზე ღრმა სათადარიგოები შეუშვა: ჯონსი, ენტონი, ლუისი და მილერი. მათ უბრალოდ საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. 114:96 - "მაიამის" დამაჯერებელი გამარჯვება.
"ინდიანამ" მიმდინარე პლეი ოფში საკუთარ არენაზე პირველად წააგო (6-1) "მაიამი" 2013 წლის პლეი ოფში სტუმრად კვლავ დაუმარცხებელია (5-0)
მატჩის გმირი იუდონოს ჰასლემი გახდა, რომელმაც სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა, 9 მცდელობიდან ბურთი კალათში 8-ჯერ მოათავსა და 17 ქულასთან ერთად 7 მოხსნაც შეაწია საკუთარ გუნდს. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ "მაიამის" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა 14 ან მეტი ქულის დაგროვება შეძლო, რაც იშვიათი მოვლენაა. მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლებით თავი როი ჰიბერტმა (20ქულა, 17 მოხსნა) და დევიდ ვესტმა (21 ქულა, 10 მოხსნა) გამოიჩინეს.
პრესკონფერენციაზე "პეისერსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ვოგელმა განაცხადა: "დაცვაში საშინლად გამოვიყურებოდით და სწორედ ამიტომაც წავაგეთ. მომდევნო მატჩებში უდიდესი თავგანწირვით მოგვიწევს იმ უპირატესობის დაბრუნება, რაც დღეს გავფლანგეთ და გაცილებით ყურადღებით უნდა მივუდგეთ იუდონოს ჰასლემის სათამაშო კლასს".
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი წარმატების შემდეგ "ჰიტი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და საკუთარი მოედნის უპირატესობაც დაიბრუნა.
ინდიანა - მაიამი 96:114 (30:34, 26:36, 20:21, 20:23)
ინდიანა: ჰილი (19), სტივენსონი (7), ჰიბერტი (20+17მ), ვესტი (21+10მ), ჯორჯი (13); ტ. ჰენსბრო (4), ბ. ჰენსბრო, იანგი (2), ოგასტინი (3), მაინმი (4), გრინი (2), ჯონსონი (1), პენდერგრაფი
მაიამი: ჩალმერსი (14), უეიდი (18+8პ), ბოში (15), ჰასლემი (17+7მ), ჯეიმსი (22); ალენი (6), ანდერსენი (9), ბეტიე (7), კოული (5), ენტონი, ლუისი (1), მილერი, ჯონსი
მაიამი იგებს სერიას 2:1