აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში ნაწვნევი სენსაციური მარცხის შემდეგ "მაიამი" დროულად გამოფხიზლდა. ერიკ სპოელსტრას დამოძღვრილმა გუნდმა სრული კონცენტრაცია მოახდინა და მელი სიბრაზე მეორე შეხვედრაში გადმოანთხია, გაანადგურა რა "ჩიკაგო" 37 ქულიანი სხვაობით 115:78.
მატჩის პირველივე წუთზე ლებრონმა ერთ ერთ სათამაშო ეპიზოდში გამეტებით დააგდო პარკეტზე 175 სმ სიმაღლის ნეიტ რობინსონი, რასაც გაწევ-გამოწვევა და მატჩის ემოციურად დამუხტვა მოჰყვა. მოქმედმა ჩემპიონებმა სათამაშო უპირატესობა მალევე მოიპოვეს და ანგარიშში წინაც გაიქცნენ, "ბულზი" კი უხეშობის ხარჯზე ცდილობდა ფონს გასვლას. ფიზიკურ ბრძოლაში კი ათლეტური "მაიამის" დაჩაგვრა ურთულესი საქმეა. ჯეიმსისა და ნოას მორიგი "საქმის გარჩევის" შემდეგ ლებრონი კიდევ უფრო მაგრად ათამაშდა. იგი ან თვითონ აგროვებდა ქულებს, ანდაც თანაგუნდელებს ამარაგებდა ბრწყინვალე გადაცემებით. მარიო ჩელმერსმა და დუვეინ ვეიდმა სრულიად შეზღუდეს რეაქტიული ნეიტ რობინსონი, იტალიელი მარკო ბელინელი თავისუფალი პოზიციებიდან ვერ აგდებდა ბურთებს, ბუზერისა და ტაჯ გიბსონის წყვილი კი უსუსურად გამოიყურებოდა საკუთარი სამწამიანი ზონის დაცვისას - ამ ფაქტორთა გათვალისწინებით ანგარიშში სხვაობა კატასტროფული სისწრაფით იზრდებოდა და პირველი ტაიმის ბოლოს 14 ქულას შეადგენდა 55:41.
მესამე მეოთხედში "მაიამიმ" აღებული ტემპი აღარ დააგდო და სწრაფი კონტრშეტევებით "სული ამოხადა" მეტოქეს. მატჩი ნელ ნელა ინტრიგას კარგავდა, "ჩიკაგო" კი აგრძელებდა უხეშობას და არბიტრებთან კამათს. ზედმეტი ლაპარაკისა და ემოციების გამო ჯერ ჯოაკიმ ნოას მოუწია ნაადრევად გასახდელში გასვლა, 2 წუთში კი მას ტაჯ გიბსონიც გააყოლეს. "ჰიტს" ერთი წამითაც არ უფიქრია გაჩერება, პირიქით ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოეგოთ და ფსიქოლოგიურად სრულიად გაეტეხათ "ბულზი".
უკანასკნელი პერიოდის წინ სხვაობა უკვე სამარცხვინო გახლდათ "ხარებისათვის" 56:85. სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ვლადიმირ რადმანოვიჩმა ზედიზედ სამი შორეული ტყორცნა ჩააგდო და სცადა სრული ანტირეკორდი აეცილებინა საკუთარი გუნდისათვის, თუმცა საპასუხოდ რაშად ლუისიმა, ნორის კოულმა და მაიკ მილერმა არაერთი სწრაფი სეტევა დაასრულეს წარმატებით. საბოლოოდ 115:78 "მაიამიმ" მეტოქეს მტკივნეული მარცხი აგემა.
კლუბის არსებობის ისტორიაში "ჩიკაგომ" პირველად დათმო საპლეიოფო მატჩი 37 ქულიანი სხვაობით, "ჰიტმა" კი პირიქით - პირველად მოიგო ამხელა ჰანდიკაპით.
მატჩის გმირი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც პარკეტზე 32:29 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა, 9 შედეგიანი პასი და 5 მოხსნა დააგროვა.
სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1, მომდევნო ორ მატჩს ჩიკაგოს საკალათბურთო არენა UNITED CENTER-ი უმასპინძლებს.
"გოლდენ სტეიტს" სტუმრად "სან ანტონიო" 1997 წლის 14 თებერვლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული, რაც ჯამში 30 მატჩიან სერიას შეადგენდა, თუმცა დღეს გამთენიისას მარკ ჯექსონის შეგირდებმა ამ წარუმატებლობას წერტილი დაუსვეს, მოუგეს რა "სპურსს" 9 ქულიანი სხვაობით 100:91.
"უორიორზმა" სტეფ კარის და კლეი ტომფსონის ბრწყინვალე თამაშის შედეგად პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო უპირატესობა და ორი მეოთხედის შემდეგ მათმა ჰანდიკაპმა 19 ქულა შეადგინა 62:43. "სან ანტონიოს" დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, როგორც სამწამიან ზონაში ასევე პერიმეტრზე. მატჩის მეორე ნახევარში გრეგ პოპოვიჩის გუნდი გაცილებით უფრო მეტი ყიურადღებით ათამაშდა, თუმცა სერიის პირველ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები სტუმრებმა აღარ გაიმეორეს და მშვიდად მიიყვანეს მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 100:91.
"გოლდენ სტეიტის" რიგებში საუკეთესო მოთამაშე კლეი ტომფსონი იყო, რომელმაც 9 მცდელობიდან ერთბაშად 8 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს და მატჩი 34 ქულით დაასრულა, მან დაცვაშიც დიდი მოცულობითი სამუშაო გასწია და 14 მოხსნაც დააგროვა.
სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 91:100 (23:28, 20:34, 29:21, 19:17)
სან ანტონიო: პარკერი (20), გრინი (10), ბონერი (2), დანკანი (23), ლეონარდი (11+12მ); ჯინობილი 912), დიაუ, ჯოზეფი (2), ნილი (6), სპლიტერი (5), მილსი, მაკგრეიდი
გოლდენ სტეიტი: კარი (22), ტომფსონი (34+14მ), ბოგატი (6), გრინი (5), ბარნსი (13); ჯეკი (8), ეზელი (2), ლენდრი (10)
სერიის ანგარიში 1:1
მაიამი - ჩიკაგო 115:78 (25:20, 30:21, 30:15, 30:22)
მაიამი: ჩალმერსი (11), ვეიდი (15), ბოში (13), ჰასლემი (2), ჯეიმსი (19); ბეტიე (3), ალენი (21), კოული (18), ანდერსენი (7), მილერი (2), ლუისი (4), ჯონსი, ენტონი
ჩიკაგო: რობინსონი (11), ბელინელი (13), ნოა (12), ბუზერი (8), ბატლერი (9); გიბსონი (8), ტიგი, მოჰამედი (6), კუკი, რადმანოვიჩი (9), ტომასი (2)
სერიის ანგარიში 1:1