კალათბურთი

14:13 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მაიამი” ტეხასში არ ამოასუნთქეს

 

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალის პირველ მატჩში “სან ანტონიო სპურზმა” შინაური დარბაზის უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენა და მოქმედი ჩემპიონი “მაიამი ჰითი”, რომელმაც თამაში ლიდერის – ლებრონ ჯეიმსის გარეშე დაასრულა, 110:95 დაამარცხა.

ტეხასელებმა დასკვნით მეოთხედში განხორციელებული საოცარი “გაქცევის” (31:9) ხარჯზე იმარჯვეს, რასაც ხელი “მეფე ლებრონის” ტრავმამაც შეუწყო. ამ უკანასკნელის თამაშიდან გამოთიშვის ერთ-ერთი მიზეზი სან ანტონიოს AT&T Center-ში არსებული პრობლემები გახდა, რის გამოც კონდიცირების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და მოედანზე ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევდა.

ლებრონმა მარცხენა ბარძაყის კუნთში კრუნჩხვები პირველად უკანასკნელი მეოთხედის დაწყებიდან 4 წუთის თავზე იგრძნო, როდესაც ფლორიდელები ჯერ კიდევ ლიდერობდნენ. “ჰითის” ფორვარდმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, სადაც სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და თამაშში მაშინ დაბრუნდა, როდესაც საფინალო სირენამდე ოთხ წუთზე მეტი რჩებოდა.

ლებრონმა შედეგიანი შეტევაც განახორციელა და იმ დროისთვის სტუმართა ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, თუმცა, ეს იყო და ეს. ჯეიმსმა მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და დარჩენილ დროში თანაგუნდელთა გვემას თვალი სკამიდან მიადევნა, შეხვედრის შემდეგ კი წვეთოვანას დაყენებაც დასჭირდა.

“მატჩში დაბრუნებას მაინც ვაპირებდი, თუმცა, მწვრთნელმა ამის საშუალება არ მომცა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გუნდისთვის უაღრესად საჭირო ჟამს დამემართა. თამაშის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელი გახლდათ და ყველაფრის გვერდიდან ყურება ნამდვილი ტანჯვა იყო. სამწუხაროდ, დარბაზში ისე ცხელოდა, ორგანიზმიდან სითხე სრულად გამოიდევნა. ახლა, ვცდილობთ, მომავალი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ”, - განაცხადა ლებრონმა, რომელმაც 33 წუთში 25 ქულის მოგროვება მოასწრო, ერთ-ერთი ეპიზოდში კი თანაგუნდელებს შესჩივლა, “მათ ჩვენი გაგუდვა სურთო”.

დარბაზში არსებულმა აუტანელმა სიტუაციამ პრობლემები არ შეუქმნა “სპურზის” ფრანგ გამთამაშებელ ტონი პარკერს, აქაოდა, ევროპაში კონდიცირების სისტემა საერთოდ არ გვაქვს და ასეთ პირობებს მიჩვეული ვარო, ტიმ დანკანმა კი, რომელმაც ორმაგი დუბლი (21 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, შემდეგი განაცხადა.

“ძალიან ცხელოდა. ასეთ პირობებში იშვიათად მითამაშია. მგონი, ბოლოს ასეთი რამ ვირჯინისს კუნძულებზე შემემთხვა. მიუხედადავად ამისა, ვიმარჯვეთ და უმთავრეს მიზანს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. იმას, რაც შარშან მოხდა, ყურადღებას არ ვაქცევთ. მხოლოდ იმაზე ვდარდობთ, რომ ოთხ მოგებას პირველებმა ვუწიოთ”.

ის, რომ სან ანტონიოში 9 ივნისის დილას დაგეგმილი მე-2 მატჩი კიდებ უფრო დაძაბული იქნება, აქედანვე ცხადია. აღნიშნულის წინაპირობას ერთი სტატისტიკური დეტალიც ქმნის. მას შემდეგ, რაც “მაიამიმ” გუნდში ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში გააერთიანა, პლეი ოფის პირველ მატჩში, დამარცხების შემდეგ, მეორეში ყოველთვის წარმატებას აღწევდა.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ასეთი რამ ხუთჯერ მოხდა და ისიც სათქმელია, რომ ამგვარ სერიებში ფლორიდელები მუდამ გამარჯვებულნი გამოდიოდნენ.

დასასრულ ერთი მოვლენის შესახებაც. ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანის და კობი ბრაიანტის შემდეგ, ლიგის მე-3 მოთამაშე გახდა, რომელსაც პლეი ოფში არანაკლებ 4 ათასი ქულა და ათასი პასი აქვს დაგროვებული.

“სპურზთან” გასული მატჩის სტატისტიკის გათვალისწინებით, ლებრონის მონაგარი 4303 ქულა და 1002 პასია. ისიც სათქმელია, რომ აღნიშნული შედეგების დასაფიქსირებლად ჯეიმსს ჯორდანზე – 18-ით და ბრაიანტზე – 57 მატჩით ნაკლები დასჭირდა. 

 

სან ანტონიო – მაიამი 110:95 (26:20, 28:29, 20:29, 36:17)

სან ანტონიო: დანკანი (21 ქ. 10 მ.), პარკერი (19 ქ. 8 პ.), სპლიტერი (14 ქ.), გრინი (13 ქ.), ლენარდი (9 ქ.); ჯინობილი (16 ქ. 11 პ.), ბელინელი (9 ქ.), მილსი (7 ქ.), დიაო (2 ქ. 10 მ. 6 პ.).

მაიამი: ჯეიმსი (25 ქ.), უეიდი (19 ქ.), ბოში (18 ქ. 9 მ.), ლუისი (10 ქ.), ჩალმერსი (3 ქ.); ალენი (16 ქ. 5 ჩ.), კოული (2 ქ.), ანდერსენი (2 ქ.), ბატიე.

სან ანტონიო იგებს სერიას 1:0

0.11844