ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ფელიქს მაგათი პენსიაზე გასვლაზე ფიქრობს. დაახლოებით ერთი წლის წინ მან “ვოლფსბურგი” დატოვა, მას შემდეგ უმუშევარია და სამწვრთნელო კარიერის დასრულებაზეც სერიოზულად დაფიქრდა.
“არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ამ გადასახედიდან საკუთარ თავს მწვრთნელის რანგში ვეღარ ვხედავ. ვერ ვხედავ სამუშაოს, რომელიც იმდენად მიმზიდველი იქნება, რომ ოჯახის კიდევ ერთხელ დატოვებას გადამაწყვეტინებს. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ნამდვილად აღარ ვიმუშავებ. “ვოლფსბურგიდან” წასვლისთანავე ვფიქრობდი, რომ მალევე ვიშოვიდი ახალ სამსახურს, მაგრამ მერე საკუთარ თავს უფრო ხშირად ვეკითხებოდი, მსურდა თუ არა კიდევ ერთხელ სამწვრთნელო საქმიანობაში ჩაფლობა. ბოლო-ბოლო, ყველას ვწვრთნიდი - ახალგაზდებიდან დაწყებული, “ბაიერნით” დამთავრებული. ყოველთვის მსურდა სხვა ქვეყანაში მუშაობა, მაგრამ ამისთვის ენის ცოდნაა საჭირო. ინგლისურად ნორმალურად ვსაუბრობ, თუმცა, პრემიერლიგაში გერმანელ მწვრთნელებს საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ აეწყოთ”, - განაცხადა მაგათმა Reuters-თან ინტერვიუში.
სპეციალისტი, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდა, სხვადასხვა დროს “ჰამბურგში”, “ნიურნბერგში”, “ვერდერში”, “აინტრახტში”, “შტუტგარტში”, “შალკეში”, “ბაიერნსა” და “ვოლფსბურგში” მუშაობდა. მან სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.