ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის “რეალი”, მომდევნო სეზონისთვის მზადებას დღეიდან იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ფეხბურთელებმა დილით სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხოლო ადგილობრივი დროით 17 საათზე, პირველი ვარჯიში დაიწყება. საწყისი თხუთმეტი წუთი პრესისა და გულშემატკივრებისთვის ღია იქნება.
კარლო ანჩელოტი “რეალში” თავისი მეორე სეზონისთვის ემზადება. მან სადებიუტო სეზონში გუნდს ესპანეთის სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. სამწვრთნელო შტაბში ერთი ცვლილებაა – ზინედინ ზიდანის ნაცვლად, რომელიც მადრიდელთა ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დაინიშნა, იტალიელი სპეციალისტის თანაშემწედ ფერნანდო იერო იმუშავებს.
იეროს გარდა, “რეალში” ჯერ-ჯერობით ახალი არავინაა – კლუბს ოფიციალურად არცერთი ფეხბურთელის ტრანსფერი დაუდასტურებია. თუმცა, ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში მადრიდულ კლუბში ითამაშებს და სავარაუდოდ, ფლორენტინო პერესი სულ მალე წარუდგენს პუბლიკას პირველ ახალწვეულს. გერმანელი ნახევარმცველის გარდა, “რეალი” “მონაკოს” კოლუმბიური დუეტის – რადამელ ფალკაოსა და ხამეს როდრიგესის შეძენას ცდილობს.
2014-2015 სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას “რეალი” 12 აგვისტოს გამართავს, როდესაც კარდიფში “სევილიას” უეფას სუპერთასის დასაუფლებლად დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, მადრიდელებმა უკანასკნელი შეხვედრა 24 მაისს ჩაატარეს, როდესაც თანაქალაქელი “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხეს (4:1).
ლევან გოგოტიშვილი