სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა თბილისის მსოფლიოს თასზე ნაჩვენები შედეგისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სპორტის სასახლის ტატამზე საკმაოდ ძლიერი უცხოელი სპორტსმენები გამოვიდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველმა ძიუდოისტებმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს, თუმცა იქვე დასძინა, ბიჭებმა ვარჯიშს კიდევ უფრო უნდა მოუმატონ და მეტად დაიხვეწონ, რათა ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენო.
საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სპორტსმენებს მადლობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემაც გადაუხადა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“კარგი მსოფლიოს თასი გამოგვივიდა, ლამის შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინეთ. ეს იყო დარჩენილი სარეიტინგო ტურნირების საწყისი ეტაპი. მომდევნო შაბათ-კვირას პარიზის დიდი სლემი გველის, სადაც, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევთ, მაგრამ მჯერა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპების დასრულების შემდეგ ლონდონის 7 ლიცენზია გვექნება".
ნაპრესკონფერენციევს ზაიზენბახერმა პარიზში წასაყვანი შემადგენლობაც გაამხილა. ფრანგულ ტატამზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. 66 კილოგრამში – შალვა ქარდავა, 81-ში – ავთანდილ წრიკიშვილი, 90-ში - ვარლამ ლიპარტელიანი და ზურაბ ზვიადაური, 100-ში - ლევან ჟორჟოლიანი, ხოლო მძიმე წონაში – ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 73 კილოგრამში ქართულ გუნდს მონაწილე არ ეყოლება.
რაც შეეხება ზვიადაურის ტრავმას, რომელიც რეპეშაჟის ფინალის ბოლოს მიიღო, ბოლო ინფორმაციით, საგანგაშო არაფერია და საფრანგეთში გამგზავრებას მოახერხებს, ოღონდ იქამდე ექიმები კიდევ გამოიკვლევენ.
ოთარ მაღლაკელიძე







