სტატიები

11:00 | 26.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

“მადლობა ჩვენს ქართველებს, გენაცვალეთ!”

გულს უხარია, როცა უცხო ქვეყანაში ქართველი ასე უყვართ. რუსეთის ფედერაციაში შემავალ ყაბარდო-ბალყარეთში, გოგიტა გოგუასა და დავით სირაძეს დიდი პატივისცემით ექცევიან, ეს ფოტოც ამის ნათელი დადასტურებაა.
“ჩვენ არ გვითქვამს, თვითონ შეკერეს დროშა და წარწერაც - “მადლობა ჩვენს ქართველებს, გენაცვალეთ!” - თვითონ გაუკეთეს. ყველა თამაშზე ვხედავთ ამ დროშას და რა თქმა უნდა, სიამაყეს გვმატებს მე და გოგუას”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” სირაძემ.
ნალჩიკის “სპარტაკის” ორივე ქართველი, გამორჩეულია გუნდში. გოგიტამ კარგა ხნის წინ დაიგდო სახელი ყაბარდო-ბალყარელ ფანებში. ერთხელ, “ნტვ+ფუტბოლის” ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა, ნალჩიკის “სპარტაკი”, გოგუასთან ერთად და გოგუას გარეშე სხვადასხვა გუნდიაო. სირაძემ კი... მარტო შარშანდელი სეზონის ბოლო ტურები კმარა, გადამწყვეტი გოლები შეაგდო და ნალჩიკელები გასავარდნ ზონას ააცილა. ასე არ იყო სულ ახლახანს, პრემიერლიგის ბოლო ტურში? დავითმა ბოლო წამებზე შეაგდო (არ ეხერხება თუ რა?..) და “ტომთან” 2:1 მოაგებინა კავკასიელებს.
“სეზონის ბოლო მატჩს შინ ვატარებთ და თამაში რომ დამთავრდება, მე და გოგიტას ჩაფიქრებული გვაქვს, დროშა უნდა ავიტაცოთ ტრიბუნებიდან და ავაფრიალოთ”, – გვითხრა სირაძემ.
სირაძე-გოგუას გუნდი მეხუთე ადგილზეა და ევროპის ლიგაში გასვლას ლამობს. რა გემრიელად მოიგეს მოსკოვში ცსკა-სთან, თან ქართველების გოლებით. ან რომელი ერთი - ბევრი კარგი მატჩი ჩაატარეს წლევანდელ პრემიერლიგაში.
ნალჩიკის “სპარტაკის” გულშემატკივართა ფორუმზეც რომ შეხვიდეთ, ყველაზე ხშირად სირაძისა და გოგუას ქებას ამოიკითხავთ. უყვართ არა მარტო შედეგიანობის, არამედ გულიანი თამაშისთვის და კარგი ადამიანობისთვისაც.
ეს, ყაბარდო-ბალყარეთია, ზედ სვანეთთანაა მიმდგარი. ერთიც – რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გემახსოვრებათ, ამ ქვეყნების 21-წლამდელთა ნაკრების მატჩი გაიმართა მინსკში, რომელიც ქართვე¬ლებმა 0:4 წააგეს. ნალჩიკის “სპარტაკის” ფორუმში კი იშვიათს თუ უხაროდა ვინმეს რუსეთის მოგება - უფრო ბევრნი, “ჯვაროსნებს” გულშემატკივრობდნენ... …  

ილია ნანობაშვილი
 
 
 

0.140192