გულშემატკივრის სვეტი

11:13 | 2.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მადლობა ბიჭებო!

გასვლაც არის და გასვლაც... ერთია, როცა ჯგუფიდან გამართლებით, წვალებითა და იღბლით გადიხარ და სულ სხვაა ჯგუფიდან გასვლა მაშინ, როცა ჯგუფში ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის გუნდებს ჩატოვებ. ეს მხოლოდ უცნაურობა და გასაკვირი ამბავი არაა. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გასვლით ნამდვილი ფურორი მოახდინა და ეს მაშინ, როდესც ამას ჩვენი გუნდისაგან ქართული ფეხბურთის ყველაზე გულდამწვარი ქომაგებიც კი ნაკლებად ივარაუდებდნენ. ვასილ მაისურაძის ბიჭებმა ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს: შანსი ყოველთვის არსებობს და შანსს მხოლოდ ისინი იყენებენ, რომლებსაც მრისხანე სახელებისა და ავტორიტეტების არ ეშინიათ.

ისე მოხდა რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მიერ ჯგუფში გამართული სამივე თამაშის განმეორებით ინტერნეტში ცქერა მომიწია. არადა, თავიდან ვგეგმავდი, რომ სტადიონზე თუ ვერ მივიდოდი, ტელევიზორში პირდაპირი ტრანსლაციისათვის მაინც მეყურებინა. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში სწორედ ისეთი ცუდი ქომაგი გამოვდექი, რომლებიც ჩვენს ფეხბურთზე ბევრს ლაპარაკობენ და საქმე-საქმეზე რომ მიდგება, სტდიონზე მისვლაც კი პრობლემად ექცევათ ხოლმე. როდესაც ჩვენი იუნიორები ინგლისელ თანატოლებს ხვდებოდნენ, იმ დროს თბილისიდან დასავლეთისაკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსიში ვიჯექი და მიკროავტობუსის მძღოლის უგრძეს მონოლოგს ვისმენდი იმასთან დაკავშირებით, რომ რადიოში მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მხოლოდ იმიტომ არ გადაიცემოდა, რომ: “ყველამ იცოდა, ჩვენები რომ წააგებდნენ და ხალხს ნერვები არ მოუშალეს”. ამის მიუხედავად, მაინც არ ვკარგავდი იმედს, რომ რადიოს რომელიმე არხზე მიმდინარე ანგარიშს მაინც გავიგებდი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ... როდესაც მატჩი დამთავრდა და თამაშის შედეგი მეგობრისგან მობილური ტელეფონით გავიგე, სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ დავიჯერე. ეტყობა, იმდენად შევეჩვიეთ ჩვენი ნაკრებებისაგან მარცხსა და თავის მოჭრას, რომ ინგლისის ძლევა წარმოუდგენელ ამბად მეჩვენა. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ესპანეთთან ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ მოხდა. როგორ ჟღერს? - ფეხბურათში ზედიზედ არ წააგო ესპანეთთან და ინგლისთან... ამ უკანასკნელს კი ისეთი ულამაზესი გოლით მოუგო, როგორიც ლუის მენოტის ფორმაციის არგენტინის ნაკრებს გაჰქონდა ხოლმე.

სანამ, დასავლეთიოდან თბილისში ჩამოვიდოდი, სულ იმის ფიქრში ვიყავი, დალოცვილი ინტერნეტის საშუალებით განმეორებით როდის ვნახავდი ამ თამაშს. დამეთანხმებით, რომ ძნელია ემოციების გარეშე ისაუბრო ამ ყველაფერზე. ამ დღეებში ისეთი ადამიანებიც ვნახე, რომლებიც ფიქრობენ, რომ 17-წლამდელთა ნაკრები მხოლოდ 17-წლამდელთა ნაკრებია და სხვა არაფერი. მაგრამ, რამდენიც უნდა ”ვიფილოსოფოსოთ”, ვერაფერი გააფერმკრთალებს იმ ფაქტს, რომ ინგლისს, უკრიანასა და ესპანეთთან ერთად ”სიკვდილის ჯგუფში” მოხვედრილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ ადგილზე გასვლა შეძლო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდს მსგავსი წარმატება 10 წლის წინაც ჰქონია, გამარჯვებას სულ სხვა გემო აქვს, როდესაც ჯგუფში ესპანელებსა და ინგლისს ჩატოვებ.

თავდაჯერებულად ვერავინ ვიტყვით იმას, თუ რას იზამენ ჩვენი იუნიორები ახლა, სულ ორ თვეში სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრილი პატარა ”ჯვაროსნები” შეიძლება ამაზე განსაკუთრებით დიდ წარმატებებს ვეღარ მოაღწიონ, მაგრამ როდესაც ჯგუფში უკრაინის, ინგლისისა და ესპანეთის გუნდები გყავს ჩატოვებული, ევროპის ჩემპიონატზეც სულ სხვა სახელითა და ავტორიტეტით ითამაშებ. თუკი ესპანეთთან არ წააგე და ბრიტანელები დაიფრინე, განა რატომ იქნება დაუჯერებელი, სხვა, უფრო დიდ წარმატებაზეც რომ იფიქრო?

ჩვენი 17-წლამდელების მთავარ პრობლემად ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ზოგად პრობლემას, გუნდის ფიზიკური მომზადების პრობლემებს ასახელებენ. ჯგუფში გამართული სამივე შეხვედრის ბოლოს აშკარა იყო, რომ ქართველი ფეხბურთელები მეტოქეებზე მეტად დაიღალნენ. ვასილ მაისურაძემ თავისი გუნდის მინუსებიცა და პლუსებიც ალბათ ჩვენზე კარგად იცის და პატარა ”ჯვაროსნები”, იმედია, პრობლემების გადაწყვეტას შეძლებენ. ახლა კი, ჩვენი ნაკრების ქომაგებმა ერთადერთი, რაც უნდა ვქნათ, მადლობა ვუთხრათ ამ ბიჭებს მონდომებისა და თავდადებისათვის. პირველ რიგში, მადლობა იმისათვის, რომ ეს დღეები ჩვენ ყველანი ამაყები ვიყავით. ამაყები იმით, რომ იმ გუნდს ვგულშემატკივრობთ, რომელსაც ევროპის გრანდებთან ღირსეულად თამაში და დიდი გამარჯვებები შეუძლია!
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.112613