ჩეხი ჩოგბურთელი ლუკაშ როსოლი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებული ტურნირის ATP BRD Nastase Tiriac Trophy-ის გამარჯვებული გახდა. ფინალურ დაპირისპირებაში მსოფლიო რეიტინგის 48-ე ჩოგანმა საკმაოდ იოლად დაამარცხა ესპანელი გილერმო გარსია-ლოპესი 6:3, 6:2.
მატჩი სულ რაღაც 67 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ლუკაშმა ოთხჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, საკუთარი კი მხოლოდ ერთხელ დათმო. როსოლის ანგარიშზე ასევე 2 ეისი და 3 ორმაგი გახლდათ, გილერმომ კი თავის მხრივ 1 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშვა.
ჩეხი ჩოგბურთელის კარიერაში ეს პირველი მოგებული ტიტული გახლავთ. რუმინეთში მოპოვებულმა წარმატებამ მას 74000 ევრო და 250 სარეიტინგო ქულაც მოუტანა.