ქართველ ფეხბურთელთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ლუკა ზარანდია, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე თბილისის "ლოკომოტივში" დარჩება. 17 წლის შემტევს კვლავაც აქვს ამსტერდამის "აიაქსის" ვარიანტი, სადაც უკვე იყო სტაჟირებაზე და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებშიც ივარჯიშა.
აქვე, "მსოფლიო სპორტის" ვრცელი ინტერვიუ ზარანდიასთან:
- უახლოესი გეგმები როგორია? რჩებით "ლოკომოტივში"?
- "ლოკომოტივში" ვიქნები, არ ვიჩქარებ და 26 იანვარს შეკრებაზე წავალ გუნდთან ერთად ესპანეთში.
- "აიაქსის" ვარიანტი?
- კონტაქტი მაქვს "აიაქსთან" და სხვა კლუბებს შორის, სწორედ მათი ვარიანტია ყველაზე რეალური. უბრალოდ, დროის დაკარგვა არ მინდა. როცა უკვე გამზადებული იქნება, მაშინ სჯობს წასვლა. ანუ, სხვა ბევრი გუნდიც მიკავშირდება, გასინჯვები და ასე შემდეგ... არ მინდა დროის დაკარგვა. უფრო ახლო ვარიანტი "აიაქსია".
- ხომ არ გაგიჭირდათ იქ ვარჯიში?
- არანაირად. მითუმეტეს, ჩემს ტოლებში არ გამჭირვებია. ჯერ თანატოლთა გუნდში ვივარჯიშე, შემდეგ სხვა ასაკობრივებშიც, ნელ-ნელა ზემოთ ავდიოდი და დუბლებშიც ვივარჯიშე, სადაც "აიაქსის" ძირითადი გუნდიდანაც იყვნენ ფეხბურთელები.
- საქართველოს პირველ ლიგაში გატარებულ მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებთ?
- ძალიან რთულია პირველ ლიგაში თამაში იმ მხრივ, რომ უხეშობაა. ხშირად არ ერიდებიან ფეხში ჩარტყმას. ეს თავისებურად გაწრთობს, უფრო მომზადებულს გხდის.
- ანუ, გამოცდილების მისაღებად კარგია?
- რა თქმა უნდა. თანაც, როცა ბრძოლას ეჩვევი, შენც არ ერიდები და გავიწყდება შიში და დაძაბულობა.
- ისე, თქვენი საყვარელი კლუბი რომელია? და როგორი ყაიდის ფეხბურთი მოგწონთ?
- ინგლისური ფეხბურთი მიყვარს. კლუბებიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" მომწონს. მართალია, ახლა რთული პერიოდი უდგას, მაგრამ მაინც. ესპანური ფეხბურთი არ მიზიდავს.
- საყვარელი ფეხბურთელი?
- ულაპარაკოდ, ბრაზილიელი რონალდო.
- ქართველებიდან არ გყოლიათ მისაბაძი ფეხბურთელი?
- ვბაძავდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ შრომისმოყვარეობით და კარიერით კახა კალაძე გამორჩეული იყო. ნიჭით, გიორგი ქინქლაძე. მართალია, ქინქლაძის თამაში მხოლოდ ვიდეოზე მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც... ისეთი მოძრაობები ჰქონდა და ისეთ რამეს აკეთებდა, დარწმუნებული ვარ, ნიჭით არაფრით არ იქნებოდა დღევანდელ უძლიერეს ფეხბურთელებზე ნაკლები.
- 19-წლამდელებში ორი წლით უფროსებში ითამაშეთ. საინტერესოა, მთლიანობაში რომ შეადაროთ, რით გჯობნიან ევროპის წამყვანი ნაკრებები, რა კომპონენტებში?
- ცალ-ცალკე რომ აიღო, ბევრი არაა თუნდაც ბაჩანა არაბულის დონისა, მაგრამ გუნდური მოქმედებებით ისინი წინ დგანან. ეს იმის გამოც, რომ ბავშვობიდან ერთი სათამაშო სისტემით მოდიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, გიორგი ფანცულაიას ქუთაისის "ტორპედოში" არ ათამაშებენ, ფრანგ რაბიოს კი პსჟ-ში ენდობიან. მეკარე თებიძე უგუნდოდ უნდა იყოს? უნიჭიერესია, საოცრებაა. არცერთ უცხოურ ნაკრებში და არც "აიაქსში" თებიძეზე მაგარი მეკარე არ მინახავს.
- ისევ პირადად თქვენზე: ინდივიდუალიზმი, დრიბლინგი, ადგილზე მოტყუება – ეს უფრო შრომის შედეგია თუ პატარაობაშივე გქონდათ?
- არავის არ უსწავლებია. უბრალოდ, პატარაობაში სხვებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, მე უკეთ რატომ ვერ უნდა გავაკეთო-მეთქი. დამყვა ნიჭი.
- სპორტული ოჯახიდან ხართ?
- დიახ. დედაჩემი ტანმოვარჯიშე იყო – ხათუნა ნანიშვილი. მამა კი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ ადრე დაანება თავი.
- მშობლებმა შეგაყვარეს ფეხბურთი?
- თავიდან მამას მაინცდამაინც არ უნდოდა, რომ ფეხბურთზე მევლო. დედაჩემი მატარებდა ტანვარჯიშზე და ამან უფრო ელასტიკური გამხადა. ეზოში ვთამაშობდი ფეხბურთს და 10 წლისა ვხდებოდი, როცა "შევარდენში" მიმიყვანეს. ახლა ეს სტადიონი რაგბის გადასცეს. "შევარდენიდან" კი 35-ე საფეხბურთო სკოლაში გადავედი.
- მწვრთნელებიდან განსაკუთრებით ვის ემადლიერებით?
- ყველას. ბევრი მწვრთნელი გამოვიცვალე ბავშვობიდან მოყოლებული და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს: გია ნავროზაშვილი და ვაჟა ხუბეჟაშვილი "შევარდენში", ზურა თარაშვილი, სოსო მუხიგულაშვილი, გოჩა ავსაჯანიშვილი და კახა გოგიჩაიშვილი 35-ე სკოლაში, ნაკრებებში კი გიორგი დევდარიანი, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე. ჩემი აზრით, დევდარიანი, მაისურაძე და ცეცაძე გამორჩეული სპეციალისტები არიან, მათთან მუშაობა სასიამოვნოა.
- ევროპელი ჭაბუკებიდან, რომელთა წინააღმდეგ გითამაშიათ, განსაკუთრებით დაგმახსოვრებიათ ვინმე?
- სხვათა შორის, სერბებთან ახლაც მაქვს ურთიერთობა და შარშანდელ 17-წლამდელთა ელიტ-რაუნდზე განსაკუთრებით გამოირჩეოდა რადონიჩი, რომელიც "რომას" ახალგაზრდულში წაიყვანეს. ასევე, პანტიჩი. გერმანიას ამხანაგურში გოლი რომ გავუტანე, იმ მატჩში ძალიან მომეწონა მათი 11 ნომერი, თავდამსხმელი იყო და გვარი არ მახსოვს. უკრაინელი კოვალენკო მომწონს. ასევე, პსვ-ს ფეხბურთელ ბაკალისთან მაქვს ნათამაშევი. ერთ-ერთ ტურნირზე მას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მისცეს, მე კი – საუკეთესო თავდამსხმელის.
- დრიბლინგი, საგოლე პასი, გოლი – რა თქმა უნდა, სამივე საჭიროა, მაგრამ რომელიმე განსაკუთრებით სიამოვნებას თუ განიჭებთ?
- გეთანხმებით, სამივე საჭიროა. პირადად მე ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რომ კაცის მოტყუება უნდა ვიცოდე. თავდამსხმელების უკან, მარჯვნივ. თუმცა არიან თავდამსხმელები, რომლებიც კაცს არ ატყუებენ და ბურთის დაგდებაზე თამაშობენ. ყველას თავისი საქმე აქვს და რაშიც ძლიერები არიან, იმ კომპონენტს იყენებენ. დღევანდელ ფეხბურთში განსაკუთრებით ფასობს სისწრაფე და ჭკუა – თუ სწორად არ აზროვნებ, ძნელია. და სისწრაფე ხომ საერთოდ: ფეხბურთელები კი არ დარბიან, დაქრიან...
- გოლი, რომელიც არ დაგავიწყდებათ - არის ასეთი?
- ზაფხულში "დაუგავასთან", როცა 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ვემზადებოდით - http://www.youtube.com/watch?v=Ov4x9KM3YKE
- ბავშვობაშიც გაქვთ ასეთი გოლები გატანილი?
- სიმართლე გითხრათ, უკეთესებიც მაქვს, თუმცა ეს მაინც 19-წლამდელთა ნაკრებში იყო. იმედია, უკეთესი წინ მელის.