ფეხბურთი

12:05 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი: “რეალის” ქომაგები დესიმას იმსახურებენ”

 მადრიდის “რეალის” ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა Marca-ს კორესპონდენტ უგო სერესოს მისცა ინტერვიუ. პოპულარული გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას ბალკანელმა განაცხადა, რომ 2013 წელი მისთვის წარმატებული იყო, თუმცა, იანვრიდან კიდევ უფრო მეტის მოლოდინშია.

 - რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვალენსიის “მესტალიაზე” მოგება და წლის მაჟორულ ნოტზე დასრულება?

- ემოციურ ფონზე მოპოვებული მოგება ძალიან მნიშვნელოვანი გამოვიდა. ჩვენი გუნდი ერთიანი იყო გასახდელშიც და მინდორზეც – ყველამ ერთად აღვნიშნეთ ხესეს გოლი. ყოველივე ეს სეზონის მეორე ნაწილის წინ ოპტიმისტურად განმაწყობს.

- მთლიანობაში რა შეფასებას მისცემთ 2013 წელს?

- პირადად ჩემთვის წარმატებული წელიწადი გამოდგა. შემობრუნების მომენტი მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარებული მატჩის შემდეგ დაიწყო, შემდეგ იყო სათასო “კლასიკო”, რომელიც “რეალმა” მოიგო. ვთვლი, რომ მთლიანობაში დადებითი ბალანსი გვქონდა. ტიტულის მოსაგებად ცოტათი იღბალი არ გვეყო. ამჟამად “რეალი” სამივე ტურნირზე აგრძელებს წარმატებულ თამაშს და იმედია, 2014-ში გულშემატკივარს გავახარებთ. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

- რას ელით მომავალი წლისგან?

- ამაზე უკვე ნაწილობრივ მოგახსენეთ. იმედია, 2014 წინაზე უკეთესი გამოგვივა. პირადად მე ჯანმრთელობას ვისურვებდი, რათა “რეალს” და ხორვატიის ნაკრებს დავეხმარო დასახული ამოცანების გადაჭრაში.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პერიოდი გაქვთ. “რეალთან” ადაპტირების პროცესი დასრულებულია?

- გეთანხმებით, მართლაც კარგი პერიოდი მიდგას. ეს კი უპირველესად იმის დამსახურებაა, წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად ჩავატარე. უმთავრესი კი ისაა, რომ მთავარი მწვრთნელი ნდობას მიცხადებს. ეს მეტ მოტივაციას მმატებს და უკეთესი თამაშისკენ მიბიძგებს. აუცილებლად ხაზგასასმელია გულშემატკივრების მხარდაჭერა. მათთან კარგი ურთიერთობის დამყარება მოვახერხე. “რეალის” ქომაგები დესიმას იმსახურებენ.

- რას გვეტყვით კარლო ანჩელოტისა და ზინედინ ზიდანზე?

- ანჩელოტი მეტად მაღალი რანგის სპეციალისტია და ურთიერთნდობის შედეგად ბევრის მიღწევის იმედი მაქვს. დიდ სამსახურს გვიწევს ზიდანი. წარსულის ფენომენალური ფრანგი ვარსკვლავი ბევრ სასარგებლოსა და საინტერესოს გვიჩვენებს. ზიზუს გუნდში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება. მაგალითად ვარჯიშის შემდეგ მასთან ერთად კარში დარტყმებს ვხვეწთ. ზინედინი უნიკალური ადამიანია და მიხარია, მასთან ერთად მუშაობა რომ მიხდება.

- ჩაბი ალონსოსთან ურთიერთქმედებით კმაყოფილი ხართ?

- ვფიქრობ, ცუდი ტანდემი არ გვაქვს. პირადად ჩემთვის მის გვერდით თამაში მეტად კომფორტულია. კარგად შევთამაშდი სამი ხედირასთანაც. მას მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში ჩადგომას ვუსურვებ.

- გარეთ ბეილი როდის დაიწყებს თავისი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას?

- მან უკვე შესამჩნევად მოუმატა და რამდენიმე მატჩში საკუთარი კლასი დაადასტურა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლიდან ბეილი კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდება.

- ამბობენ, “რეალის” ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ...

- ნამდვილად ასეა. ისკოსთან, ალვარო მორატასთან, ასიერ ილიარამენდისთან, ხესესთან, დანი კარვახალთან, კაზემიროსთან ვმეგობრობ კიდეც. ეს ბიჭები “რეალის” მომავალია და ბევრსაც მიაღწევენ.                                 

- “ოქროს ბურთი” ყველაზე მეტად ვის ეკუთვნის?

- კრიშტიანუ რონალდუს. იმედია, საუკეთესოდ მას აღიარებენ – პორტუგალიელმა ეს სხვებზე მეტად დაიმსახურა.

0.116287