ჭიდაობა

17:55 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “სამწუხაროდ, ტიტულები ადამიანობის განმსაზღვრელი არაა”

 

რამდენიმეთვიანი სიწყნარის შემდეგ, ქართულ ჭიდაობაში ახალი სკანდალი აგორდა. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონმა რომან რურუამ, “პირველი რადიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში, ფედერაციის პრეზიდენტის, მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონ ლუკა კურტანიძის შეცდომებზე ისაუბრა და საკმაოდ მძიმე ბრალდებებიც გააჟღერა, მათ შორის, ფინანსური დარღვევები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო, უახლოეს დღეებში შეკრებას და ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას გეგმავს. ფედერაციის პრეზიდენტი კი, რომან რურუასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ, მან დღეს, “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში განაცხადა.

- სამწუხაროა, რომ ქართულ ჭიდაობაში ისევ დაპირისპირებაზე გვიწევს საუბარი და ამის მიზეზი ზუსტად იგივე ხალხია, ვინც ჯერ კიდევ გაზაფხულზე ცდილობდა სიტუაციის არევას. განსაკუთრებით გულსატკენი კი ისაა, რომ ისინი ჯერ ევროპის ჩემპიონატის წინ ახმაურდნენ, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ აკეთებენ იმავეს. დიდი მიხვედრა არ უნდა, დროს სპეციალურად არჩევენ, რადგან ქართული ჭიდაობის წინსვლა, მათთვის მთავარი საფიქრალი ნამდვილად არაა.

- კონკრეტულად რომან რურუას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. მას და გიორგი მაკასარაშვილს, რომლებიც იმის მაგივრად, რომ თბილისში ჩასატარებელი ევროპირველობის წინ გვერდით დამდგომოდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩემთვის ხელი შეეშალათ. საბედნიეროდ, ეს არ გამოუვიდათ და ვერც სხვა მცდელობებით მიაღწევენ მიზანს.

- მაინც, რატომ უნდა იყვნენ თქვენთან ბრძოლით დაინტერესებულნი?

- მხოლოდ პირადი ინტერესის გამო. ჭიდაობა რომ ნაკლებად ანაღვლებთ, ისედაც თვალნათლივ ჩანს. ჩვენმა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატებზე იჭიდავეს. ახლა მსოფლიოსთვის ემზადებიან და ამ პატივსაცემ ბატონებს, რომლებიც ჭიდაობაზე ზრუნვასა და ფიქრზე დებენ თავს, ერთხელაც არ გასჩენიათ ინტერესი, დარბაზში შესულიყვნენ და ბიჭები გაემხნევებინათ, ან უკვე მიღწეული შედეგები მიელოცათ. სპორტსმენი ვიყავი და კარგად ვიცი, რამხელა სტიმულია სახელოვანი ადამიანების მხრიდან გამოჩენილი ყურადღება. მწვავე განცხადებებისა და ცილისწამებების მთავარი მიზეზი პირადი ინტერესია, მაგრამ საბედნიეროდ, წავიდა ის დრო, ადამიანის ადგილს მისთვის ძირის გამოთხრით რომ იკავებდნენ ხოლმე.

- ითქვა, რომ ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა რომან რურუამ, წერილობით გთხოვათ ფედერაციის ფინანსური ანგარიშის მიწოდება...

- ნამდვილად ასე იყო და გადავუგზავნე კიდეც, რაც სურდა. თავისუფლად შეეძლო, მოსულიყო ფედერაციაში და თავად დარწმუნებულიყო, რომ არანაირი დარღვევა არ არსებობს, მაგრამ მას სხვაგვარი სტრატეგია აქვს არჩეული. წერილობით უნდა გვეკონტაქტოს და რაც შეიძლება მეტი ცილი უნდა დაგვწამოს. შეთითხნილი ბრალდებებით და ტალახის სროლით ცდილობს საზოგადოებას ბინძური ინფორმაცია მიაწოდოს და შეცდომაში შეიყვანოს. ძალიან მტკივა გული, რომ ამას აკეთებს ადამიანი, რომელსაც სპორტში ჩემს ერთ-ერთ კერპად მივიჩნევ. სამწუხაროდ, ტიტულები ადამიანობის განმსაზღვრელი არაა.

- გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომან რურუა რამდენიმე კონკრეტულ ბრალდებას აყენებს. პირველ ყოვლისა, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ფინანსური დარღვევების აღმოჩენაზე ამახვილებს ყურადღებას.

- ფინანსების მხრივ, ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობა არასოდეს ისეთი გამჭვირვალე არ ყოფილა, როგორიც ახლაა. თითოეული თეთრი მიზნობრივად და გაწერილად იხარჯება და ამის შემოწმება მარტივად შეიძლება. თავადაც კარგად იცის, რომ ასეა, მაგრამ მისთვის მთავარი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. არადა, როდესაც მართლა უნდა აეტეხა ხმაური ფინანსებთან დაკავშირებით, მაშინ, წლების განმავლობაში, პირში წყალი ქონდა ჩაგუბებული. უკვე დიდი ხანია ჭიდაობაში ტრიალებს. წლების განმავლობაში ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი იყო, ისევე, როგორც გიორგი მაკასარაშვილი, მაგრამ მშვიდად იყვნენ მოკალათებულნი და არანაირ კანონდარღვევებს არ ეძებდნენ. ყურადღებასაც არ აქცევდნენ. ერთხელ მაინც უკითხავთ, სად წავიდა 2009 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატიდან მიღებული შემოსავალი? იმის მაგივრად, რომ ცილისწამებას თავი დაანებონ და ჭიდაობის განვითარებაში მონაწილეობაზე იფიქრონ, ისევ ბინძური წესებით თამაშს აგრძელებენ.

- ბრალდებებს შორის გაჟღერებულია ფედერაციის გაბერილი შტატები, გაუცემელი ხელფასები და უეცრად შეწყვეტილი სანაკრებო შეკრებები...

- ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში სულ ათი თანამშრომელი მუშაობს და ყველას თავისი საქმე აქვს. ახლახანს, მთელი საქართველოს მასშტაბით გადავამოწმეთ საჭიდაო სკოლები და დავაზუსტეთ, რომ სპორტის ამ სახეობით, ქვეყანაში დაახლოებით 5 ათასი ადამიანია დაკავებული. პოპულარიზაცია და გეოგრაფია იზრდება და რომელ გაბერილ შტატებზეა ლაპარაკი. აბსოლუტურად უსუსური ბრალდებაა. ხელფასების გაცემის პროცესიც უნაკლოდ მიმდინარეობს და ამ მხრივ, ერთი უმნიშვნელო ჩავარდნაც კი არ გვქონია. კიდევ უფრო სასაცილოა ბრალდება, რომ, თურმე, შეკრებები იშლება. შეგიძლიათ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ნებისმიერ წევრს ჰკითხოთ. აი, ასეთი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ფინანსურ დარღვევებზე და უნამუსობაზე ლაპარაკობს კაცი, რომელიც ათობით მილიონად შეფასებული ფაბრიკის მფლობელია. იქნებ, უკან გაიხედოს და გაიხსენოს, როგორ დააგროვა ამხელა კაპიტალი.

- ისევ თქვენდამი წამოყენებულ ბრალდებებს მივუბრუნდები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფედერაციის ბუღალტერი გაანთავისუფლეთ და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატიდან მოგება მიიღეთ...

- ბუღალტერს დავემშვიდობე და ამის საფუძველი ნამდვილად მქონდა. ევროპის ჩემპიონატის წინ, ფედერაციამ საქმიანი ხელშეკრულება გააფორმა კომპანია “ნიუ თრეველთან”, რომელმაც მთელი რიგი საორგანიზაციო დეტალები აიღო საკუთარ თავზე. შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ბუღალტერს ამ კომპანიასთან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა მოემზადებინა. სამი თვის განმავლობაში ვერ მოაბა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ლამის, ყოველ კვირაში ვახსენებდი. სხვა გამოსავალი არ მქონდა, გარდა იმისა, რომ მასთან ურთიერთობა გამეწყვიტა – ხელშეკრულების ვადა რომ გაუვიდა, ახალი კონტრაქტი აღარ გავუფორმე. ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება ევროპირველობიდან მიღებულ მოგებას, დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზეა საუბარი. ეს თანხა, თითო თეთრის სიზუსტით, ქართული ჭიდაობის განვითარებას და წინსვლას მოხმარდება. რაც მთავარია, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

- დაბოლოს, როგორ აპირებთ ბრალდებებზე პასუხის გაცემას?

- 80 წელს მიტანებული ადამიანისთვის ჩივილის სურვილი არ მაქვს. მოვითხოვ ვაჟკაცობა ეყოს და ტყუილებისთვის ისევე სახალხოდ მოიხადოს ბოდიში, როგორც სკანდალის აგორებას ცდილობს. ამასთან, იურისტთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და აუდიტის მოწვევას ვაპირებთ, რათა 2005-2012 წლებში ფედერაციაში დაფიქსირებული ფინანსური დარღვევები საფუძვლიანად გამოიძიონ. მართალია, დოკუმენტაციის დიდი ნაწილი დაკარგულია, მაგრამ სიმართლის გარკვევა მაინც არ უნდა იყოს ძნელი.

 

0.116952