საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე კმაყოფილია თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის პირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი სპორტსმენების დღევანდელი შედეგებით.
ქართველმა ფალავანმა 55 წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ლუკა კურტანიძე: ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებას, იმედია, რომ ეს პირველი და უკანასკნელი არ იქნება და ამ ტურნირზე კიდევ მრავალ წარმატებას მივაღწევთ.
- დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ორ წონაში ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი ცოტა არ არის.
- უფრო მეტ წარმატებას ხინჩეგაშვილისგან ველოდით, რომელიც ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია.
- შეგახსენებთ, რომ ხინჩეგაშვილმა წონა შეიცვალა და 55-დან 60 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა, და ამიტომაც ეს დიდი წარმატებაა. მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ვიცი, რამდენად ძნელია წონის გამოცვლა და ახალ წონით კატეგორიასთან შეგუება. პირველივე ცდაზე ბრინჯაოს მედალი, მერწმუნეთ, დიდი წარმატებაა.
- გუშინდელ დღეზე რას გვეტყვით? ჩვენმა ფალავნებმა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენეს, პირველივე შეხვედრა წააგეს და გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს.
- გუშინდელი დღე მაგალითი იყო ჩვენთვის, რომელსაც მომავალში გავითვალისწინებთ. წარმატებას ყველა წონით კატეგორიაში უცბად ვერ მიაღწევ. გავითვალისწინებთ რა შეცდომებიც გვქონდა და იმედია, მომავალ ტურნირებში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ...
...“მსოფლიო სპორტმა” კომენტარი თხოვა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანსაც: “საქართველო ყოველთვის მდიდარი იყო ნიჭიერი და სახელოვანი ფალავნებით. იმედია, ჩვენს ქვეყანას არც მომავალში მოაკლდება სახელოვანი ფალავნები და მომავალში ერთ-ერთი მათგანი გიორგი ედიშერაშვილი იქნება, რომელმაც დღეს თბილისში მიმდინარე ევროპის პირველობაზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი (თანაც ოქროსი) მოუტანა.“