ჭიდაობა

14:53 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კურტანიძე: “მადლობა მშობლებს”

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ და ტრადიციულად, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ შეჯიბრს შემაჯამებელი პრესკონფერენცია მოაყოლა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციისა და სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად ნაკრების წევრებიც შეხვდნენ. შეგახსენებთ, 6-11 მაისს ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართულ ევროპირველობაზე ქართულმა დელეგაციამ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აქედან 2 ოქრო და 1 ბრინჯაო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზე მოდის. ნიკოლოზ ჭიკაიძე (63 კგ) და ზვიად პატარიძე (100 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ნუგზარ წურწუმიამ (42 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან მექი სიმონიამ (76 კგ) ვერცხლის მედალი მოიგო, რითაც ნანჯინგის 2014 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ნორმატივიც შეასრულა. გიორგი ხაჩიძე (42 კგ), ივერი ჯულაყიძე (63 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ) კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

ჭაბუკ სპორტსმენებს პირველმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ მიმართა:

“საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებებმა სულ 7 მედალი მოიპოვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამასთან, ორივე გუნდი შარშანდელზე უკეთ გამოვიდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეროვნულ ნაკრებს კარგი ახალი თაობა ეზრდება. მადლობა თითოეულ სპორტსმენს და მწვრთნელებს, გაწეული სამუშაოსთვის. ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მუდმივად მხარში დგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი ამ ბავშვების მშობლებს, რომლებიც ქვეყანას მართლაც საამაყო ვაჟკაცებს უზრდიან” – განაცხადა კურტანიძემ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონებთან ერთად, ნუგზარ წურწუმიასა და გივი მაჭარაშვილის ჭიდაობა გამოარჩია და იქვე დასძინა, ეს ბიჭები რეალურად ოქროს მედლებით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ასე არ მოხდაო.

სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი დოლაბერიძემ აღნიშნეს, რომ ქართველი გულშემატკივრები მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებით განებივრებულნი არიან და ჭაბუკთა ნაკრებების წევრებს ამ ტრადიციის გაგრძელებისთვის მადლობა გადაუხადეს. უფრო დიდი გამარჯვებები კი 15-20 ივლისს სლოვაკეთის ქალაქ სნინაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე უსურვეს.

ჭაბუკთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა დავით ბედინაძემ (ბერძნულ-რომაული) და გიორგი იანტბელიძემ (თავისუფალი) განაცხადეს, რომ სეზონის უმთავრეს შეჯიბრამდე დარჩენილ ორ თვეს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენებენ, რათა ევროპირველობის შედეგები გააუმჯობესონ.

0.254439