“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდს გარკვეული დრო დასჭირდება, რათა თამაშის ახალ მანერას მიეჩვიოს.
“წითელმა ეშმაკებმა” პრემიერლიგის ახალი სეზონის მარცხით გახსნეს - მანჩესტერელებმა “სუონსის” უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ. ხვალ ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდი სტუმრად “სანდერლენდს” ეთამაშება და ვან გაალმა The Telegraph-ს განუცხადა:
“პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონი გახდება, თუმცა ამას ბოლო ხმაზე არ გავყვიროდი. პარალელურად იმასაც ვამბობდი, რომ ამისათვის დროა საჭირო. დროა საჭირო ახალი გუნდის ასაშენებლად, რადგან ამის ერთ დღეში გაკეთება შეუძლებელია. ესაა ხანგრძლივი პროცესი, რომელიც სწორედ ახლა იწყება. ყველა გუნდი, რომელშიც მიმუშავია, ცუდად იწყებდა. ფეხბურთელებს ინსტიქტური მოქმედებებიდან აზროვნებაზე გადართვა უწევდათ. საქმეში თავის ჩართვა და ტვინის ამუშავება, იოლი საქმე არაა. მე იმ სტილის მწვრთნელი არ ვარ, როგორებსაც აქამდე “მანჩესტერში” უმუშავიათ და ამიტომ, იოლი არ იქნება”.







