ფეხბურთი

16:14 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლოვრენი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს უმიზნებს

 

,,საუთჰემპტონის’’ ცენტრალური  მცველის დეიან ლოვრენის აზრით, მის კლუბს შეუძლია მოხვდეს პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში, რაც იქნება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გარანტია. ამ თემაზე ხორვატი ფეხბურთელი ,,დეილი მეილს’’ ესაუბრა. ხორვატმა ფეხბურთელმა შეაქო კლუბის დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო - არგენტინელ თავკაცს უმაღლესი დონის მწვრთნელი უწოდა.

,,რა თქმა უნდა ურთულესია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, მით უმეტეს როცა შენი გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს შიდა ჩემპიონატში ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, შეგვიძლია ვიბრძოლოთ ოთხეულში მოსახვედრად, მთავარია ყველა ჩვენგანში იყოს რწმენა, გვჯეროდეს წარმატების მიღწევის, ვინაიდან მხოლოდ სურვილი არაფერს ნიშნავს.’’_განაცხადა ხორვატმა.

,,მაურისიო პოჩეტინო ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია, ჩვენ ყველანი ბედნიერნი ვართ რა სტილის ფეხბურთსაც ვთამაშობთ. ვფიქრობ, ჩვენი თამაშით ბევრი კლუბის პატივისცემას ვიმსახურებთ’’_ აღნიშნა ფეხბურთელმა.

,,როდესაც კლუბში  მოვედი, ვუსმენდი მთავარ მწვრთნელს და კლუბის სპორტულ დირექტორს, ისინი დიდ გეგმებზე საუბრობდნენ. ვაღიარებ, მათ სიტყვებში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი,  მაგრამ როდესაც მე ვნახე რა ვითარება იყო კლუბში წინასასეზონო შეკრების დროს და როდესაც კლუბმა ვანიამა და ოსვალდო შეიძინა, დავრწმუნდი შეგვეძლო სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა.’’_ დაასრულა ლოვრენმა, რომელმაც  პრემიერლიგაში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ერთი უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა მოახერხა, სტუმრად ,,ენფილდზე’’ ლოვრენის გოლით ,,წმინდანებმა’’ სამი ქულა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, ლოვრენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 8,8 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ფრანგული ,,ლიონიდან’’ გადაბარგდა ინგლისურ კლუბში.

ხორვატ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 2 გოლია. 2011 წელს ნაკრებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა, მაშინ თემურ ქეცბაიას შეგირდებმა სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს მინიმალური ანგარიშით.

დიმიტრი შარიქაძე

0.117002