ფეხბურთი

16:15 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლოთარ მათეუსის დღეები საქართველოში

"ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა გახდება"


 

საქართველოში გერმანიის ნაკრების ქომაგებს რა გამოლევს და მათ მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა "ქართული ლუდის კომპანია"  König pilsener-მა.  თბილისში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, გერმანელი ლოთარ მათეუსი ჩამოვიდა და არაერთმა გულშემატკივარმა მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, ავტოგრაფი მიიღო.

მათეუსი დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაბინავდა. ის 5-6 ივნისს დაჰყოფს თბილისში და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს.

გერმანელ ლეგენდას პრესკონფერენცია არ გაუმართავს  და ამდენად, სულ 3-5 წუთით შეგვეძლო მასთან გასაუბრება – რამდენიმე კითხვით.

"შერატონ მეტეხი პალასიდან", მათეუსი საგურამოში, ლუდასახარშ "ზედაზენში" წაიყვანეს, სადაც Konig Pilsener-ის ინიციატივით, საქართველოში გერმანიის ნაკრების ფანკლუბი დაფუძნდა. ამ ფანკლუბის საპატიო პრეზიდენტი სწორედ მათეუსი გახდა. დიდ ბანერზე პირველი ავტოგრაფი მათეუსმა დატოვა, შემდეგ კი ქართველმა გულშემატკივრებმაც მოაწერეს ხელი...

"უგულშემატკივრე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს Konig pilsener-თან ერთად და იყავი გამარჯვებული" – ასეთია ფანკლუბის სლოგანი. კომპანიამ გერმანის ნაკრებისა და "ზედაზენის" მაისურები, ასევე ლუდი დაარიგა საჩუქრად.

"ლუდი ძალიან მომეწონა. ასევე ქარხანაც ლამაზია. და საერთოდ, მოხარული ვარ, რომ ასეთი ატმოსფეროა" – თქვა ღიმილიანმა მათეუსმა, რომელსაც ასაკი საერთოდ არ ეტყობა. ახალგაზრდულად გამოიყურება, მხიარული პიროვნებაა და ავტოგრაფებზე თუ სამახსოვრო ფოტოებზეც არ შეწუხებულა.

ფანკლუბის გახსნის ცერემონიალს საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგიც ესწრებოდა. მათეუსმაც და ჰენიგმაც ხუმრობით თქვეს, მუნდიალზე საქართველო რომ მონაწილეობდეს, ჩემპიონი გახდებოდაო.

ისე კი, მათეუსმა არგენტინის ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა...

"ფავორიტი? გერმანიას საკმაოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს, შემადგენლობიდან განსაკუთრებით მარკო როისსა და ფილიპ ლამს გამოვარჩევ, თუმცა ჩემი აზრით, ჩემპიონი არგენტინა გახდება. საკმაოდ დიდია ლეო მესის ფაქტორი და არგენტინელებს სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს".  

შეგახსენებთ, მათეუსს ორჯერ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არგენტინის წინააღმდეგ: 1986 წელს გერმანელებმა 2:3 წააგეს, ხოლო 1990-ში 1:0 იმარჯვეს და იმ "ბუნდესტიმის" N1 ფეხბურთელი სწორედ მათეუსი გახლდათ. უმრავლესობის აზრით, გერმანულ ფეხბურთს მასზე დიდი ნახევარმცველი არ ჰყოლია.

სხვათა შორის, იყო ცნობა, რომ როცა მათეუსი ბულგარეთის ნაკრებში მწვრთნელად მუშაობდა, შტაბში ქართველი ელიზბარაშვილი ჰყავდა. ჩვენ მის შესახებ ვკითხეთ, თუმცა ლეგენდარულ გერმანელს არ დაუკონკრეტებია და ზოგადად ეს თქვა:

"საერთოდ, ქართველებზე ინფორმაცია მაქვს. ვიცი, რომ გყავდათ ფეხბურთელები "მილანსა" და "შალკეში". პატარა ქვეყნისთვის ეს მიღწევაა. მოხარული ვიქნებოდი, საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე რომ თამაშობდეს".

ფანკლუბის გახსნას ქართველი იუმორისტებიც დაესწრნენ, მათ შორის, სიკო ჭუმბურიძე და ზურაბ გაჩეჩილაძე ("შონზო"). ჭუმბურიძე იტალიის გულშემატკივარია, აი, "შონზო" კი ცნობილი "გერმანელი" გახლავთ და გავესაუბრეთ:

"1980 წლიდან გერმანიის გულშემატკივარი ვარ. იმ დროს 8 წლის ვიყავი...  მათეუსი იყო უდიდესი ფიგურა იმ ნაკრებისა, რომელიც 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რა თქმა უნდა, ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო და ასეთად რჩება. ამიხდა ოცნება და ცოცხლად ვნახე. ჩემს მეგობრებს უნახავთ მათეუსი საზღვარგარეთ და მახარბებდნენ, დღეს კი აი, მეც ბედნიერი ვარ. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მსოფლიოს თასი ხელში მიჭირავს. ის თასი, 90-ში რომ მოიგეს".  

მათეუსი დღეს გერმანიის ნაკრების ფანებს კვლავ შეხვდება, ხვალ კი ვიზიტი აქვს საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" (10:30 საათზე), სადაც ინფრასტრუქრურას დაათვალიერებს და ამ სკოლის მოზარდებსა და ბავშვებს გაეცნობა. ასევე ეწვევა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

... კარგა ხანს, მექსიკელი მეკარე კარბახალი ერთადერთი იყო, რომელსაც 5 მსოფლიო ჩემპიონატზე ჰქონდა ნათამაშევი. ეს რეკორდი ერთადერთმა კაცმა გაიმეორა – ის დღეს საქართველოს სტუმარია.

მათეუსს 150 მატჩი ჩაუტარებია ეროვნულ ნაკრებში და 23 გოლი გაუტანია. მსოფლიომდე, ევროპის ჩემპიონიც გახდა 1980 წელს. დასახელებულია ფიფას მიერ გასული საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1990 წელს ოქროს ბურთი მოიგო, მომდევნო წელს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მათეუსი 7-ჯერ გახდა გერმანის ჩემპიონი, 3-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი. იტალის ჩემპიონიცაა. გარდა ამისა, 2-ჯერ მოუგია უეფას თასი. თამაშობდა "გლადბახში", "ბაიერნში", "ინტერსა" და ამერიკულ "მეტროსტარზში". კარიერა 2000 წელს, 39 წლის ასაკში დაასრულა.

წვრთნიდა ვენის ”რაპიდს", ბელგრადის "პარტიზანს", უნგრეთის ნაკრებს, ბრაზილიურ "ატლეტიკო პარანაენსეს", ავსტრიულ "ზალცბურგს", ისრაელის "მაკაბი ნეთანიას" და ბოლოს, 2010-2011 წლებში ბულგარეთის ნაკრებს.    

0.214141