სტატიები

19:44 | 25.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ლოს ანჯელეს კლიპერსი”

ბოლო სეზონები: ელიტასთან ახლოს
ბოლო წლების განმავლობაში, “კლიპერსის” მიღწეული წარმატებების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, კლუბის გენერალური მენეჯერი ნილ ოლიში ზაფხულში მოულოდნელად გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და მისი ადგილი, შედარებით უცნობმა გარი საქსმა შეავსო. მიუხედავად ცვლილებებისა, გუნდის ხელმძღვანელობა ჯიუტად მიჰყვება გუნდის განვითარების კურსს: ცდილობს “კლიპერსი” გაავსოს ვარსკვლავებით. წლევანდელ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა კლუბის მენეჯმენტმა. კალიფორნიული კლუბი დატოვეს: რეჯი ევანსმა, ბობი სიმონსმა, რაიან გომესმა, რენდი ფოემ, ნიკ იანგმა, მო უილიამსმა და კენიონ მარტინმა. თუმცა, შევსებაც საკმაოდ მსუყე მიიღო: ჯამალ კროუფორდი, ლამარ ოდომი, გრანტ ჰილი, რაიან ჰოლინსი, უილ გრინი, მეტ ბარნსი და რონი ტურიაფი. ალბათ, დღესდღეობით, “კლიპერსი” ნბა-ში ერთ ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული გუნდია ყველა სათამაშო პოზიციაზე.

მთავარი მწვრთნელი: ვილი დელ ნეგრო
ვილი დელ ნეგრომ ჯერჯერობით ვერ დაუმტკიცა საკალათბურთო სამყაროს რომ იგი ძლიერი სპეციალისტია, მან ეს ვერც მაშინ შეძლო, როდესაც “ჩიკაგო ბულზის” სათავეში გახლდათ (2008-10 წლები) და ჯერჯერობით არც “კლიპერსში” ყოფნისას გამოუვიდა. იგი ცუდი სპეციალისტი ნამდვილად არაა, უბრალოდ საშუალო დონის გუნდისთვის იგი კარგი მწვრთნელია, თუმცა მაღალი დონის კლუბში თვითონაა უკვე საშუალო დონის დამრიგებელი. კრის პოლის ტრანსფერით კალიფორნიული კლუბი უცბად გაძლიერდა და ნაჩვენები შედეგების მიხედვით ნბა-ს ელიტარულ კლუბებს მიუახლოვდა. თუ პლეი ოფის პირველ რაუნდში დელ ნეგროს და მის სამწყოს ეყოთ ძალა გამკლავებოდნენ “მემფისს”, კონფერენციის ნახევარფინალში გრეგ პოპოვიჩთან და მის სან ანტონიოსთან დაპირისპირებაში ნათლად გამოჩნდა მთავარი მწვრთნელის სუსტი მხარეები.

უკანა ხაზი: კრის პოლი, ჩონსი ბილაფსი, კერონ ბატლერი
კრის პოლის ნიჭს და შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, მას შეუძლია დღესDდღეობით ნბა-ს ნებისმიერი “უპრეტენზიო” კლუბი უცბად ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად აქციოს. იგი მთავარ როლს თამაშობს, როგორც გუნდის თავდასხმაში, ასევე თავდაცვისას. მას აქვს უნარი გუნდს ულიდეროს და ყველაზე საჭირო მომენტებში ჩააგდოს გადამწყვეტი ქულები. თუმცა, დღესდღეობით “კლიპერსი” მასზე ძალიანაა დამოკიდებული, სანამ პოლი ჯანმრთელად გახლდათ, კლუბის თამაში საათის მექაანიზმივით აწყობილი იყო, თუმცა პლეი ოფის მიმდინარეობისას მიღებული ტრავმის შემდეგ უკვე მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული სათადარიგო მოთამაშეებით დამთავრებულები  ყველა დაბნეულად გამოიყურებოდნენ და არ იცოდნენ, რა დაეპირისპირებინათ მეტოქეებისათვის მთავარი გამთამაშებლის არყოფნაში. მომავალ სეზონშიც “კლიპერსის” შედეგი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული კრისი შეინარჩუნებს თუ არა საკუთარ ჯანმრთელობას 100%-ით.

http://www.youtube.com/watch?v=p7Ztak4T_Dw
ჩონსი ბილაფსითა და კერონ ბატლერის წყვილი ერთ ერთი ყველაზე გამოცდილია მთელს ნბა-ში, რომელთაც არც შავი სამუშაოს გაკეთება ეთაკილებათ და შეტევაშიც საიმედონი არიან. ბილაფსის მეტსახელი უკვე ყველაფერს მიანიშნებს: Mისტერ ბიგ სჰოტ. მათ შეუძლიათ როგორც საშუალო დისტანციებიდან, ასევე წამიერად 3 ქულიანი ზონიდანაც “ამოავსონ” მეტოქეთა კალათები. მათი გამოცდილების ფონზე გუნდში არსებული ახალგაზრდა კონტიგენტი გარანტირებულად გააგრძელებს პროგრესირებას. უბრალოდ დიდი ბედნიერებაა, როდესაც კლუბში ერთდროულად გყავს ძველი და ახალი თაობის ორი  საუკეთესო უკანახაზელი: ჩონსი ბილაფსი და კრის პოლი.
http://www.youtube.com/watch?v=qhRKdAAYvf4


წინა ხაზი: ბლეიკ გრიფინი, დეანდრე ჯორდანი
ბლეიკ გრიფინი ნბა-ს ყველაზე ახალგაზრდა თვალისმომჭრელი ვარსკვლავია, მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, მან უკვე მოასწრო დაემკვიდრებინა თავი ელიტარულ კალათბურთელთა შორის. მისი სამწამიანში შესვლა ყველა მოწინააღმდეგეს ზარავს, რადგან შესაძლებელია ბლეიკმა ისე გადაატენოს ნებისმიერ მათგანს თავზე ბურთი, რომ მათ ეს მთელი კარიერის განმავლობაში ავად გასახსენებლად დარჩეთ. იგი ნბა-ს “ტოპათების” უცვლელი წევრია გამაოგნებელი “სლემ დანქებით”, მის ყურებისას შეუძლებელია არ გაგახსნედეთ ცნობილი ამერიკული ფილმი “თეთრებს ჩატენვა არ შეუძლიათ”. დიახ, იგი თეთრკანიანია და მაინც დაფრინავს. შეუდარებელია მოხსნებზე თამაშისას, როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფარზე. მიუხედავად თვალისმომჭრელი სეზონებისა, მან თუ ვერ მოახერხა და საშუალო ტყორცნა არ გააუმჯობესა, პროგრესი ნელ-ნელა შეჩერდება და გრიფინი ვერასდროს გახდება მეორე კევინ გარნეტი და ტიმ დანკანი.http://www.youtube.com/watch?v=s6r-j3t1Dm4
დეანდრე ჯორდანი გახლავთ დიდი გაბარიტების მქონე დომინანტური ტიპის ცენტრი, რომელსაც ძირითადად სამწამიან ზონაში უწევს მოქმედება და მის გარეთ თითქმის უსარგებლო ხდება. თუმცა, თავისი მძლავრი ფიზიკური მონაცემებით იგი ყველანარიად ცდილობს პლაცდარმი შეუქმნას გრიფინის კარგ თამაშს, ასრულებს რა თამაშის მიმდინარეობისას დიდი ზომის შავ სამუშაოს. შედარებით ნელია, თუმცა მისი დუეტი ბლეიკთან ამას აბათილებს, რადგან მაღლების ეს ტანდემი ერთმანეთს ავსებენ. “კლიპერსის” 4 და 5 ნომერს აუცილებლად სამუშაო აქვთ საჯარიმო ტყორცნების რეალიზაციის პროცენტულ მაჩვენებელზე, რადგან დიდწილად სწორედ მათი ბრალია რომ გასულ სეზონში კლუბს თავისუფალი ტყორცნების გამოყენების პროცენტული მაჩვენებლი ნბა-ში ბოლოდან მეორე იყო.

http://www.youtube.com/watch?v=D89nEb19ktg

 

სათადარიგო მოთამაშეები: ერიკ ბლედსოუ, ჯამალ კროუფორდი, გრანტ ჰილი, მეტ ბარნსი, ლამარ ოდომი, რონი ტურიაფი

გასული სეზონის მიხედვით კლუბის მთავარი მიზანი სატრანსფერო ბაზარზე წინა ხაზის სათადარიგო მოთამაშეების მოძიება უნდა გამხდარიყო, თუმცა ამის მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკანა ხაზი გაეძლიერებინა და კლუბში მოვიდნენ ჯამალ კროუფორდი, გრანტ ჰილი და მეტ ბარნსი, რომელთაც მართლაც ძალუძთ სერიოზულად გააძლიერონ “კლიპერსის” თამაში. სამივე მათგანს შეუძლიათ როგორც დრიბლინგით სამწამიან ზონაში შესვლა და იქ ქულების მოპოვება, ასევე პერიმეტრიდან წარმატებული თამაში, ამასთან ბარნსი დაცვაში ერთ ერთი ყველაზე საიმედოა.
რონი ტურიაფი ჩემპიონი “მაიამიდან” გადავიდა, სადაც მან კრის ბოშის ტრავმის პერიოდში ღირსეულად ითამაშა ცენტრის პოზიციაზე. სათადარიგო მოთამაშის სტატუსით იგი ძალიან წაადგება გუნდს და მას თუ დავუმატებთ ლამარ ოდომს, (რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა დისციპლინასთან) მივიღებთ საკმაოდ ძლიერ, დაბალანსებულ და მოძრავ წინა ხაზს, რომელთაც შეხვედრებში პერიოდულად ჩართვისას შეუძლიათ მეტოქეებს არასასიამოვნო სურპრიზები შესთავაზონ.

სასტარტო ხუთეული: კრის პოლი – ჩონსი ბილაფსი – კერონ ბატლერი – ბლეიკ გრიფინი – დეანდრე ჯორდანი


გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში

ქულები: გრიფინი 21,3
მოხსნები: გრიფინი 11,2
გადაცემები: პოლი 9,4
ჩაჭრები: პოლი 2,1
დაფარებები: ჯორდანი 2,2
დაკარგვები: გრიფინი 2,4

დასკვნა: ლოს ანჯელესში გუნდი მაინც მეორე კლუბად რჩება, “ლეიკერსის” არსებობის გამო. “კლიპერსის” შემადგენლობა დაკომპლექტებულია ერთის მხრივ იმ გამოცდილი მოთამაშეებით, რომელთაც  ნბა-ში გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს, მეორეს მხრივ გუნდის კიდევ ერთ ძლიერ დასაყრდენს წარმოადგენს ახალგაზრდა ვარკვლავები კრის პოლისა და ბლეიკ გრიფინის სახით. კალიფორნიული კლუბი ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი ჯერჯერობით ალბათ ვერაა, თუმცა, მაღალ ადგილებზე პრეტენზია აუცილებლად ექნება. დიდი ალბათობით საპლეიოფო ბრძოლებში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მთავარი მწვრთნელი, რომელშიც ვილი დელ ნეგროს სახით ცოტა არ იყოს მოიკოჭლებს გუნდი. მიუხედავად ამისა ძალიან საინტერესო იქნება ამ გუნდის თამაშზე თვალის მიდევნება, რადგან “კლიპერსი” ყოველთვის გახსნილ და სანახაობრივ კალათბურთს აჩვენებს. http://www.youtube.com/watch?v=agnfqrbJt0E


გიორგი ბარბაქაძე

0.120964