დღეიდან ძიუდოისტები 2012 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მარათონში ჩაერთვებიან. 7-9 მაისს გასამართი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი – ტუნისის დიდი პრიზი ახალ საერთაშორისო რეიტინგს ჩაუყრის საფუძველს, რომლის მიხედვითაც ზუსტად 2 წელიწადში ლონდონის ოლიმპიადაზე წამსვლელები გამოვლინდებიან. სალიცენზიო კალენდარში 30-ზე მეტი ტურნირი შევა, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, მსოფლიოს თასები, დიდი პრიზები, დიდი სლემები და მასტერსები.
ტუნისის დიდი პრიზითვე იწყება წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლი. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამირან ტოტიკაშვილის წინასწარ გეგმაში ამ შეჯიბრზე გამოსვლა არ შედიოდა, მაგრამ გასულ კვირას წინასწარი გადაწყვეტილება ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შეცვალა და რიო დე ჟანეიროს დიდი სლემი ტუნისური ტურნირით ჩაანაცვლა. თან 14-კაციანი შემადგენლობაც დაასახელა. ცოტა ხნის წინ დიდი პრიზის მიმომხილველ ვებ-გვერდზე უკვე კენჭისყრის შედეგებიც დაიდო.
დღეს მედლები მამაკაცთა 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე 60 კგ), შალვა ქარდავა და პაატა მერებაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ.
პაპინაშვილი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთვება და რუსი ანტონ ხოროშილოვისა და უნგრელი ლასლო ბურიანის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შუკვანის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი იგარ მუშკიევი იქნება და გამარჯვებული უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონის, გიორგი ზანთარაიას პირისპირ დადგება.
კენჭისყრა პირველ წრეში ქარდავასაც დაასვენებს. მეთექვსმეტედფინალში იგი თავისსავით დასვენებულ ფრანგ ფლორენ ურანს დაეჭიდება. მერებაშვილს საწყის მოწინააღმდეგედ ტუნისელი მარუანე რომდანი ერგო. ამ წყვილიდან გასულს აზერბაიჯანელი ტარიან კარიმოვი ელოდება.
შაბათს ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ხოლო კვირას დარჩენილ სამ წონაში – 90, 100 და +100 კილოგრამებში. არსენა მაჭარაშვილი (73 კგ) წილისყრამ მონღოლ პურევდორჟ განბოლდს გადაჰყარა, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) – ბელგიელ იან ივ ბოტიეს, ლევან წიკლაური (81 კგ) – კამერუნელ ლუის მესის, ხვიჩა ხუციშვილი (81 კგ) – პორტუგალიელი დიოგო ლიმასა და ბურკინაფასოელი ჰერმან მონეს წყვილში გამარჯვებულს, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) – ჩინელ იანჟუ ჰის, მინდია ბოდაველი (90 კგ) – შვეიცარიელ დომინიკ ჰიშერს, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) – იტალიელ ალბერტო ბორინსა და კამერუნელ ფრანკ მუსიმა ევანეს შორის მოგებულს, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) – ირანელ მოიტაბა აკბარს ან რუმინელ დანიელ ბრატას, ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) – ესპანელ ანხელ პარას, ხოლო ალექსანდრე მსხალაძე (+100 კგ) – ტუნისელ ენის ჩედლის.
ოთარ მაღლაკელიძე







