აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურში, “ბაქისთან” მატჩში მოგერიებული პენალტის შემდეგ, ბაქოს “ინტერის” მეკარემ გიორგი ლომაიამ განაცხადა, რომ მეტოქის თავდამსხმელთან დუელის მოგებაში დარწმუნებული იყო.
ხსენებული შეხვედრის 89-ე წუთზე, როდესაც “ინტერი” იგებდა (1:0), სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც რაუფ ალიევმა შეასრულა და ლომაიამ “ბაქის” ფორვარდს არ გაატანინა.
“რაუფი კარგი ფეხბურთელია და შეეძლო გაეტანა კიდეც. პრინციპში მან ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ ლატარეაში მე გავიმარჯვე. უმეტეს შემთხვევაში პენალტის მოგერიება იღბალზეა დამოკიდებული. კონკრეტულ შემთხვევაში კი, შინაგანად ვგრძნობდი ალიევი სად დაარტყამდა” – იუწყება ლომაიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი azerifootball.com-ი.
სხვათა შორის, როდესაც “ბაქის” თავდამსხმელი პენალტის ნიშნულს უახლოვდებოდა, ლომაია ჟესტებით აჩვენებდა, რომ მარცხენა კუთხეში გადახტებოდა, მაგრამ საბოლოოდ მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია.