რაგბი

22:31 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,ლოკომოტივმა’’ მძიმე ბრძოლაში იმარჯვა

მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,აიამ’’ თბილისის ,,ლოკომოტივს’’ უმასპინძლა. ძველი მეტოქეების დაპირისპირება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან იღებს სათავეს და მათი პაექრობა მუდამ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს. ამის დასადასტურებლად, თუნდაც გასული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ორივე მატჩში დაფიქსირებული ფრეებიც იკმარებს. მეტოქე გუნდებს თავი არც ამჯერად შეურცხვენიათ და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებს, ერთობ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.

მატჩის დღეს ქუთაისში გადაუღებლად წვიმდა. უხვად მოსულმა ნალექმა მოედანი დაამძიმა. რაგბისტებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და სველი ბურთის ხელში შეკავებაც უძნელდებოდათ, ამიტომ, ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა. აშკარად ჩანდა, რომ ის გუნდი გაიმარჯვებდა, რომელსაც მატჩის ბოლოსთვის მეტი ძალა შერჩებოდა და მეტოქის შეცდომებსაც უფრო კარგად გამოიყენებდა.

შეხვედრა რკინიგზელთა უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში მათ რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს, თუმცა მეტოქის ლელოში შეღწევა ვერ მოახერხეს. ქუთათურთა პირველივე შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. მე-11 წუთზე, მასპინძლებმა მძლავრი ბიძგით მეტოქეს უკან დაახევინეს და 22-მეტრიან ხაზთან, სინაურიძეს ბურთი არეკნის დასარტყმელად გამოუტანეს. რიონისპირელთა მგეზავმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით, ბურთი კარის ძელებს შორის გააძვრინა - 3:0.

5 წუთის შემდეგ, მასპინძლებმა თითქმის ანალოგიური შეტევა განახორციელეს და სინაურიძემ ამჯერადაც შეძლო თანაგუნდელების ნდობის გამართლება - 6:0.

მოედნის ცენტრიდან თამაშის განახლებისთანავე, რკინიგზელებმა სახიფათოდ შეუტიეს და მეტოქის კარის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. ხელსაყრელი მდგომარეობიდან ანგარიშში სხვაობის შემცირება, წიკლაურს არ გასჭირვებია - 6:3.

ამის შემდეგ, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. ტაიმის შუაწელს, ქუთათურებმა 5-მეტრიან ხაზთან საკუთარი აუტი მოიგეს და მეტოქეს მძლავრი ბიძგით მიაწვნენ, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ბურთი წინ დაუვარდათ და ლელოს დადების შანსიც დაიკარგა.

25-ე წუთზე, სტუმრები 22-მეტრიანი ხაზის სიახლოვეს დაჯარიმდნენ და ქუთათურებს ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან სინაურიძის დარტყმული საჯარიმოს შემდეგ, ბურთი კარის ძელმა აისხლიტა.

ნახევარი საათის მიწურულს, რიონისპირელებს კიდევ ჰქონდათ თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მათი სალელოვე შეტევა, ირლანდიელმა რეფერიმ ზედ ჩათვლის მოედანთან შეაჩერა და ,,აიას’’ ერთ-ერთ მოთამაშეს, მეტოქის დაბლოკვა დაუფიქსირა. თითქმის მაშინვე, რკინიგზელთა საპასუხო იერიშისას მასპინძლები დაჯარიმდნენ და წიკლაურმა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით, თანაფარდობა აღადგინა - 6:6.

3 წუთის შემდეგ, წიკლაურმა კიდევ ერთხელ სცადა თავის გამოჩენა და მოედნის ცენტრში დანიშნული საჯარიმოს კარში დარტყმა გადაწყვიტა. მართალია, დარტყმის ტრაექტორია ზუსტად განსაზღვრა, მაგრამ ძალა დააკლო და ბურთმა კარის განივ ძელს ქვემოდან ჩაუფრინა, თუმცა წიკლაურმა საწადელს 38-ე წუთზე მაინც მიაღწია. რკინიგზელთა შეტევის დროს, არბიტრმა, უბურთო კაცის ბოჭვისთვის, თუთბერიძე მოედნიდან 10 წუთით გააძევა, თან ზედ კარის წინ საჯარიმო დანიშნა. წიკლაურის გარჯა ამჯერად შედეგიანი გამოდგა - 6:9.

ტაიმის უკანასკნელ წუთებზე, ქუთათურებმა გააფთრებით შეუტიეს. რამდენჯერმე ჩათვლის მოედანთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა მხოლოდ ხელსაყრელ საჯარიმოს გამორჩნენ. სინაურიძემ ზუსტი დარტყმით თანაფარდობა აღადგინა - 9:9. ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

შეხვედრის მეორე ნახევარიც რკინიგზელთა შეტევებით დაიწყო და ზედიზედ ორჯერ, ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა წიკლაურს ორივე შემთხვევაში ნერვებმა უმტყუნა და ანგარიში უცვლელი დარჩა. ანალოგიურ სიტუაციაში კი, სინაურიძემ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ზუსტი საჯარიმო დარტყმით, თავისიანები კიდევ ერთხელ დააწინაურა - 12:9.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, რკინიგზელებმა გააფთრებით შეუტიეს და წიკლაურის ზუსტი საჯარიმოთი კვლავ აღადგინეს თანაფარდობა - 12:12.

მატჩის დარჩენილ დროში, ორივე გუნდს დაღლა დაეტყო და შეცდომებსაც უხშირეს. მეტოქე გუნდის დამრტყმელებმაც თითო-თითო არეკნი გააცუდეს. ქუთათურთა მდგომარეობა კი, ლოსაბერიძის გასინბინებით კიდევ უფრო დამძიმდა. რკინიგზელებმა ეს სათავისოდ კარგად გამოიყენეს და წიკლაურმა მოედნის კიდიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით, თბილისელები წინ გაიყვანა - 12:15.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, შეხვედრის უკანასკნელ წუთებში რიონისპირელებმა მთელი გუნდით შეუტიეს. ისინი რამდენჯერმე მეტოქის ლელოსთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა რკინიგზელებმა თავი მედგრად დაიცვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ირლანდიელი არბიტრის საფინალო სასტვენმა, მიმდინარე ჩემპიონატში ქუთათურთა პირველი დამარცხება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ, ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,მძიმე მატჩი გვქონდა. სველ მინდორზე საკუთარი თამაშის ჩვენება ვერ მოვახერხეთ. ბევრი შეცდომა დავუშვით და ამისთვის დავისაჯეთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.’’

თემურ ბენდიაშვილი (,,ლოკომოტივი’’) - ,,ძალიან ძნელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ანგარიში თავისთავად მეტყველებს ამაზე. ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ბიჭებს გარჯისთვის.’’

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. III რაუნდი.
22 სექტემბერი. კვირა.
ქუთაისი. ,,დინამო“. 17:00 საათი. 200 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,ლოკომოტივი“ (თბილისი)  12:15  (9:9)

,,აია“: 15. კიკვაძე (აბრამიძე) 14. ს. კვერნაძე, 13. ფრუიძე, 12. ლოსაბერიძე, 11. შაშიაშვილი, 10. სინაურიძე (ჯინჭველაშვილი), 9. თ. თუთბერიძე (როხვაძე), 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (ტორაძე), 3. ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე), 4. შალამბერიძე, 5. ჯიმშიტაშვილი (ჩიტეიშვილი), 6. რევიშვილი (კ), 7. დანგაძე (ცირეკიძე), 8. ყურაშვილი;

2 ჯარიმა: სინაურიძე (2);
2 არეკნი: სინაურიძე (2);
სინბინი:
თუთბერიძე, ლოსაბერიძე;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

,,ლოკომოტივი“: 15. წიკლაური, 14. შიოშვილი (კობერიძე), 13. ქავთარაძე (ვასაძე), 12. კავთიძე, 11. ჟამუტაშვილი, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე, 1. ელოშვილი (კ), (გასვიანი), 2. გენებაშვილი, 3. ბალიაშვილი, 4. ხოლუაშვილი, 5. გეგია, 6. ახვლედიანი, 7. ჩიტიძე,  8. თხელიძე;

5 ჯარიმა: წიკლაური (5);
მწვრთნელი: თემურ ბენდიაშვილი

მთ. მსაჯი:  გარი ქონვეი (ირლანდია)
თ/მ:  საბა აბულაშვილი, შოთა თევზაძე

0.514415