მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა ქობულეთში შედგა, სადაც ადგილობრივმა “შუქურამ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. ევროპის ლიგაზე ღირსეულად გამოსვლის შემდეგ ზემო იმერელთა გუნდის მიმართ ინტერესი ადგილობრივ დონეზეც გაზრდილია და ქომაგებიც მაქსიმალურად ცდილობენ დაესწრნონ “ჩიხურას” პაექრობებს. თავის მხრივ კარგად დაიწყო ჩემპიონატი ზღვისპირულმა კლუბმაც. ქობულეთელებმა პირველ ტურში 2:1 დაამარცხეს “ზუგდიდი”, ხოლო მეორე ტურში უგოლო ფრე ითამაშეს სტუმრად ლანჩხუთს “გურიასთან”.
მატჩის დებიუტი საშუალო ტემპში წარიმართა. სიცხიანი ამინდის მიუხედავად, ფეხბურთელები მოძრაობას არ ერიდებოდნენ. თამაშის დაწყებამდე სახანძრო მანქანის მეშვეობით მოედანი მოირწყა. პირველად მეტოქის კარის მმართულებით თუხარელმა “გასროლა”, რომელიც ქვილითაიას იოლი ნადავლი შეიქნა. ცოტა ხანში საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან კუტალიას უყურადღებობას ბურთის დაკარგვა მოჰყვა, რომლის შემდეგაც ქიმაძემ ბურთი კორიფაძეს დაუგორა, რომლის დარტყმული მცირე მანძილით აცდა მასპინძელთა კარს. მე-11 წუთზე “შუქურას” ფეხბურთელებმა საჯარმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გიორგი ჩელებაძემ შეასრულა. ქობულეთელთა კაპიტნის დარტყმულს ქვილითაიამ მუშტები შეაგება და ხიფათიც განიმუხტა. ცოტა ხანში გიორგი ისევ სტანდარტულიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ ამჯერად მას სიზუსტემ უმტყუნა. მასპინძელთა იერიშების საპასუხოდ, მალევე ოდიკაძემ დაარტყა შორიდან ძლიერად, მაგრამ საჩხერელთა კაპიტანმა მიზანში ვერ მოარტყა.
მე-20 წუთზე ზღვისპირელებმა ჩინებულად გაითამაშეს ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან, მაგრამ მეტრეველის ჩაწოდებას ქობულეთელთაგან ვერავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ თამაშში კარგახნიანი უმომენტობის “ხანა” დადგა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ხიფათის შექმნა. მართალია, თამაშის ტემპი არ დავარდნილა, მაგრამ რეალური ხიფათი არ ჩანდა. 38-ე წუთზე კი ქუბულეთელი კუტალია ვალდებული იყო გაეტანა, როდესაც ჩელებაძის ჩაწოდებულზე ყველას დაასწრო და თავურით ცდილობდა ანგარიშის გახსნას, მაგრამ “შუქურას” ნახევარმცველის მცდელობის შედეგად ბურთი საჩხერელთა კარის ხარიხას გადაევლო. 43-ე წუთზე სტუმრებმა შეუქმნეს საფრთხე ქობულეთელთა კარს. მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს დიდებულად გაისარჯა ღონღაძე, რომელმაც მეურვე ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა და ძლიერად დაარტყა. ბურთი ისეთი ტრაექტორიით წავიდა, კარის ჩარჩოში რომ მოხვედრილიყო ალბათ ანგარიშიც გაიხსნებოდა, მაგრამ მასპინძელთა იღბლად ბურთი მცირე მანძილით აცდა კაკალაძის დასაცავ ობიექტს.
პირველი ნახევრის ეპილოგში ხიფათის შექმნა ორივე გუნდმა მოახერხა, თუმცა ზღვისპირელებმა ვერ მოახერხეს მომენტის გოლად გარდასახვა, ხოლო ზემო იმერელებმა თავიანთი შანსი გამოიყენეს. ქობულეთელთაგან მომენტი ხოჭოლავას ჰქონდა, როდესაც “შუქურას” მცველი თავით ცდილობდა მეტოქის კარის აღებას სტანდარტულის გათამაშების შემდეგ, თუმცა თანაგუნდელების მსგავსად მიზანმა მასაც უმტყუვნა. ტაიმის ბოლო წუთზე “ჩიხურამ” შეტევა მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყო. კორიფაძემ გადაცემა მოწინააღმდეგე ფლანგზე დეკანოიძეს გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ საჯარიმოს ხაზთან მყოფი კუჭუხიძე მოძებნა. საჩხერელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა შემობრუნებით დაარტყა, ბურთი ერთ-ერთ ქობულეთელს შეეხო, უცნაური ტრაექტორია მოხაზა და კაკალაძის უკან ჩაეშვა. “შუქურას” კიპერის ნახტომმა შედეგი ვერ გამოიღო და ტაიმიც სტუმრებმა მოიგეს – 0:1.
მეორე ტაიმი მასპინძლების აქტიურობით აღინიშნა და მათ მალევე თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ტრადიციულად იაქტიურა თუხარელმა, რომელიც მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ღონღაძეს გაცდა და წაიქცა. სირიელმა არბიტრმა ხელი საპენალტე ნიშნულისაკენ გაიშვირა, რასაც საჩხერელთა პროტესტი მოჰყვა, თუმცა ამის შედეგი ის იყო, რომ ბასლეჰლომ ყვითელი უჩვენა ღონღაძეს. პენალტი გიორგი ჩელებაძემ მაღალოსტატურად შეასრულა. ქვილითაია ერთ კუთხეში გადახტა, ხოლო ჩელებაძემ ბურთი საწინააღმდეგო კუთხეში გაგზავნა – 1:1.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მასპინძლებს აქტიურობა არ შეუწყვეტიათ. ცოტა ხანში ჩაფძე ურტყამდა დაახლობით 25 მეტრიდან, მაგრამ ბურთი მცრე მანძილით გადაცდა ხარიხას. მე-60 წუთზე კი სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ. ქობულეთელებმა ამჯერადაც მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს მეტოქეს, რომლის შედეგადაც ჩელებაძემ მახვილი კუთხიდან დროულად უპასა ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ მეტრეველს, რომელიც კართან 5 მეტრში იდგა. ფორვარდის დარტყმული მეკარეს და ძელს მოხვდა, რომლის შედეგადაც ხიფათი განიმუხტა.
ნელნელა “ჩიხურამ” შეძლო თამაშის დაწყნარება და სათამაშო მდგომარეობის გათანაბრება. ბურთის ფლობის მხრივაც მდგომარეობა გათანაბრდა. 74-ე წუთზე ჯიღაურმა დაარტყა არც თუ ისე სასიამოვნოდ მეკარისათვის, თუმცა ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრში ჩაუქროლა ძელს. ცოტა ხანში ისევ ჯიღაური აქტიურობდა, რომელმაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან შეუტია “შუქურას” დაცვის ხაზს. საჯარიმოში შეჭრიმა შუახაზელმა, ოსტატურად გააურა მეტოქის რამდენიმე მცველი და დაარტყა. ფაქტობრივად, ქობულეთელთა კარის დარაჯს კაკალაძეს ბურთის აღების შანსი არ ჰქონდა, მაგრამ მასპინძელთა იღბლად ბურთი ქობულეთელთა კარის მარცხენა ძელს მოხვდა და მოედანი დატოვა. 78-ე წუთზე კი სტუმრები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. პაექრობის რეფერიმ, ბასლეჰლომ ასისტენტ ჩიგოგიძესთან დათათბირების შემდეგ საფეხბურთო არენიდან ოდიკაძე გააძევა. მიზეზი სავარაუდოდ საჩხერელთა კაპიტნის მხრიდან სიტყვიერი შეურაცყოფა იყო.
მოვლენების ასეთმა განვითარებამ მატჩის ეპილოგზე დიდად ვერ იმოქმედა. საჩხერლები ათ კაცითაც არ თმობდნენ იმ უპირატესობას, რომელიც ბოლო წუთებში მოიპოვეს. მათი მხრიდან ყველაზე მეტად ისევ ჯიღაური აქტიურობდა, რომელიც შორიდან რამდენიმეჯერ დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს. მის გარდა კაკალაძის საიმედოობა შორიდან კუჭუხიძემ და კორიფაძემ შეამოწმეს. პირველ შემთხვევაში ზღვისპირელთა დარაჯი ადგილზე დაუხვდა ბურთს, ხოლო კორიფაძის მცდელობას სიზუსტე მცირედით დააკლდა. მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძელთა ფეხბურთელებს დაღლილობა დაეტყოთ, თუმცა ბოლო ხიფათი სწორედ მათ შექმნეს, როდესაც არბიტრის მიერ დამატებულ დროში თუხარელის ჩაწოდებულზე ხოჭოლავა ურტყამდა თავით, მაგრამ ქვილითაიას პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული და ბურთის დაუფლებაც არ გაჭირვებია. საბოლოოდ ბასლეჰლოს საფინალო სასტვენმა მეტოქეებს საბრძოლო ფრე 1:1 დაუფიქსირა.
“შუქურა” – “ჩიხურა” 1:1 (0:1)
24 აგვისტო. 17:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”. 1000 მაყურებელი
“შუქურა”: კაკალაძე, კომახიძე (კუხიანიძე, 57), გიორგი გურული, ხოჭოლავა, თუხარელი, ჩალაძე, ჩაფიძე, კალანდაძე (ლობე, 70), კუტალია, ჩელებაძე, მეტრეველი (კოპალიანი, 77).
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
“ჩიხურა”: ქვილითაია, ღონღაძე, კაშია, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური, ქიმაძე (ჩიკვაიძე, 65), კუჭუხიძე, კორიფაძე, დობროვოლსკი, დეკანოიძე (მუმლაძე 65), ოდიკაძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: 0:1 კუჭუხიძე (45), 1:1 ჩელებაძე (54, პენალტით).
გაფრთხილება: კუტალია (7), ღონღაძე (53).
გაძევება: ოდიკაძე (78)
არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)