ევროპის ლიგის გამო გადადებული შეხვედრა, ქუთაისში მშვენიერი საფეხბურთო ამინდის ფონზე ჩატარდა. ბევრი სპეციალისტის და “ტორპედოს” ერთი ნაწილის ქომაგების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ქუთაისელთა ახალგაზრდული საფეხბურთო კოლექტივი ერთპიროვნულად ლიდერობს ეროვნულ ჩემპიონატს. ესპანელი სპეციალისტის, ჟერარდ სარაგოსას შეგირდები, ამ მომენტისთვის აშკარად საუკეთესო ხარისხის ფეხბურთს უჩვენებენ საქართველოში და სამართლიანად უჭირავთ სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიცია.
გასულ ტურში, გუნდებმა განსხვავებული შედეგი აჩვენეს. ქუთათურებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს ლანჩხუთის “გურია”, ხოლო გორელები სტუმრად 0:2 დამარცხდნენ “ზესტაფონთან”. ეს იყო შიდაქართლელთა პირველი მარცხი მიმდინარე ეროვნულში და ბუნებრივია, გორელებს რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდათ. რაც შეეხება მასპინძლებს, საკუთარი ქომაგების წინაშე იმის დამტკიცებას შეეცდებოდნენ, რომ პირველ ადგილზე შემთხვევით არ იყვნენ.
პრინციპული პაექრობისთვის, მწვრთნელებმა განსხვავებული სათამაშო სქემები აირჩიეს. გიორგი დევდარიანმა, რომელიც დისკვალიფიცირებული გახლდათ და თამაშს პრესლოჟიდან ადევნებდა, ერთობ უცნაური 3-4-2-1 სათამაშო ტაქტიკური სქემით ათამაშა საკუთარი გუნდი. მოედნის ცენტრში კობახიძე-კვახაძე-თომაშვილის სამეული იდგა. ფლანგებს მთლიანად ღონღაძე და გიორგი გურული აკონტროლებდნენ, საყრდენებად დევდარიანმა მაისურაძე და ბოლქვაძე განამწესა, წინ მყოფ მოდებაძეს კი, ფლანგებიდან ალადაშვილი და გორელიშვილი ეხმარებოდნენ. რაც შეეხება სარაგოსას, მან ტრადიციულ 4-4-2 სქემას მიმართა. ქუთაისელთა დაცვას მთივლიშვილი-სანდოხაძე-ხიდეშელი-უბილავას კვარტეტი ამაგრებდა. ეს უკანასკნელი, მთელ ფლანგს აკონტროლებდა. საყრდენებად პირინეელმა გიგაური და ცინცაძე დააყენა, ფლანგზე კი ჯიქია. ფორვარდების დუეტის, საბანაძე-კაპანაძის უკან კი კუხიანიძე მოქმედებდა.
შეხვედრა მონაწილე გუნდებმა ცოცხლად დაიწყეს. განსაკუთრებით, ეს ითქმის მასპინძლებზე, რომლებმაც პირველ ტაიმში გაცილებით მეტჯერ შეაწუხეს გორელთა კიპერი რევიშვილი, ვიდრე სტუმრებმა ქუთაისელთა კარის დარაჯი ქვილითაია, რომელიც ამავე დროს, იუბილარი გახლდათ. უკვე მე-3 წუთზე, საბანაძემ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ რევიშვილმა ნახტომში მოიგერია მისი ეს მცდელობა. თანაბარი პაექრობის მიუხედავად, მეტოქის კარისკენ დარტყმას მხოლდ მასპინძლები ახერხებდნენ. მე-18 წუთზე, გიგაურმა ბურთი გორელთა ნახევარზე მიიღო, წინ წაიწია და ძლიერადაც გაისროლა, თუმცა იმერთა ნახევარმცველის ამ მცდელობას სიზუსტე დააკლდა. თითქმის მაშინვე, რევიშვილის საიმედოება ჯიქიამ შეამოწმა, თუმცა აღმოსავლელთა კიპერი ამჯერადაც დამაჯერებელი გახლდათ.
გორელთა პირველი სერიოზული გადასვლა მეტოქის ნახევარზე და ხიფათის შემცველი შეტევა 27-ე წუთზე განხორციელდა, თუმცა გორელიშვილის დარტყმას, ერთ-ერთი ტორპედოელი გადაეღობა და ხიფათიც განიმუხტა. სტუმართა ინიციატივას ქუთათურებმა მალევე უპასუხეს, როდესაც კუხიანიძემ ითამაშა ძალიან კარგად მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს, ოსტატურად ჩამოიშორა მეურვე და გამოზომილად დაარტყა. ამ შემთხვევაშიც, რევიშვილმა სწორი პოზიცია შეარჩია და ნახტომში შეძლო ბურთის დაუფლება.
მატჩში მომენტების მხრივ მცირეხნიანი “მშრალი” პერიოდის შემდეგ, ხელი ამჯერად გორელებმა გამოიღეს, რომელთა რამდენიმესვლიანი კომბინაცია ბოლქვაძის მოჭრილი დარტყმით დასრულდა ქუთაისელთა საჯარიმოს ხაზიდან, თუმცა, გამოცდილი ნახევარმცველის მცდელობასაც სიზუსტე დააკლდა. ტაიმის მიწურულს კი, ორივე გუნდმა შექმნა სახიფათო მომენტი. განსაკუთრებით ხიფათის მქონე იყო “დილას” ფეხბურთელების შეტევა, როდესაც ალადაშვილის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს, ახლო მანძილიდან, ნახტომში თავი მოდებაძემ დაარტყა. ქუთათურები აშკარა გოლისაგან ქვილითაიამ იხსნა. იუბილარმა მეკარემ სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ სიტუაციის დროს, ცოტა გაუგებრად იმოქმედეს მასპინძელთა ცენტრალურმა მცველებმა, რომლებიც ასისტენტისაგან თამაშგარეს დაფიქსირებას ითხოვდნენ. არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი, კაპანაძემ განახორციელა კარგი რეიდი მოედნის ცენტრიდან, მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიახლოებულმა დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა გორელთა კარის მარჯვენა ძელს.
მეორე ტაიმი გუნდებმა შედარებით უფერულად დაიწყეს. მართალია, ფეხბურთელებს სათამაშო ტემპი არ დაუგდიათ, თუმცა პირველისგან განსხვავებით, სადებიუტო წუთებში რეალური ხიფათი არ შექმნილა. იყო სახიფათო მომენტების იმიტირება, მაგრამ რეალურად არცერთი გუნდის კარის დარაჯი არ შეწუხებულა. თამაშის განახლებიდან მალევე, მწვრთნელებმა თითო შეცვლა გააკეთეს. სარაგოსამ კაპანაძის ნაცვლად თამაშში ახვლედიანი ჩართო, ხოლო გორელთა რიგებში ბოლქვაძე გოგინაშვილმა შეცვალა. გარკვეული დროის მანძილზე, სათამაშო ინიციატივას გორელები დაეუფლნენ. ისინი მეტოქეზე მეტს მოძრაობდნენ და ბურთზე კონტროლის დაწესებაც შეძლეს. 69-ე წუთზე, ტორპედოელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად, ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ გიორგი გურულს მიუვიდა, რომელმაც ცაციათი შეუჩერებლივ დაჰკრა. ქუთაისელთა კიპერს პოზიცია ამჯერადაც კარგად ჰქონდა შერჩეული და ბურთის მოგერიება არ გაჭირვებია.
თამაშის მსვლელობის ასეთი განვითარების ფონზე, ქუთაისელებმა მაინც შეძლეს რეალური ხიფათის შექმნა. 75-ე წუთზე, მასპინძელთა სწრაფ კონტრიერიშში მონაწილეობა კუხიანიძემ, საბანაძემ და გოროზიამ მიიღეს. ამ უკანასკნელმა კი, მოხდენილი გადაცემით კარგ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ახვლედიანი, რომელმაც ძლიერად, თუმც არაზუსტად დაარტყა. თანდათანობით, “ტორპედომ” თამაში გაათანაბრა და მატჩის ეპილოგში უპირატესობაც მოიპოვა. მასპინძელთა ფეხბურთელებმა შეხვედრის ბოლო წუთებში მეტოქეს შტურმი მოუწყვეს და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ალბათ, მოიგებდნენ იდეც. არბიტრის მიერ დამატებულ დროში, შეტევის მარცხენა ფლანგიდაბნ უბილავას ჩაწოდებულზე საბანაძემ იბრძოლა და ბურთს მოწინააღმდეგის კარისაკენ შეუცვალა მიმართულება, თუმცა რევიშვილმა რეაგირება დროულად მოასწრო და ბურთი გამოიტანა. დამატებაზე კუხიანიძემ სცადა გატანა, მაგრამ გიორგის დარტყმას კვახაძე გადაეღობა და ხიფათიც განიმუხტა. საბოლოოოდ, ხარიტონაშვილის სასტვენმა ნულოვანი ფრე დააფიქსირა, რომელიც თამაშის საერთო მსვლელობიდან გამომდინარე, ლოგიკურიც გახლდათ.
“ტორპედო” – “დილა” 0:0 (0:0)
17 სექტემბერი. 18:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 2000 მაყურებელი
“ტორპედო”: ქვილითაია, სანდოხაძე, ცინცაძე, გიგაური (მზევაშვილი, 82), საბანაძე, დავით ჯიქია (გიორგი გოროზია, 69), კუხიანიძე, ხიდეშელი, მთივლიშვილი, კაპანაძე (ახვლედიანი, 57), უბილავა.
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
“დილა”: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, თომაშვილი, გიორგი გურული, კობახიძე, დავით ბოლქვაძე (გოგინაშვილი, 61), ღონღაძე, მაისურაძე, გორელიშვილი (ქვილითაია, 79), მოდებაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: თომაშვილი (77)
არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)