ავტოსპორტი

3:24 | 25.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლოებს ”ფოლკსვაგენი” ეპატიჟებოდა

სებასტიან ლოებმა აღიარა, რომ მის გადაბირებას ”ფოლკსვაგენი” ცდილობდა, რამაც ”სიტროენში” დარჩენის გადაწყვეტილება ძალიან გაურთულა. თუმცა, გერმანული კომპანიის შეთავაზებაში იყო მომენტი, რომელმაც ლოების გადაწყვეტილებაზე იმოქმედა.

რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა გამოაცხადა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორ სეზონს გაატარებს და ისევ ”სიტროენის” მანქანით იასპარეზებს, გუნდისა, რომელთან ერთადაც თავისი ყველა ტიტული აქვს მოპოვებული.

მაგრამ 37 წლის ლოები ”ფოლკსვაგენის” მოტორსპორტის დირექტორ კრის ნისენს და მრჩეველსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ კარლოს საინსს შეხვდა, რომლებმაც ლამის გადაიბირეს კიდეც. თავად ლოები აღიარებს, რომ გერმანული კომპანიისგან ძალიან სოლიდური შეთავაზება მიიღო.

”კრისთან და კარლოსთან საუბრისას ვიგრძენი, რომ მათ ჩემი გადაბირება ძალიან უნდოდათ. მათ ყველაფერი იღონეს, რათა მიზნისთვის მიეღწიათ. ”ფოლკსვაგენში” გადასვლა ძალიან მიმზიდველი ვარიანტი იყო. ისინი ძალიან მონდომებულად ემზადებიან. იქ გადასვლა ჩემთვის ახალი საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. მაგრამ გარანტირებული კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იყო და ამან საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა”, - ამბობს ლოები და დასძენს:

”ჩემსა და ”სიტროენს” შორის ურთიერთობა 10 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. და ”ფოლკსვაგენში” მხოლოდ ერთი სეზონისთვის ვერ გადავიდოდი. უფრო მეტ სეზონზე კი დაფიქრება შეიძლებოდა. მაგრამ ერთი წლის გულისთვის გადასვლა არასწორი არჩევანი იქნებოდა”.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165133