ავტოსპორტი

12:05 | 19.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა ზედიზედ მე-3 რბოლა მოიგო

როგორც ჩანს, სებასტიან ლოებს ვერც წლეულს გაუწევს ვინმე კონკურენციას და რალის მსოფლიოს ჩემპიონატების ფრანგი ლეგენდა ჩემპიონის ტიტულს მეშვიდედაც მოიპოვებს. ყოველშემთხვევაში, ასეთი ვარაუდის საბაბს იძლევა სეზონის პირველი 4 რბოლის შედეგები, რომელთაგან 3 სწორედ ლოებმა მოიგო. მე-3 (კარიერაში57-ე) გამარჯვება მან თურქეთში მოიპოვა.
ლოები ორი დღის ჯამში რბოლას ლიდერობდა, თუმცა მესამე დღეს, პოზიციის შესანარჩუნებლად, მძიმე ბრძოლა ელოდა. რბოლის მესამე დღის პირველი 2 სპეცმონაკვეთი გაუქმდა, რადგან წინა ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა და ამ 2 მონაკვეთის გზა გაუვალი გახდა. დარჩენილ ხუთ სპეცმონაკვეთზე ლოებმა შესანიშნავად იასპარეზა და საბოლოოდ, თითქმის წუთი მოუგო უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს.
მიუხედავად იმისა, რომ მესამე დღეს ჯერ ლოდს დაეჯახა, შემდეგ კი უკანა საბურავი დაუზიანდა, მაინც მესამე ადგილზე გავიდა ფინელი მიკო ჰირვონენი, რომელმაც ამით ”სიტროენის” ეკიპაჟებს კვარცხლბეკის სამივე საფეხურის დაპყრობის საშუალება არ მისცა. თუმცა, ამაში ფინელს ესპანელი დანი სორდო (სიტროენი) დაეხმარა, რომელიც ავარიის გამო, ასპარეზობას გამოეთიშა.
რბოლის ნამდვილ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მე-5 ადგილი დაიკავა ფორმულა 1-ის 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა. მან ზედიზედ მეორედ შეძლო რბოლის ქულებით დასრულება, მე-5 ადგილი კი, რალის მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგია.
4 ეტაპის შემდეგ, ჩემპიონატს ლოები ლიდერობს, რომელსაც 93 ქულა აქვს. მეორეზე მყოფი სოლბერგი მას უკვე 40 ქულით ჩამორჩება, მესამეზე მყოფ ჰირვონენს კი 52 ქულა აქვს.
მესამე დღის პირველივე სპეცმონაკვეთზე ლოებმა ერთ ტრამპლინზე 85 მეტრი იფრინა, სერვის პარკში დაბრუნების შემდეგ კი, მომღიმარმა ჟურნალისტებს შემდეგი მოუყვა: ”რამდენიმე წამი ჰაერში ვიყავით. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამდენ ხანს ვიფრენდით. ამან ოდნავ შეგვაშინა, მაგრამ ამის შემდეგაც, ტემპი ოდნავაც არ დამიგდია”.
ახვათა შორის, იორდანიული რბოლისგან განსხვავებით, ლოებს ამჯერად გუნდი ტაქტიკურად აღარ დახმარებია, თუმცა ფრანგმა ამის გარეშეც შესანიშნავად იასპარეზა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რალის მონდიალზე ბადალი არ ჰყავს.

თურქეთის რალის შედეგები

1 სებასტიან ლოები (საფრანგეთი,სიტროენი) 3 სთ, 01 წთ,38.700
2 პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) +00:54.500
3 მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)    01:43.400
4 სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) 03:46.000
5  კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)    06:44.300       
6 ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი)    07:56.700
7 მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)    08:29.800
8 იარი-მატი ლატვალა (ფინეთი. ფორდი) 19:44.200
9 დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი)    23:22.200
10 აარონ ბურკარტი (გერმანია, სუზუკი)    27:04.700


პირადი კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 93 ქულა; 2. პეტერ სოლბერგი - 53; 3. მიკო ჰირვონენი - 52; 4. იარი-მატი ლატვალა - 47; 5. სებასტიან ოჟიე - 45; 6. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)- 24; 7. მეტიუ უილსონი - 22; 8. ფედერიკო ვილაგრა - 20; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) -18; 10. კიმი რაიკონენი - 14...
 
კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 126 ქულა; 2. BP-ფორდ აბუ-დაბი WRT - 111; 3. სიტროენ ჯუნიორ ტიმ - 75; 4. შტობარტ VK M-სპორტ ფორდ WRT - 56; 5. მიუნჩი’ს ფორდ WRT - 26


მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/
 

0.092199