რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, სებასტიან ლოებმა და ფორმულა 1-ის ექს-ჩემპიონმა, კიმი რაიკონენმა ლე მანის 24-საათიან რბოლაში ერთად ასპარეზობის სურვილი გამოთქვეს. არაა გამორიცხული, რომ ლეგენდარულ რბოლაზე მათ ”პეჟოს” პროტოტიპ 90X-ით, ერთ ეკიპაჟში იასპარეზონ.
ორივე პილოტი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, წელსაც ”სიტროენის” მანქანით იასპარეზებს. ეს უკანასკნელი კი ”პეჟო-სიტროენის” ჯგუფში შედის. ამგვარად, ლე მანზე მათი ”პეჟოს” ბოლიდით გამოსვლა კორპორატიულ ინტერესებსაც შეესაბამება. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. არაა გამორიცხული, რომ ეს საკითხი ისევ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია ”რედ ბულის” დახმარებით გადაწყდეს - როგორც ცნობილია, ”რედ ბული” რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ”სიტროენის” იმ გუნდის სპონსორია, რომელშიც ლოები და რაიკონენი ასპარეზობენ.
ლე მანის სერიის რბოლებისთვის, ამ სეზონში ”პეჟო” ახალი ბოლიდით - 90X-ით იასპარეზებს, რომლითაც ძალიან სწრაფი, თუმცაღა არასაიმედო 908 HDი FAP შეიცვლება. ცნობისათვის, ლე მანის შარშანდელ რბოლაში ”პეჟოს” პროტოტიპები ყველაზე სწრაფები იყვნენ, თუმცა ოთხი ეკიპაჟიდან, ფინიშს ვერცერთმა ვერ მიაღწია.
სხვათა შორის, ლე მანის რბოლაზე ლოები მესამედ გამოვა, რაიკონენს კი - სარტეს ლეგენდარულ ტრეკზე არასდროს უასპარეზია. 36 წლის ფრანგმა, 2006 წელს, აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა (პესკაროლო-ჯადით).
ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგანიზატორებმა განაცხადების მიღება უკვე დაასრულეს. მათ განაცხადის შემტან პილოტებს შორის არჩევა მოუწევთ და მონაწილეთა ვინაობას 9 თებერვალს გამოაცხადებენ.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







