საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველ უჩა ლობჟანიძეს, რომელიც მომავალი სეზონისთვის დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შემადგენლობაში ემზადება, ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ამის შესახებ “დნიპროს” გენერალურმა დირექტორმა ანდრეი სტეცენკომ გამოცემა sport-express.ua-სთან განაცხადა.
“დღესდღეობით უნდა განვსაზღვროთ ფეხბურთელი, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩება და რომელსაც, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილის მოძებნა მოუწევს. დიდი ალბათობით, ეს უჩა ლობჟანიძე იქნება, რომელიც იჯარით “კრივბასში” თამაშობდა. მას ახალ გუნდს მოვუძებნით”, – თქვა სტეცენკომ.
განვლილ სეზონში ლობჟანიძე უკრაინის პრემიელიგაში კრივოი როგის “კრივბასში” თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. თუმცა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, “კრივბასი” პრემიერლიგიდან დააქვეითეს და ეროვნული გუნდის მცველმაც “დნიპროს” მიაშურა.
შეგახსენებთ, რომ “დნიპროში” ირჯებიან ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე.