ინგლისის “ლივერპულის” მფლობელმა ჯონ ჰენრიმ პირობა დადო, რომ კლუბის სტადიონ “ენფილდის” გასაფართოებლად, სახსრებს აუცილებლად გამონახავს.
მერსისაიდელები “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალს”, ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლით, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ამ სიტუაციის “ენფილდ როუდის” გაფართოების ხარჯზე გამოსწორებას, ჯერ კიდევ კლუბის ყოფილი მფლობელები, ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი გეგმავდნენ, მაგრამ რეკონსტრუქცია მაშინ არ დაწყებულა.
The Independent-თან საუბარში ჯონ ჰენრიმ განაცხადა, რომ წინამორბედების შეცდომის გამეორებას არ აპირებს და ტრიბუნების ტევადობის 45 ათასიდან 60 ათასამდე გაზრდას გეგმავს.
“ჰიკსი და ჯილეტი ამბობდნენ, რომ აიღებდნენ უზარმაზარ კრედიტს და გააკეთებდნენ დიდ პროექტს. პრობლემა ისაა, რომ მათ ამ პროექტის დაფინანსება ვერ მოახერხეს. ჩვენ არ ვაპირებთ მათი შეცდომის გამეორებას. როდესაც მშენებლობის ნებართვას მივიღებთ, ფინანსები პრობლემა აღარ იქნება”, - ირწმუნება ჰენრი.
წინასწარი გათვლებით, “ენფილდის” რეკონსტრუქცია, დაახლოებით 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდება. თუმცა, ლივერპულელების უმთავრესი პრობლემა სტადიონის გარშემო გაშენებული კერძო სახლებია, რომლებიც არენის გაფართოებას ხელს უშლის. 22 მათგანის აღებასთან დაკავშირებით, კლუბის წარმომადგენლებმა შეთანხმებას უპრობლემოდ მიაღწიეს, მაგრამ კიდევ რვა სახლთან დაკავშირებით, რომელთაგან ხუთი მიტოვებულია, მოლაპარაკება ვერ ხერხდება. ამ რვა სახლს ხუთი მფლობელი ყავს და ისინი საცხოვრებლების დათმობის სანაცვლოდ, მაქსიმალური კომპენსაციის მიღებას გეგმავენ. ვაჭრობა სწორედ ამ მფლობელებთან მიმდინარეობს, რადგან მათი სახლების გამოსყიდვის გარეშე, რეკონსტრუქცია ვერ დაიწყება.