ჩოგბურთი

13:24 | 21.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიუბიჩიჩმა ნადალი დაჯაბნა და ფინალში როდიკთან იბრძოლებს


ივან ლიუბიჩიჩმა ინდიანუელსური მასტერსტურნირის ნახევარფინალში შარშანდელი ჩემპიონი რაფაელ ნადალი დაჯაბნა და ახლა მასტერსის სერიის შეჯიბრებებზე თავისი პირველი ტიტულისთვის ფინალში ენდი როდიკთან იბრძოლებს.
მსოფლიო რეიტინგის 26-ეადგილოსანმა ხორვატმა, ვისაც ორი დღის წინ 31 წელი შეუსრულდა, 8 წლით უმცროს ესპანელს ორ საათსა და 34 წუთში 3:6 6:4 7:6 (7:1) მოუგო.
ეს მათი მე-7 დაპირისპირება გახლდათ და ლიუბიჩიჩმა ნადალთან სხვაობა 2:5-მდე შეამცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ ივანს რაფასთვის 2005 წლის დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში მათი პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ ვეღარ ეჯობნა. სხვათა შორის, ხორვატს მათ პირველ მატჩში წარმატების მიღწევის შემდეგ ასევე ზედიზედ 5 შეხვედრაში ვეღარ ემარჯვა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთანაც, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ იქ მერვედფინალიდან გააგდო...
არადა, რაფასთან მატჩი მან ძალზე არადამაჯერებლად დაიწყო და ორი საკუთარი გეიმის დათმობით პირველი სეტი თითქმის უბრძოლველად ჩააბარა. ესპანელს მისთვის გეიმის წართმევის შანსი მეორე სეტშიც ჰქონდა, მაგრამ მეოთხე გეიმში ერთი, ხოლო მეექვსეში ოთხი ბრეიკპოინტის გამოყენება ვერ შეძლო. ხიფათიდან თავის დაღწევის შემდეგ ლიუბიჩიჩი უფრო მშვიდად და იმავდროულად აგრესიულად ათამაშდა, რაფას კი ნერვებმა უმტყუნა და მეტოქეს მეორე ხელის მე-9 გეიმთან ერთად სეტიც დაუთმო. გადამწყვეტი სეტის დასაწყისში მათ ერთმანეთს თავიანთი გეიმები აჩუქეს, მერვე გეიმში კი რაფამ კიდევ ერთი ბრეიკპოინტით ვერ იხეირა. მატჩის ბედი ტაიბრეიკში გადაწყდა, რომელშიც ხორვატმა ვეტერანმა რაფას უნებლიე შეცდომებს მძლავრი გამჭოლი დარტყმები შეაგება და დამსახურებულად იმარჯვა.
“ეს ალბათ ჩემი კარიერის საუკეთესო თამაში იყო – აღნიშნა მან ნამატჩევს – ჩემი აზრით, გადამწყვეტი მეორე სეტის მეექვსე გეიმი გამოდგა, რომელშიც ჩემს მოწოდებაზე 0:40 ვაგებდი. მისი მოგების შემდეგ დავმშვიდდი და უფრო აგრესიულად ავთამაშდი. ვიცოდი, რომ, თუ მოწოდებას არ დავთმობდი და უფრო აგრესიული ვიქნებოდი, ბოლოს რაღაც შანსები მექნებოდა. ასეც მოხდა, მით უფრო, რომ კარიერის საუკეთესო ტაიბრეიკი ვითამაშე.”
ცნობისათვის: ლიუბიჩიჩმა ნადალის 5 ეისის წილ 17 ეისი მიითვალა და ტურნირზე თავისი ეის-მონაგარი 66-მდე აიყვანა...
მასტერსის სერიის ტურნირებზე ის თავის მეოთხე ფინალში ითამაშებს. წინა სამი მცდელობა მისთვის წარუმატებლად დასრულდა – 2005 წელს მან მადრიდში სწორედ რაფასთან დათმო, პარიზში კი ბერდიხთან დამარცხდა, ხოლო 2006-ში მაიამიში ფედერერთან წააგო. მას ახლა შანსი აქვს, გახდეს პირველი ხორვატი, ვისაც ინდიან უელსის ტურნირი მოუგია, და პირველი 30-ს გადაცილებული მეჩოგნე ანდრე აგასის შემდეგ, ვისაც მასტერსის სერიის შეჯიბრებაზე უმარჯვია. 2004 წელს, როცა ცინცინატის ჩემპიონი გახდა, აგასი 34 წლის იყო...
საამისოდ მას ფინალში ამერიკელი ენდი როდიკის დამარცხება სჭირდება, რომელიც ასევე პირველად ეცდება კალიფორნიულ უდაბნოში ტიტულის მოხვეჭას, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი...
“ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო – ასე შეაფასა რაფამ ლიუბიჩიჩთან თავისი მარცხი – დიახ, მე ასე ვფიქრობ, ვინაიდან აქ საკმარისად კარგად ვთამაშობდი საიმისოდ, რათა ეს ტურნირი მომეგო. თუმცა ეს ისეთი შემთხვევითობაა, რომელმაც უნდა მასწავლოს, რომ ზოგჯერ უფრო აგრესიული თამაში მმართებს.”
უნდა აღინიშნოს, რომ რაფას უკვე 10 თვეა – ანუ შარშანდელი რომაული მასტერსთიხნარობის შემდეგ – ტიტული აღარ მოუგია და შარშან მადრიდსა და შანხაიში, ხოლო წლეულს დოჰაში გადამწყვეტი მატჩების წაგების შემდეგ უკვე მიჯრით მეოთხე ფინალში დამარცხდა.
მომავალი კვირიდან ის მსოფლიო რეიტინგში თავის ადგილს სკოტ ენდი მარეის გაუცვლის, ანუ მე-3 საფეხურიდან მე-4-მდე დაქვეითდება.
თუმცა ინდიან უელსიდან რაფა – წინა შეხვედრებში ნაჩვენები რიგიანი თამაშის გარდა – კეთილ მოგონებად იმასაც გაიყოლებს, რომ თავის თანამემამულე მარკ ლოპესთან ერთად წყვილთა ფინალში კანადელი დანიელ ნესტორისა და სერბი ნენად ზიმონიჩის ტანდემს აღემატა...
რაც შეეხება როდიკს, მან შვედ რობინ სოდერლინგს მესამე შეხლაში პირველად აჯობა 6:4 3:6 6:3 და მეოთხე იქაური ნახევარფინალიდან ასევე პირველად გააღწია ფინალში. ინდიან უელსის ტურნირი ერთადერთი ჩრდილოამერიკული შეჯიბრებაა, რომელიც 27 წლის ტეხასელს ჯერ არ მოუგია.
მას და ლიუბიჩიჩს აქამდე 10-ჯერ უთამაშიათ და ენდი 7:3 უპირატესობს.

 
 

 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.087158