ხორვატმა ივან ლიუბიჩიჩმა ინდიანუელსის მასტერსტურნირის ფინალში ამერიკელ ენდი როდიკს სძლია და კარიერის მეათე, ამ სერიის შეჯიბრებებზე კი პირველი ტიტული მოიხვეჭა.
მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მესამეადგილოსანმა, რომელსაც ამ ტურნირამდე 26-ე ადგილი ეკავა, თავისზე 18 საფეხურით მაღლა მდგომ მეტოქეს 7:6 (7:3) 7:6 (7:5) მოუგო. ისევე როგორც წინა შეხვედრებში, ივანი ამ მატჩშიც დიდებულად აწვდიდა და ჯამში 20 ეისს გასწვდა. მართალია, თავისი გეიმები არც ენდის დაუთმია, მაგრამ ხორვატი ტაიბრეიკებზე უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.
ეს მასტერსის სერიის ტურნირებზე მისი მეოთხე ფინალი გახლდათ – წინა სამი მცდელობა (2005 წელს მადრიდსა და პარიზში, 2006-ში კი მაიამიში), შეგახსენებთ, მისთვის წარუმატებლად დასრულდა.
ის გახდა პირველი ხორვატი, ინდიან უელსში რომ იმარჯვა, და პირველი 30-ს გადაცილებული მეჩოგნე ანდრე აგასის (2004 წლის ცინცინატური ტრიუმფის) შემდეგ, ვინაც მასტერსის სერიის შეჯიბრება მოიგო. წინა პარასკევს – ანუ ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მერვედფინალში 22 წლის სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს (#2) აჯობა, და ერთი დღით ადრე მანამდე, სანამ ნახევარფინალში 23 წლის ესპანელ რაფაელ ნადალს (#3) გაუსწორდებოდა – ლიუბიჩიჩს 31 წელი შეუსრულდა...
მასზე ასაკოვანს ინდიან უელსში მხოლოდ ლეგენდარულ ამერიკელ ჯიმი კონორსს უმარჯვია – ეს უკანასკნელი 31 წლის და 5 თვის იყო, 1984 წელს იქ რომ იჩემპიონა.
ამ გამარჯვების შედეგად ივანი მსოფლიო რეიტინგში 13 ადგილით აღზევდა და მე-13 საფეხურზე დადგა. ზეოცეულს ის 2008 წლის იანვრის შემდეგ პირველად დაუბრუნდა...
რაც შეეხება ქალთა ტურნირის ფინალს, მასში ამქრის ყოფილმა პირველოსანმა, 25 წლის სერბმა ელენა იანკოვიჩმა 6:2 6:4 დაამარცხა 19 წლის დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და შარშანდელი აგვისტოს შემდეგ პირველი, საერთოდ კი მე-12 ტიტული მოიპოვა. ამ მოგების წყალობით ის რეიტინგში მე-8 ადგილზე დამკვიდრდა.







