ძიუდო

16:39 | 23.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანმა ჩეხეთის განაცხადი შეავსო

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა პრაღის ევროპის თასზე წასაყვანი 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 31 ივლისსა და 1 აგვისტოს ჩასატარებელ ტურნირს ქართველი ძიუდოისტებისთვის დამატებითი დატვირთვაც ექნება. მათ შიდა კონკურენციაში თავიანთი უპირატესობა უნდა დაამტკიცონ, რადგან სწორედ ამ გაფართოებული სიიდან შეირჩევა ის 8 ძიუდოისტი, რომლებიც 17-19 სექტემბერს, სოფიაში, ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ. კანდიდატთა უმრავლესობა მაისის ბოლოს, დიღომში გამართული საქართველოს პირველობის ფინალისტია.
“ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვთქვი, რომ საბოლოო არჩევანს პირველ-მეორე ადგილზე გასულებს შორის გავაკეთებდი, თუმც კანდიდატთა რაოდენობა ოდნავ მაინც გაიზარდა. ევროპის პრიზიორმა ლაშა ზურაბიანმა (73 კგ) დიღომში ავადმყოფობის გამო ვერ იჭიდავა. იგი ტატამს მომავალ ტურნირზე დაუბრუნდება და ნაკრებში დასამკვიდრებლად ზებედა რეხვიაშვილთან და ბეთქილ აფრასიძესთან კონკურენციაში ჩაერთვება. ასევე სამ-სამ ძიუდოისტს კიდევ ორ წონაში გამოვცდით. საქართველოს პირველობის ფინალისტებს: ლაშა ლომიძეს, ფრიდონ გიგანს (ორივე 66 კგ), ავთო ჭრიკიშვილსა და გიორგი მერმანიშვილს (81 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) და არჩილ უსტარაშვილი დაემატებიან, რომლებიც ჩეხეთში თავიანთი ხარჯით მოდიან. თუმც, თუკი თავიანთ შესაძლებლობებს კარგად წარმოაჩენენ, ევროგანაცხადში მოხვედრის შანსს შეინარჩუნებენ. ერთადერთი წონითი კატეგორია, სადაც ჩეხეთში მხოლოდ ერთ ძიუდოისტს ჩავიყვანთ, 100 კილოგრამია. საქართველოს ჩემპიონი მიხეილ ნარიმანიძე შიდა კონკურენციაში აშკარად გამორჩეულია და თითქმის განაღდებული აქვს ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა. საბოლოო შემადგენლობას სავარაუდოდ სექტემბერში, დასკვნით შეკრებაზე დავასახელებ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა.
ახალგაზრდა ძიუდოისტებს ევროპირველობის გარდა შემოდგომაზე მსოფლიოს ჩემპიონატი ელით, რომელსაც 21-24 ოქტომბერს მაროკო უმასპინძლებს. იქამდე კი ქართულ მოსამზადებელ გეგმაში ბაკურიანისა და დუშეთის შეკრებებია შეტანილი.
აქვე ჩეხეთში წამსვლელ ძიუდოისტთა სია: 55 კგ – ოთარ კაიდარაშვილი და ლაშა გიუნაშვილი, 60 კგ – გიორგი ბროლაშვილი და შმაგი ლაგაზაური, 66 კგ – ლაშა ლომიძე, ფრიდონ გიგანი და ლაშა შავდათუაშვილი, 73 კგ – ზებედა რეხვიაშვილი, ბეთქილ აფრასიძე და ლაშა ზურაბიანი, 81 კგ – ავთო ჭრიკიშვილი, გიორგი მერმანიშვილი და არჩილ უსტარაშვილი, 90 კგ – არჩილ შინჯიკაშვილი და გიორგი ნოზაძე, 100 კგ – მიხეილ ნარიმანიძე, +100 კგ – უშანგი კოკაური და სლავა რეზესიძე.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096772