საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო, ტატამს თბილისის მსოფლიოს თასამდე ვერ დაუბრუნდება.
ორიოდ დღის წინ, ნაკრები იაპონიაში გაემგზავრა, ტოკიოს დიდ სლემზე საჭიდაოდ. წინასწარ განაცხადში ლიპარტელიანიც იყო შეყვანილი, მაგრამ ქუთაისში ნატკენი ხელის მოშუშება ვერ მოასწრო.
“ერთ-ერთი შეხვედრისას ცერა თითი გადამიბრუნდა და საშინელი ტკივილის მიუხედავად, ჩემპიონატი მაინც ჩავამთავრე. შესიება ჯერაც არ ჩაცხრა, ჩაქცევებიც დამრჩა და ვმკურნალობ. სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობაზე ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. თუმცა დიდად საგანგაშოც არაფერია. თბილისის ტურნირს (30-31 იანვარი) სრულ მზადყოფნაში შევხვდები. წინასატურნირო სანაკრებო შეკრებაშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ვარლამ ლიპარტელიანმა.
2009 წლის ნაკრების ყველაზე შედეგიანმა ძიუდოისტმა საქართველოს ჩემპიონატზე გამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი. ლიპარტელიანი ქუთაისში უპირობო ფავოროტად იყო მიჩნეული და ბრწყინვალედაც დაიწყო, მაგრამ მეოთხედფინალში, საბა გავაშელიშვილთან შეხვედრაში დიდი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და იპონზე წამოეგო. შემდეგ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
“ვაზარს და იუკოს ვიგებდი და მართლაც შემეძლო, შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიმეყვანა, მაგრამ ეფექტურად მოგება გადავწყვიტე და დავისაჯე. ახლა მთავარია ტრავმა მალე მოვიშუშო. თბილისის ტურნირზე კი აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიჭიდავებ” – განაცხადა ლიპარტელიანმა.
ოთარ მაღლაკელიძე









