საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს მასტერსზე გამოსვლა მე-5 ადგილით დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფმა ქართველმა, შეჯიბრი უზბეკი ხურშიდ ნაბიევის (მე-11) ძლევით გახსნა. ევროპის ორგზის ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა, მეტოქე იპონზე საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე დასცა, არადა, იქამდე ვაზარს და იუკოს აგებდა. მეოთხედფინალში ლიპარტელიანი აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს (მე-7) დაუპირისპირდა და ფრედ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით, ნახევარფინალისტად მამადოვი გამოცხადდა. უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ვარლამ ლიპარტელიანი პირად რეიტინგს 80 ქულით მაინც გაიუმჯობესებს.
დღესვე ბაქოს ტატამზე ლევან წიკლაური (81 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე პირველსავე წრეში დამარცხდა.
წიკლაური (მე-13) იაპონელ ტაკაჰირო ნაკაის (მე-8) ტოლსწორად მხოლოდ ორწუთახევარი ეჭიდავა, შემდეგ კი, იპონზე დავარდა. ჟორჟოლიანისთვის (მე-12) დაუძლეველი ბარიერი მასტერსის ყველაზე დაბალრეიტინგიანი მონაწილე, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი (33-ე) აღმოჩნდა. ხანჯალიაშვილისა (21-ე) და იაპონელი კეიჯი სუძუკის (მე-5) შეხვედრის ბედი კი ჰანტეიმ გადაწყვიტა, მსაჯებმა არჩევანი ამჯერადაც, ქართველის მოწინააღმდეგეზე შეაჩერეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების წევრებმა, სეზონის პირველი საერთაშორისო მედალი უმედლოდ ჩაამთავრეს, საუკეთესო შედეგი ლიპარტელიანმა და ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) აჩვენეს – ორივე მე-5 ადგილზე გავიდა.
ოთარ მაღლაკელიძე







