ძიუდო

15:25 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი ნახევარფინალში, გოგოჭური და მატიაშვილი – რეპეშაჟში

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მე-3 დღეს ბრძოლაში დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის (90 კგ. 100 კგ. მძიმე) წარმომადგენლები ჩაებნენ და ქართული დელეგაცია მორიგი მედლების მოლოდინშია. კვარცხლბეკზე ასვლის შანსს 4 ჩვენებური ინარჩუნებს.

90 კგ-ში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში უკრაინელ ვადიმ სიანავსკის აჯობა, მეოთხედფინალში კი ლიტველ კაროლის ბაუზასთან ვაზარით აგებდა, როდესაც მეტოქის შებოჭვა მოახერხა. ნახევარფინალში ვარლამის მეტოქე უნგრელი კრისტიან ტოტი იქნება.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ზვიად გოგოჭური, რომელმაც საწყის შერკინებაში უკრაინელი ქეუდაუ ხაბალი ვაზარიზე ორჯერ დააგდო, თუმცა, შემდეგ რუს კირილ ვოპროსოვთან მტკივნეულ ილეთზე მოხვდა და დანებება მოუხდა.

რეპეშაჟის პირველ რაუნდში გოგოჭური ძალებს აზერბაიჯანელ შაჰინ გაჰრამანოვთან მოსინჯავს, წარმატების შემთხვევაში კი, მე-3 ადგილს ლიპარტელიაანს და ტოტს შორის უარესს გაეჯიბრება.

100 კგ-ში ყოჩაღად დაიწყო გურამ თუშიშვილმა, რომელმაც უკრაინელ დმიტრო ლუჩინს ჯერ იუკო აართვა, შემდეგ კი იპონი, თუმცა, წონის ფავორიტ აზერბაიჯანელ ელხან მამადლისთან ვერაფერი გააწყო და პირწმინდად დამარცხდა. ვინაიდან ეს ადრეული ეტაპი იყო, ქართველს რეპეშაჟში გადართვის საშუალებაც არ მისცემია.

მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილმა ავსტრიელი დანიელ ალერსტორფერი იპონზე დააგდო, ჰოლანდიელ როი მეიერს კი 4 გაფრთხილება მიაღებინა, თუმცა, მანამდე იუკოც ჰქონდა. ნახევარფინალში ოქრუაშვილი გერმანელ გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს გაეჯიბრება, რომელმაც ლევან მატიაშვილს ერთადერთი გაფრთხილებით აჯობა.

მეოთხედფინალამდე ლევანმა ესტონელ იუჰან მეტისს ასევე წმინდად სძლია. რეპეშაჟში მათიაშვილი ოქრუაშვილის მიერ ძლეულ მეირეს გაეჯიბრება, ხოლო თუ იმარჯვა, ძალებს ფრანგ ტედი რინერის და ლიტველი მარიუს პრასკევიჩიუსის ბრძოლაში დამარცხებულთან მოსინჯავს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

0.130331