ფეხბურთი

12:37 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონმა” ლისანდრო ლოპესის გაყიდვით 7,2 მილიონი ევრო იშოვა

ცნობილი გახდა ფრანგული “ლიონისა” და ყატარული “ალ ღარაფას” შეთანხმების ფინანსური დეტალები, რომელსაც მათ არგენტინელ ფორვარდ ლისანდრო ლოპესთან მიმართებაში მიაღწიეს.

ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ეს ტრანსფერი თავად 30 წლის ფეხბურთელის ინიციატივით განხორციელდა, რომელმაც კლუბის პრეზიდენტ ჟან-მიშელ ოლას გაშვების თხოვნით მიმართა.

ამასთან, გარიგების შედეგად, “ლიონმა” საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მიიღო, რადგან “ალ ღარაფამ” თავდამსხმელის სანაცვლოდ 7,2 მილიონი ევრო გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ ლისანდრო საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის დღევანდელ მატჩს დაესწრება, რომელშიც “ლიონი” “ნიცას” მასპინძლობს და კლუბის გულშემატკივრებსაც ოფიციალურად დაემშვიდობება.

ლოპესმა საფრანგეთის გასული ჩემპიონატის 31 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ის ფრანგულ კლუბში პორტუგალიური “პორტუდან” 2009 წელს გადავიდა, სულ “ლიონის” მაისურით 167 თამაში ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა.


0.116425