რაგბი

13:39 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონის” პირველი მარცხი და “ალბის” პირველი გამარჯვება

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში V ტური მიილია და 16 გუნდიდან დაუმარცხებელი, ან მოუგებელი გუნდი აღარ დარჩა.

პირველი მარცხი განიცადა გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავსტრალიელი ტიმ ლეინი ავარჯიშებს. ლიონელები ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” ეწვივნენ და შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გაშვებული ჯარიმით დამარცხდნენ - 9:12. კოლელიშვილი განაცხადში არ იყო, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა შეყლაშვილმა, ხოლო კავთიძე მოედანზე 50-ე წუთიდან შევიდა.

გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს. ლელოს გატანის რამდენიმე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ისინი გამოუყენებელი დარჩა. ტაიმი 3:3 დასრულდა, მერე მასპინძლები 9:3 დაწინაურდნენ, “ლიონმა” ხუთი წუთის ინტერვალით ორი ჯარიმით უპასუხა, მაგრამ ბოლოს ერთხელაც დაჯარიმდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მიუხედავად მარცხისა, ლიონელები 19 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო “ბეზიე” 13 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

Pro D2-ის ყველაზე ქართული გუნდი, ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბი” “კოლომიეს” დაუხვდა და ამ სეზონში პირველად იმარჯვა - 21:19. სამწუხაროდ, ამაში ქართველთა წვლილი ნაკლებადაა, რადგან განაცხადში მხოლოდ თეთრაშვილი იყო და ის თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. თამაში პრაქტიკულად ქულა-ქულაში მიდიოდა, ხან ერთი გუნდი გადიოდა მცირედით წინ და ხან მეორე. “ალბიმ” ბოლო ჯარიმა 77-ე წუთზე გაიტანა და გამარჯვებაც მის ხარჯზე მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ის 5 ქულით ბოლო მე-16 ადგილზე რჩება.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” “ნარბონი” 51:6 გაანადგურა, პრემიალური ქულაც აიღო და 19 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ დასკვნითი ორი წუთი ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად კიდევ ითამაშა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” სტუმრად “კარკასონთან” დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 25:23. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ მეორეხაზელი დათუნაშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 17:3 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. “კარკასონი” ხშირად ჯარიმდებოდა და “ორიაკი” ნელ-ნელა ჩამორჩენას ამცირებდა, ხოლო 75-ე წუთზე ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. “ორიაკს” სხვა სამი გუნდის მსგავსად 14 ქულა აქვს და მეოთხე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.

გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” “ბურგონთან” 9:22 დამარცხდა. ყველაფერთან ერთად მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელოც გაიტანეს და პრემიალური ქულა ჩაიწერეს. სასტარტო შემადგენლობაში ორი ჩვენებური იყო - ნემსაძემ 63 წუთი ითამაშა, ჩხაიძემ 72, ხოლო მირცხულავა თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. “ტარბს” 11 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

18 ქულით მესამე საფეხურზეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც განვლილ ტურში “პოს” სტუმრად ქართველის გარეშე 19:18 სძლია. თამაზ მჭედლიძის “ბურგ-ან-ბრესმა” ასევე ქართველის გარეშე “დაქსი” 29:11 დაამარცხა. ქართველის გუნდი 10 ქულით მე-11 პოზიციაზეა. თორნიკე ლომიძის გარეშე “მონ დე მარსანთან” 10:33 დამარცხდა “ოში” და 6 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.

ახლა Pro D2-ის გუნდები ერთი კვირით დაისვენებენ და მორიგი ტურის თამაშებს 12-13 ოქტომბერს გამართავენ.

 

0.129957