ფეხბურთი

12:15 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონი” ფურნიეს შეუთანხმდა

 

“რეიმსის” მთავარი მწვრთნელი უბერ ფურნიე უახლოეს პერიოდში “ლიონთან” კონტრაქტს გააფორმებს და შესაბამისად, მოღვაწეობასაც ამ კლუბში გააგრძელებს.

რემი გარდის გადადგომის შემდეგ, ლიონელები ახალი მწვრთნელის ძიებაში იყვნენ და კლუბის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ინტერესს სამი სპეციალისტის მიმართ იჩენდა: ვილი სანიოლი, ერვე რენარი და უბერ ფურნიე.

გამოცემა Le Progres-ის ცნობით, არჩევანი ამ უკანასკნელზე შეჩერდა და 46 წლის სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

ფურნიე ახლა ლიონში იმყოფება, რათა ხელშეკრულების უკანასკნელი დეტალები შეათანხმოს. აღსანიშნავია, რომ “ლიონს” “რეიმსისთვის” კომპენსაციის სახით ერთი მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რადგან მწვრთნელმა ყოფილ კლუბთან კონტრაქტი ვადაზე ადრე უნდა გაწყვიტოს.

განვლილ სეზონში ფურნიემ “რეიმსთან” ერთად წარმატებული სეზონი ჩაატარა და თითქმის ბოლომდე იბრძოდა ევროპის ლიგის საგზურისთვის, მაგრამ ჩემპიონატის მიწურულს განცდილი ზედიზედ რამდენიმე მარცხის შემდეგ, გუნდი სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილამდე დაეშვა.

0.117585