რაგბი

14:56 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონი” დაუმარცხებელია

ვიტო კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის “ლიონმა”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავსტრალიელი ტომ ლეინი თავკაცობს, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონი Pro D2 წარმატებულად დაიწყო და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ Top 14-ში აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იქნება.

ლიონელები პირველ ელიტარულ ლიგას გასულ სეზონში დაემშვიდობნენ და დასაბრუნებლად იბრძვიან, რის გამოც გუნდში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს და კოლელიშვილი “კლერმონიდან” განათხოვრების წესით აიყვანეს. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში თამაში იშვიათად უწევდა, აქ კი, მოედანზე რეგულარულად გადის და მისი სათამაშო პრაქტიკა “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში თამაშზეც უნდა აისახოს.

“ლიონი” III ტურში ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბის” ეწვია და 30:10 იმარჯვა. სტუმართა რიგებში კოლელიშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი კავთიძე შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ გარემარბი თოდუა იყო და მან 74 წუთი ითამაშა, ხოლო პირველხაზელი თეთრაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა, მანამდე პირველ ტაიმში ტრავმირებული თანაგუნდელი რამდენიმე წუთით შეცვალა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 10:3 მოიგეს, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინეს. “ლიონმა” დასკვნით ორ წუთში ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო მერე ორი ლელო მიითვალა, მაგრამ პრემიალური ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამრიგად, “ლიონს” 13 ქულა აქვს და “პოს” დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის, ხოლო “ალბი” 1 ქულით ჯერჯერობით ბოლო მე-16 ადგილზეა.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” ტარიელ რატიანიძის “აჟენს” უმასპინძლა და 30:24 იმარჯვა. შეყლაშვილმა პურველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ხოლო რატიანიძე განაცხადში არ იყო. აღსანიშნავია, რომ სანამ ქართველ პირველხაზელს შეცვლიდნენ, მისი გუნდი 30:10 იგებდა და ორი ლელო და გარდასახვა დასკვნით 15 წუთში გაუშვა, რითაც “აჟენს” პრემიალური ქულის აღების საშუალება მისცა. ახლა ორივე გუნდს 9-9 ქულა აქვს და მეოთხე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.

თამაზ მჭედლიძის გარეშე უმასპინძლა “ბურგ-ან-ბრესმა” გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს”. სამაგიეროდ სტუმართა რიგებში სამივე ქართველმა ითამაშა - ჩხაიძე შერკინების შემკვრელად სრულად გაისარჯა, მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნემსაძე თამაშში ასევე 52-ე წუთიდან ჩაერთო. ტაიმის 6:11 წაგების შემდეგ, სტუმრებმა მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმა გაუშვეს, მაგრამ ლელო-გარდასახვით სხვაობა 49-ე წუთზე მინიმუმამდე დაიყვანეს. დარჩენილ დროში მათ მონაგარს მხოლოდ 3 ქულა შემატეს, მეტოქემ 9 და “ბურგ-ან-ბრესმა” 23:16 იმარჯვა. სამ-სამი თამაშის ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფენ.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი” “ბურგონს” ეწვია და 17:38 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ პირველხაზელი ნაცარაშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა. “ორიაკს” 5 ქულა აქვს და მეათე-მეცამეტე ადგილებს იყოფს. თორნიკე ლომიძის გარეშე დამარცხდა (27:30) “კარკასონთან” “ოში”, პრემიალურ ქულას დასჯერდა და ჯამში მასაც 5 ქულა აქვს. “ლა როშელმა” “დაქსი” 23:10 დაამარცხა და 10 ქულით მე-3 ადგილზეა. ლექსო ყაულაშვილი განაცხადში არ იყო.

 

 

0.120565