ფეხბურთი

1:51 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიმას ტყვიასავით გასროლა

“სევილია” “ღამურების” დაუძინებელ მტრად იქცა

 

ევროპის ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩები მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა. ლისაბონში “ბენფიკამ” ტურნირის ფავორიტ “იუვენტუსს” 2:1 სძლია და ძნელი სათქმელია, ამ წყვილიდან ვინ ითამაშებს ფინალში.

მე-3 წუთზე არგენტინელმა მცველმა გარაიმ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება და მართალია, ბუფონმა რეაგირება მოახდინა, მაგრამ ბურთი ბადეში მაინც გაეხვია. ტურინელებმა არაერთი მომენტი შექმნეს და ისევ არგენტინელმა გაიტანა. კარლოს ტევესმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, მცველს გასცდა, პაუზა გააკეთა და დაბალი დარტყმით დაადუმა “ესტადიო და ლუჟი”.

1:1 მშვენიერი ანგარიში იქნებოდა “ბებერი ქალბატონისთვის”, მაგრამ შეცვლაზე შესული ბრაზილიელი ლიმა სხვაგვარად ფიქრობდა – დაახლოებით 18 მეტრიდან ისეთი დაარტყა, ათი ბუფონიც უძლური იქნებოდა: ბურთი ზედა კუთხეში ტყვიასავით შევარდა.

“ბენფიკა”, რომელსაც 1962 წლის შემდეგ ევროტიტული არ მოუგია, მორიგი ფინალისკენ მიიწევს, თუმცა “იუვენტუსთან” გასვლაზე გაძლება რთული იქნება ჟორჟე ჟესუსის გუნდისთვის.

“სევილია” – გუნდი, რომელიც ჯალათად ევლინება “ვალენსიას”. შარშან სწორედ “სევილიამ” გადაუღობა გზა “ღამურებს” ჩემპიონთა ლიგისკენ და ესპანეთის პრიმერას ბოლო ტურში დააკარგვინა ოთხეულის საგზური, ახლა კი ევროპის ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩში 2:0 დაამარცხა და რა თქმა უნდა, უდავო ფავორიტია ფინალში გასვლისა.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და პირველი, რომელიც მბიამ გაიტანა, აშკარად თამაშგარე იყო... ეს 33-ე წუთზე მოხდა, ხოლო 3 წუთში კოლუმბიელი კარლოს ბაკა გაუძვრა მცველებს და მეკარესთან მარტო დარჩენილმა დაბალი დარტყმით 2:0 აანთებინა ტაბლოზე.

მეორე ნახევარში ბაკას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარე ვისენტე გუაიტამ კარგად ითამაშა. “ვალენსია” მეორე ნახევარში თითქმის გამუდმებით უტევდა და ორი იდეალური მომენტიც ჰქონდა: ჟონასი დაახლოებით 5 მეტრიდან ურტყამდა და მეკარემ მოიგერია, ხოლო ვარგასის თავური ძელმა მოიგერია.

“ვალენსია” შინ მორიგი მცირე სასწაულის მოხდენას შეეცდება (“ბაზელი” გავიხსენოთ), თუმცა დიდი დანაკლისი ექნებათ ახალგაზრდა ფორვარდ პაკო ალკასერის სახით – მან ყვითელი ბარათი მიიღო, რაც საპასუხო მატჩის გამოტოვებად დაუჯდება.            

 

ბენფიკა-იუვენტუსი 2:1 (1:0)

ბენფიკა: არტური, მაქსი პერეირა, ლუიზაო,გარაი, სიკუერა, ანდრე გომეში (კავალიერო 82), პერესი, სულეიმანი (ალმეიდა 61), მარკოვიჩი, კარდოსო (ლიმა 64), როდრიგო.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი.

იუვენტუსი: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბონუჩი,კასერესი, კიელინი, ასამოა, მარკიზიო, პოგბა, პირლო, ტევესი (ოსვალდო 83), ვუჩინიჩი (ჯოვინკო 66).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე. 

გოლები: 1:0 გარაი (3), 1:1 ტევესი (73), 2:1 ლიმა (84)

გაფრთხილება: ანდრე გომეში (34), პოგბა (45), არტური (71), ალმეიდა (88)

მსაჯი: ჩეკირი (თურქეთი)

 

სევილია-ვალენსია 2:0 (2:0)

სევილია: ბეტო, კარიცო, ფიგუერაში, ფაციო, ნავარო, პარეხა, მბია, რაკიტიჩი, რეიესი (მარინი 59), ვიტოლო (იბორა 90), ბაკა (გამეირო 73).

მწვრთნელი: უნაი ემერი 

ვალენსია: გუაიტა, ჟოაო პერეირა, ხავი ფუეგო, მატიე, ბერნატი (გაია 46), კეიტა, პარეხო, ფეგული (ჟონასი 74), ფედე (პიატი 56), ვარგასი, პაკო ალკასერი.

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი.

გოლები: 1:0 მბია (33), 2:0 ბაკა (36)

გაფრთხილება: მარინი (71), პაკო ალკასერი (89), მატიე (90)

მსაჯი: სკომინა (სლოვენია)

0.183071