ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებულ მაისის ბაშოზე, ორი დღის თავზე ლიდერთა ჯგუფი გამოიკვეთა, რომელშიც ქართველი სეკიტორი – ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც იმყოფება. 23 წლის ქართველი წლის ნანატრ სუპერტურნირს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და როგორც ჩანს, დაწინაურება სერიოზულად აქვს გადწყვეტილი.
ქართველმა გოლიათმა მე-7 მაეგაშირა იოშიკაძესთან სასტარტო შეჯახებისას ოდნავ მარცხნივ გადაინაცვლა, მეტოქის მავაში მაჯვენა ხელიდან დაიჭირა და საფირმო ჰიდარე-უვატეს დაფიქსირების შემდეგ, იაპონელი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
გორგაძის შემდეგი მეტოქე მე-5 მაეგაშირა ვაკანოსატოა, რომელსაც ასევე ორივე შერკინება მოგებული აქვს. გასული წლის სექტემბერში, ლევანს ისიც იორიკირით ჰყავს დამარცხებული.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმა, სასტარტო გამარჯვების შემდეგ, “რობოკოპად” წოდებულ ტაკამისაკარისთან წაიფორხილა. მასპინძელთა ერთ-ერთმა საყვარელმა სეკიტორმა, 24 წლის ქართველი სუკუინაგეთი დაამარცხა.
გაგამარუ მაისის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას ტიტულით ირჯება და თუკი ძურიოში აღმოჩენა არ სურს, დარჩენილ შეხვედრებში დადებითი ბალანსის იგივე კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად უნდა იბრძოლოს. ხვალ ჯუღელის პირისპირ მე-17 მაეგაშირა კიმურაიამა დადგება. შარშან მარტსა და ივლისში, თეიმურაზს იაპონელთან ოკურიდაშითა და ჰიკიოტოშით აქვს წაგებული.
სამწუხაროდ, ძურიოშიც უჭირს ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას, რომელის სუმოს სამყაროში კოკაის შიკონათია ცნობილი. მან მიჯრით მეორე მარცხი (უვატედაშინაგეთი) ტაკარაფუჯისთან განიცადა. მე-6 რეიტინგის მქონე ”შავი ზღვა”, სიტუაციის გამოსწორებას კიდევ ერთ იაპონელ სადანოუმისთან ეცდება.







