სპორტკომპლექსი “არენა”, ძიუდოში საქართველოს 2011 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, 3 დეკემბერს, ჩემპიონ-პრიზიორები საწყის სამ წონით კატეგორიაში – 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ. ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ნაკრების მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ამჯერად, წონის ლიდერებისთვის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა სავალდებულო არაა. ძირითადად ამ მიზეზისა და ტრავმების გამო, შიდა კონკურენციაში არ ჩართულან: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60 კგ), შალვა ქარდავა, დავით ასუმბანი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი (73 კგ).
უმსუბუქეს წონაში, საქართველოს 2010 წლის მედალოსანთაგან, კიმონო მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა მოირგო (ჩემპიონ ასუმბანისა და ვერცხლის პრიზიორ შუკვანის გარდა, საქმეში არც ბრინჯაოსანი ტრისტან ფეიქრიშვილი ჩართულა) და ამჯერადაც მესამე ადგილზე გავიდა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან მეოთხედფინალში დაკარგა, უშანგი კუზანაშვილთან წაგებით. თავად კუზანაშვილი, საჩემპიონო რბოლას ნახევარფინალში იოსებ ნიჟარაძემ ჩამოაშორა, ეფექტური იპონით. ამ უკანასკნელს კი, გადამწყვეტი გამარჯვბა პაატა მერებაშვილმა არ დაანება. ფინალის ბედი, მერებაშვილის მიერ შესრულებულმა ერთადერთმა იუკომ გადაწყვიტა.
ნიჟარაძის ძლევამდე, პაატა მერებაშვილმა 4 მეტოქე ჩამოიცილა: გენადი ჩირგაძე, გიორგი გიგანი, ლაშა გიუნაშვილი და იაკობ გაზდელიანი. ბრინჯაოს პრიზიორი, მარგველაშვილთან ერთად, გიორგი მესაბლიშვილი გახდა.
66 კილოგრამში შარშანდელი ფინალისტი გიორგი შოშიაშვილი, ამჯერად სამეულს მიღმა დარჩა. ძირითად ბადეს, იგი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, მომავალ ჩემპიონთან, სანდრო იაკობაშვილთან წაგებით, რეპეშაჟში გადართულს კი ირაკლი ლომიძემ აჯობა. კვარცხლბეკს ვერც წინა წლის ბრინჯაოსანმა ლევან ჩუბინიძემ უწია, რომელიც მერვედფინალში არკადი ავალიანმა ჩატოვა.
წონის უმთავრესი მოულოდნელობა კი ზესტაფონელი მინდია ლილუაშვილის ფინალში გასვლა იყო. ამ ძიუდოისტმა თავი რამდენიმე კვირის წინ, სამბოში საქართველოს ჩემპიონატზე კარგი ჭიდაობით დაგვამახსოვრა, ამჯერად კი, ძიუდოს ტატამზეც გაიბრწყინა. სწორედ მან ჩაუკეტა ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა წონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულ ლაშა შავდათუაშვილს. ამასთან, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორს ისე იოლად აჯობა, შედეგის მართებულობის შესახებ, პატარა ეჭვიც კი არავის გასჩენია. ლილუაშვილმა შავდათუაშვილთან შეხვედრამდე ვანო დავითაშვილი და ლევან ქოჩიევი ჩამოიშორა, ნახევარფინალში არკადი ავალიანს სძლია, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი, ასევე გამორჩეულად ეფექტურად მოჭიდავე სანდრო იაკობაშვილთან ჰანტეითი დამარცხდა.
იაკობაშვილი საქართველოს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. პირველად ჯერ კიდევ მაშინ იყოჩაღა, როდესაც საქართველოს ნაკრებს შოთა ხაბარელი წვრთნიდა. ამჯერად, საფინალო გზაზე პავლე ქავთარაძეს, გიორგი კვასტიანს, შოშიაშვილსა და ზეზვა არაბულს აჯობა. რეპეშაჟში გადართულთაგან, ყველაზე მეტად, შავდათუაშვილმა და ავალიანმა იყოჩაღეს.
განსაკუთრებით საინტერესო სანახავი 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის შიდა კონკურენცია აღმოჩნდა. ოქროს მედალს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი და თბილისის მსოფლიოს თასის მომგები ამბაკო ავალიანი დაეუფლა. საჩემპიონო გზას იგი თენგიზ ბოლქვაძის ძლევით შეუყვა. შემდეგ, გიორგი ოსიშვილს მოუგო, მეოთხედფინალში არსენა მაჭარაშვილს დამატებით დროში შესრულებული ვაზარით მოუმთავრა საქმე, ნახევარფინალში ზვიად ბაზანდარაშვილი შებოჭა, გადამწყვეტი გამარჯვება კი ზურაბ ნოზაძესთან მოიპოვა, დამატებით დროში, იუკოთი.
ნოზაძე საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. შარშან იგი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თენგიზ პაპოშვილმა არ აუშვა. ავალიანთან შეხვედრამდე, ზურაბ ნოზაძემ ფრიდონ გიგანს, ჯაბა ბიწაძეს, ლაშა სილაგაძესა და ზებედა რეხვიაშვილს მოუგო. განსაკუთრებით დაძაბული, სწორედ რეხვიაშვილთან შეხვედრა გამოდგა. გამარჯვებულის ბედი დამატებით დროში მსაჯებისგან რეხვიაშვილის გაფრთხილებამ გადაწყვიტა. ეს უკანასკნელი, უკვე ისეთი დაღლილი ჩანდა, სავარაუდოდ, ჰანტეითაც წააგებდა. არადა, ნახევარფინალამდე, ზებედა რეხვიაშვილის ჭიდაობის ცქერა ერთ რამედ ღირდა – ერთმანეთზე უკეთესი, ეფექტური გამარჯვებები მოიპოვა და რომ არა ფიზიკურად არასათანადოდ მზადყოფნა, ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტიც იქნებოდა. საბოლოოდ, რეხვიაშვილი მესამე ადგილს დასჯერდა, გიორგი გასიტაშვილთან ერთად.
4 დეკემბერს მედლები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
3 დეკემბერი
60 კგ
1 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)
2 იოსებ ნიჟარაძე (ქვემო ქართლი)
3 გიორგი მესაბლიშვილი (კახეთი)
3 ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი)
66 კგ
1 სანდრო იაკობაშვილი (ქვემო ქართლი)
2 მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)
3 არკადი ავალიანი (ქვემო ქართლი)
3 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
73 კგ
1 ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი)
2 ზურაბ ნოზაძე (თბილისი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი)
3 გიორგი გასიტაშვილი (იმერეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







