ტოტალიზატორ “ლიდერბეთში” პროექტის “ქართული სპორტის ლიდერები” ფარგლებში ლეგენდარული ძიუდოისტი შოთა ჩოჩიშვილი გაიხსენეს. ყაზბეგის 12ა-ში დღეს ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტები, ძიუდოს ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ და შოთა ჩოჩიშვილის გამარჯვებების ამსახველი ვიდეოკადრების ფონზე, მის მიერ გავლილ სპორტულ და ცხოვრების გზაზე ისაუბრეს. საღამოს ჩოჩიშვილის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა დამსწრეთ უთხრა, რომ სწორედ შოთა ჩოჩიშვილს უმადლის იმ სტიმულს, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოაგებინა.
“შოთა ჩოჩიშვილი ჩემთვის სამაგალითო სპორტსმენი და პიროვნება იყო. ძალიან ძნელია იმ ადამიანზე წარსულში ლაპარაკი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი და რომელმაც მსოფლიოს ძიუდოში მთელი ეპოქა შექმნა. პირადად მაქვს ნანახი, როგორ აჩერებდნენ მას იაპონიაში უდიდესი სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად” – დასძინა ხაბარელმა.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა თემურ ხუბულურმა ლეგენდარული სპორტსმენის ფედერაციაში მუშაობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც არც თუ იშვიათი შიდა დაპირისპირებების დროს ჩოჩიშვილი მუდამ შუამავლის როლს ასრულებდა და ყოველთვის წარმატებულად.
ხაბარელისა და ხუბულურის გარდა შოთა ჩოჩიშვილის შესახებ ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანზორ მარტყოფლიშვილმა, სპორტულმა დირექტორმა ზურაბ უსუფაშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა გიორგი თენაძემ, ჟურნალისტებმა დავით ქლიბაძემ, თენგიზ გაჩეჩილაძემ, გოჩა კაჭარავამ და ჯამლეთ ხუხაშვილმა და ჩოჩიშვილის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს.
შოთა ჩოჩიშვილი 1950 წლის 10 ივლისს ქარელის რაიონის სოფელ ღვლევში დაიბადა. ის იყო პირველი ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე შეძლო. გარდა ამისა, შოთა ჩოჩიშვილი 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ამასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1975 წელს) და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის (1973, 1974 და 1975) და ბრინჯაოს (1977) პრიზიორი. საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77).
2008 წლიდან მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტად. 2009 წელს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის შოთა ჩოჩიშვილი დაჯილდოებული იყო ღირსების და ვახტანგ გორგასლის ორდენებით.