ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცში, ოფიციალურად გაიხსნა რიგით მე-10 ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ”ტიპსპორტის” არენაზე, საზეიმო აღლუმში, ბებერი კონტინენტის ოთხ ათეულზე მეტი ქვეყნის ათლეტებს შორის, ბუნებრივია, ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
ჩვენი გუდნის მედროშე, ზურაბ ბაქრაძე იყო. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მილან სტეჩი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დოქტორი ჟაკ როგი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტულ მხარეს, შეჯიბრის პირველ დღეს, გიგანტურ სლალომში ძალები სამმა ქართველმა მოთხილამურემ – სუსანა გავამ, თამარ ბაქრაძემა და ელენე ჩხეიძემ მოსინჯა.
სამწუხაროდ, სამივე მათგანმა ძალზედ არადამაჯერებლად იასპარეზა. 96 მონაწილეში გავამ – 61-ე (2.05.43), ხოლო ბაქრაძემ 72-ე (2.17.76) ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ჩხეიძეს, იგი პირველი ცდის შემდეგ 87-ე პოზიციაზე იყო, მეორედ დაშვება კი, აღარ განუხორციელებია და შეჯიბრებიდან მოიხსნა.







